მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვეს
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა – მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ პენიტენციური დაწესებულება დატოვეს.
ორივე მათგანმა ბრალი აღიარა. მათ საპროცესო შეთანხმება 28 ოქტომბერს გაუფორმდათ და პირობების მიხედვით, 3 წლითა და 1 თვის ვადით მიესაჯათ თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც რეალური სასჯელის სახით 1 წელი და 1 თვე პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხადეს, ხოლო 2 წელი ჩაეთვლებათ პირობითად.
საპატიმროს დატოვების შემდეგ მან მედიასთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას ახლაც გრძნობს.
მისივე თქმით, კარგია, რომ მასთან ერთად დაკავებულთა უმრავლესობამ ისარგებლა საპროცესო შეთანხმების შესაძლებლობით.
ზოდელავამ ასევე თქვა, რომ არანაირი პოლიტიკური გეგმები არ აქვს.
„[საპროცესო შეთანხმების გაფორმება] მხოლოდ მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება, ყველამ მივიღეთ. მესმის ბევრი შეკითხვაა, მე პასუხისმგებლობა ავიღე კიდეც და სასჯელიც მოვიხადე.
ზოგადად, ბევრი შეკითხვა დაგროვდა. ყველა შეკითხვას პასუხს ვერ გავცემ. ზოგიერთი თემა ხელოვნურადაა. ჩვენს საზოგადოებაში შეთქმულების თეორიების მოყვარულთა რიცხვი ყოველთვის ბევრი იყო, ამიტომ ზოგიერთი შეკითხვაა, რომელსაც პასუხი უბრალოდ არ აქვს.
[4 ოქტომბერს] მოხდა ის, რაც ყველამ ნახა. ყველა შეკითხვას აქ, ციხის კარებთან ვერ ვუპასუხებ. ზოგიერთ შეკითხვას საერთოდ ვერ ვუპასუხებ, იმიტომ, რომ უამრავი შეთქმულების თეორია დახვავდა ერთიმეორეზე, გარემოებების გათვალისწინებით, ზოგიერთი ობიექტური, ზოგიერთი სუბიექტური, ამიტომ რაღაც პერიოდის მერე მომიწევს განმარტებების გაკეთება, შეიძლება სატელევიოზიო ფორმატშიც, მაგრამ ახლა ამ მომენტში ყველა შეკითხვას ნამდვილად ვერ ვუპასუხებ.
თითქმის ყველა სხდომაზე მე მოვუწოდებდი ჩემთან ერთად დაკავებულ სხვა ადამიანებს, რომ ესარგებლათ საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტით, რაც მოხდა კიდეც, საბედნიეროდ.
მე ვთვლი, რომ ახლაც მაქვს პასუხისმგებლობა. არ არის მარტივი, როდესაც შენ რაღაცას მოუწოდებ და ამის შემდეგ ათეულობით ადამიანი ციხეში აღმოჩნდება, ეს მძიმე პასუხისმგებლობაა, რომელსაც ახლაც ვგრძნობ. ამიტომაც მოვუწოდებდი მათ ყოველ ჯერზე, როცა ამის საშუალება მქონდა. ეს იყო ძირითადად, სასამართლო დარბაზში და მიხარია, რომ უმრავლესობა მათგანმა ამ შესაძლებლობით ისარგებლა…
არანაირი პოლიტიკური გეგმები არ მაქვს ბევრი მიზეზის გამო. ციხეში შემისრულდა 50 წელი და ზოგადად რაღაცების გადაფასება ხდება, სხვანაირად ფიქრობ და მე თავს პოლიტიკაში ვერ ვხედავ…
ყველაფერი, რაც მე გავაკეთე, ყველაფერი, რაც მოვიმოქმედე 4 ოქტომბერს იქნებოდა, მანამდე თუ შემდეგ, ჩემი გადმოსახედიდან ჩემი ქვეყნისა და ჩემი სამშობლოსთვის გავაკეთე“, – თქვა ზოდელავამ.
მურთაზ ზოდელავა და ლაშა ბერიძე „4 ოქტომბრის საორგანიზაციო კომიტეტის“ წევრები არიან. მათ 2026 წლის 7 მაისს 7-7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
მურთაზ ზოდელავას ბრალი წარდგენილი ჰქონდა სამი მუხლით: განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად, ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა და მოწოდება სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ.
ლაშა ბერიძეს კი ბრალი ორი მუხლით წარედგინა – განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობა ჩადენილი ჯგუფურად და ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა. .
SAY.GE · ბერიძე (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3
4 ოქტომბრის საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესპალიტრანიუსი · 00:00
მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ საპატიმრო დატოვესფრონტნიუსი · 11:48
4 ოქტომბრის მოვლენების საქმეზე მსჯავრდებულებმა, მურთაზ ზოდელავამ და ლაშა ბერიძემ, საპატიმრო დატოვესნეტგაზეთი · 13:17
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

