ოთხშაბათი, 4 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

იარსებებს თუ არა თქვენი ციფრული ნამუშევრები 20 წლის შემდეგ? | Marketer

ციფრული ფაილები ხშირად მუდმივ და უსაფრთხო ფორმატად მიგვაჩნია, თუმცა, რეალურად, მათი შენახვა და წლების შემდეგ გამოყენება არც ისე მარტივია. ტექნოლოგიების

იარსებებს თუ არა თქვენი ციფრული ნამუშევრები 20 წლის შემდეგ? | Marketer
ფოტო: მარკეტერი

ციფრული ფაილები ხშირად მუდმივ და უსაფრთხო ფორმატად მიგვაჩნია, თუმცა, რეალურად, მათი შენახვა და წლების შემდეგ გამოყენება არც ისე მარტივია. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად იცვლება ფაილების ფორმატები, იხურება პლატფორმები, ზიანდება საცავები და, შესაძლოა, წლების წინ შექმნილ ნამუშევრებზე წვდომაც დავკარგოთ.

ამიტომ საინტერესოა კითხვა: შევძლებთ კი 2046 წელს იმ ციფრული ნამუშევრების გახსნას, რომლებსაც დღეს ვქმნით?

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ინფორმაციის შენახვის საშუალებებს უკავშირდება. სამომხმარებლო მეხსიერების ბარათებსა და SSD-ებში გამოყენებულმა ფლეშმეხსიერებამ, შესაძლოა, მონაცემების დაკარგვა დაიწყოს, თუ მოწყობილობა ერთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში გამოუყენებელი დარჩება. ამის თავიდან ასაცილებლად პერიოდულად საჭიროა საცავის ჩართვა, რათა მისმა პროგრამულმა უზრუნველყოფამ გამართულად იმუშაოს.

პრობლემა მხოლოდ ფიზიკურ მოწყობილობებს არ ეხება. Pew Research Center-ის კვლევის თანახმად, 2013 წელს არსებული ვებგვერდების 38% ათი წლის შემდეგ უკვე აღარ იყო ხელმისაწვდომი. ციფრული პლატფორმებიც არ არის ინფორმაციის შენახვის გარანტია: 2019 წელს MySpace-მა განაცხადა, რომ სერვერების მიგრაციის პროცესში 2003-2015 წლებში ატვირთული ფოტოები, ვიდეოები და მუსიკა დაიკარგა. საუბარი დაახლოებით 50 მილიონ სიმღერაზეა, რომლებიც 14 მილიონმა არტისტმა ატვირთა.

კიდევ ერთი გამოწვევა მოძველებული ფაილის ფორმატებია. მაგალითად, Adobe-მ Flash-ის მხარდაჭერა 2020 წელს შეწყვიტა, რის გამოც ამ ტექნოლოგიით შექმნილი ძველი ნამუშევრების გახსნა და გამოყენება დღეს გაცილებით რთულია. მსგავსი პრობლემა მომავალშიც შეიძლება შეექმნას იმ ფაილებს, რომლებიც თანამედროვე, მაგრამ დროებით ფორმატებსა და პროგრამებზეა დამოკიდებული.

როგორ შევინარჩუნოთ ციფრული ნამუშევრები:

  • გამოიყენეთ 3-2-1 წესი – მნიშვნელოვანი ფაილების სამი ასლი შეინახეთ, ორი სხვადასხვა ტიპის საცავზე, ხოლო ერთი ასლი სხვა ფიზიკურ ადგილას ან ღრუბლოვან სივრცეში განათავსეთ;
  • პერიოდულად ჩართეთ საცავები – რამდენიმე თვეში ერთხელ გააქტიურეთ SSD-ები და მეხსიერების ბარათები, რათა მოწყობილობებმა მონაცემების შენარჩუნებისთვის საჭირო პროცესები შეასრულონ;
  • შეინახეთ ფაილები უნივერსალურ ფორმატებში – საბოლოო ნამუშევრები გადაიტანეთ ისეთ ფორმატებში, როგორიცაა TIFF, PNG, SVG ან PDF/A, რომელთა გახსნა მომავალშიც უფრო მარტივი იქნება;
  • ონლაინპლატფორმები საცავად არ გამოიყენოთ – სოციალური ქსელები და სხვა ციფრული პლატფორმები ნამუშევრების საჩვენებლად გამოდგება, თუმცა მათი ერთადერთი ასლის შესანახად სანდო ადგილი არ არის;
  • დაბეჭდეთ მნიშვნელოვანი ნამუშევრები – ქაღალდზე შენახულ ინფორმაციას ხანგრძლივი ისტორია აქვს და მისი წაკითხვა კონკრეტულ პროგრამულ უზრუნველყოფაზე არ არის დამოკიდებული.

ჯერჯერობით ზუსტად არავინ იცის, სად იქნება თქვენი მედია თუ ტექსტური ფაილები 20 და მეტი წლის შემდეგ, მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ იმ მიზეზებს, რაც ზემოთ აღვწერეთ, თადარიგის დაჭერა და მნიშვნელოვანი ინფორმაციის სწორად შენახვა აქედანვე დაიწყეთ.

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: mariami · გამოქვეყნდა 04.11.2026, 13:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ