„ჯივიპი“ ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის შემავსებელი ქსელის სარეაბილიტაციო
06.11.2026 / 16:45
„ჯივიპი“ ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალურ ქსელზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ასრულებს
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ქალაქ რუსთავში, იაღლუჯის რეზერვუარის შემავსებელი ქსელის სარეაბილიტაციო პროექტში 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სრულად განახლდა 1.5 კმ-მდე სიგრძის ამორტიზებული მაგისტრალი, მოეწყო 11 სახანძრო ჰიდრანტი და დამონტაჟდა 13 ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდული.
კომპანიის ცნობით, მიმდინარე გადაერთებით სამუშაოებს ადგილზე ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძე და კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი თეიმურაზ ლოჩოშვილი გაეცნენ.
„იაღლუჯის რეზერვუარის მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაცია ჯივიპის მიმდინარე წლის ერთ-ერთი მთავარი საინვესტიციო პროექტია, რომლის ფარგლებშიც წყალმომარაგების 1.5 კილომეტრამდე სიგრძის ამორტიზებული მონაკვეთი სრულად განახლდა და თანამედროვე ინფრასტრუქტურით აღიჭურვა. სწორედ ახლა მიმდინარეობს განახლებულ ქსელზე გადაერთებითი სამუშაოები. პროცესის მაქსიმალურად ოპერატიულად წარმართვის მიზნით, ჩვენი ტექნიკური ჯგუფები 8 სხვადასხვა ლოკაციაზე, პარალელურ რეჟიმში მუშაობენ. სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შევასრულებთ, რათა პროცესი უმოკლეს ვადებში დასრულდეს და მოსახლეობას წყალმომარაგება დროულად აღუდგეს”, - განაცხადა GWP-ის საინვესტიციო პროექტების დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსმა თეიმურაზ ლოჩოშვილმა.
„ყველა პროექტი, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებას აუმჯობესებს, ჩვენი მოსახლეობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე იაღლუჯზე მდებარე ერთ-ერთი მთავარი რეზერვუარის შემავსებელი 1.5 კილომეტრიანი წყალმომარაგების ქსელი განახლდა და გაიზარდა მილის დიამეტრიც, რაც რუსთავის სტაბილურ და შეუფერხებელ წყალმომარაგებას მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს,“ - აღნიშნა ქალაქ რუსთავის მერის მოადგილე ბესიკ ტოგონიძემ.
„განახლებული ქსელის ექსპლუატაციაში გასაშვებად, მაგისტრალურ მილზე სამუშაოები 6 ნოემბრის ღამის 03:00 საათიდან აქტიურად მიმდინარეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელსაც აღნიშნული სამუშაოების გამო წყალმომარაგება დროებით შეზღუდული აქვს, წყლის მიწოდება 7 ნოემბრის დილის 07:00 საათიდან სრულად აღუდგება,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.


