საპატრიარქო: კაზინოებისთვის დაწესბულ შეღავათებზე კითხვის დასმაც ვერ მოვასწარით
საპატრიარქომ კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. განცხადება ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. მისი თქმით, კანონის სწრაფი ტემპით მიღებამ კითხვების დასმის დროც კი აღარ დატოვა. „ჩვენთვის იყო მოულოდნელი…
06.11.2026
საპატრიარქომ კაზინოებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღავათები ღიად გააკრიტიკა. განცხადება ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ანდრია ჯაღმაიძემ გააკეთა. მისი თქმით, კანონის სწრაფი ტემპით მიღებამ კითხვების დასმის დროც კი აღარ დატოვა.
„ჩვენთვის იყო მოულოდნელი აზარტულ თამაშებზე ეს ესე სწრაფად მიღებული კანონი. ჩვენ შეკითხვების დასმაც კი ვერ მოვასწარით, ისე სწრაფად განვითარდა მოვლენები და სამი მოსმენით მიიღეს ეს კანონი.
ძალიან ვწუხვართ, რომ ვერ მოვახერხეთ ამაში ღრმად ჩახედვა და გარკვევა. კათოლიკოს პატრიარქი დასავლეთში იმყოფებოდა ამ პერიოდში და ვგეგმავთ აუცილებლად, რომ ამის შესახებ ვისაუბროთ ხელისუფლებასთან და იმედი გვაქვს, რომ სიცხადე აქ უფრო მეტი იქნება.“ განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა რგულაციების აღსრულებასა და ზიანის შემცირების გზებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ადრე რეგულაციების შემუშავებაში მონაწილეობას საპტარიარქოც იღებდა და მაშინ განხილვები 4 წელიწადს გაგრძელდა.
„ჩვენ გვაფიქრებს ის, რომ დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში აზარტული თამაშების კუთხით ისედაც საგანგაშო არის და კარგი იქნება, რომ ჩვენ ხელისუფლებასთან ერთად ვიმსჯელოთ ზიანის შემცირებაზე, რა ზიანი მოაქვს აზარტულ თამაშებს მოსახლეობას, რომელიც საჭირო არის ვიმსჯელოთ, რომ შეიქმნას და დაფინანსდეს შესაბამისი სარეაბილიტაციო დაწესებულებები, რადგანაც ეს არის თამაშდამოკიდებულება და თამაშდამოკიდებულება საჭიროებს ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.
ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები არის იქ, ასაკთან დაკავშირებით და იმ რეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წლის წინ მივიღეთ და აი ისე თქმა მინდა, როდესაც რეგულაციებს ვიღებდით, ზიანის შემცირების მიზნით, ჩვენ მოვანდომეთ ამას დაახლოებით ოთხი წელი. ჩართული იყო საპატრიარქოდან მუშა ჯგუფში წარმომადგენლობით, ხოლო ეს კანონი, რომელიც წინა კვირაში იქნა მიღებული, ორი დღის განმავლობაში იქნა მიღებული, ამიტომ შეკითხვები ძალიან ბევრია.“
პარლამენტმა კაზინოებს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების უფლება დაჩქარებული წესით 28 ოქტომბერს მიანიჭა, სიახლეაის, რომ საერთაშორისო ტურნირის მომწყობს, „სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით, კლუბის მაგიდისათვის დაწესებულ სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის გადახდა აღარ მოუწევს.
კანონს ომბუდსმენის აპარატი, სამოქალაქო ორგანიზაციები, პოლიტიკური პარტიების ნაწილი და თეოლოგები უპირისპირდებოდნენ, თუმცა მათი რეკომენდაციები და პროტესტი დეპუტატებს არ გაუთალისწინებიათ.
ნაციონალური მოძრაობა 6 ნოემბერს ახალი ინიციატივით გამოვიდა, რაც საქართველოს მოქალაქეებისთვის კაზინოში, მათ შორის ონლაინ კაზინოში, თამაშის აკრძალვას გულისხმობს.
SAY.GE · შეღავათები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
