პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ახალი წესები შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის

ადვოკატები • მიგრაცია •

ახალი წესები შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის
ფოტო: ბათუმელები

ავტორი: გიორგი ხიმშიაშვილი — ადვოკატი, იურიდიული კომპანია „მრჩეველის“ (Adviser) მმართველი პარტნიორი.

2026 წლის 01 მარტიდან საქართველოში შრომითი იმიგრანტებისა და თვითდასაქმებული უცხოელებისთვის შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის ახალი წესი ამოქმედდა.

ფაქტობრივად შეიცვალა სახელმწიფოს მიდგომები შრომით იმიგრანტებთან და თვითდასაქმებულებთან მიმართებით. საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული რეგულაციები ადგენს კონკრეტულ კრიტერიუმებს, პროცედურებსა და კვოტებს იმ უცხოელებისთვის, რომლებსაც ქვეყანაში მუდმივი ბინადრობის ნებართვა არ აქვთ. ახალი რეგულაციები ეხება ყველა იმ უცხოელს, რომელსაც არ აქვს მუდმივი ბინადრობის ნებართვა და გრძელვადიან პერსპექტივაში გეგმავს ადგილობრივ დამსაქმებელთან მუშაობას (მათ შორის დისტანციურად) ან დამოუკიდებლად სამეწარმეო/შრომით საქმიანობას ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით.

უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვნად შეიცვალა დასაქმების შესაძლებლობა მომსახურების სფეროში, როგორიც არის ტაქსი, კურიერი და გიდი — სფეროები, სადაც უცხოელებისთვის კვოტა 0-ია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სფეროებში უცხოელების დასაქმება დაუშვებელია, ხოლო ამ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია ჯარიმები, როგორც დამსაქმებლებისთვის, ისე თვითდასაქმებულებისთვის. გამონაკლისია სამთო, ალპური და სათხილამურო გამყოლების სერვისი, სადაც დაწესდა წლიური ლიმიტი — 200 კვოტა.

თუ ადგილობრივ კომპანიას სურს უცხოელის დასაქმება, მან განაცხადი ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოში სპეციალური პორტალის (www.labourmigration.moh.gov.ge) მეშვეობით უნდა წარადგინოს.

მნიშვნელოვანი კომპონენტია კომპანიის წლიური ბრუნვა შრომითი საქმიანობის უფლების მოპოვების მსურველ თითოეულ უცხოელზე არ უნდა იყოს 50 000 ლარზე ნაკლები. გამონაკლისს წარმოადგენს საგანმანათლებლო და სამედიცინო დაწესებულებები და ეს ზღვარი თითოეულ უცხოელზე 35 000 ლარს შეადგენს. აღნიშნული წესი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ დაფუძნებიდან 3 თვეზე ნაკლებია გასული და არ ჰყავთ დასაქმებული 3 უცხოელზე მეტი.

ხოლო იმ შემთხვევაში თუ ადგილობრივ კომპანიას გეგმაში აქვს კალენდარული წლის განმავლობაში 5-ზე მეტი უცხოელის დასაქმება (ან უცხოელთა რაოდენობა სცდება თანამშრომელთა საერთო რაოდენობის 5%-ს), იგი ვალდებულია წინასწარ შეათანხმოს წლიური კვოტა სააგენტოსთან.

ნებართვის მოქმედების ვადა შრომითი საქმიანობის უფლება პირველ ჯერზე გაიცემა 6 თვიდან 1 წლამდე ვადით. პირველი 5 წლის განმავლობაში ვადა თითო წლით ხანგრძლივდება, ხოლო უწყვეტად 5 წლის შევსების შემდეგ — 1-დან 5 წლამდე ვადით. (IT სექტორში მომუშავეთათვის პირველადი ნებართვა გაიცემა 3 წლამდე ვადით).

სტანდარტული წესით (30 კალენდარული დღე) — 200 ლარი;

დაჩქარებული წესით (10 სამუშაო დღე) — 400 ლარი;

უფლების ვადის გაგრძელება — 200 ლარი.

კანონმდებლობა ითვალისწინებს გარდამავალ ვადებს იმ პირებისთვის, რომლებიც უკვე საქმიანობენ ქვეყანაში. კერძოდ, თვითდასაქმებული პირები, რომლებიც 2026 წლის 1 მარტის მდგომარეობით უკვე ეწეოდნენ საქმიანობას საქართველოში, მათთვის სავალდებულო შრომის ნებართვის მექანიზმები 2026 წლის 1 მაისიდან ამოქმედდა. ხოლო იმ შრომითმა იმიგრანტმა, რომელსაც 2026 წლის 1 მარტის მომენტისთვის რეგისტრაციის სტატუსი ჰქონდა აქტიური, არაუგვიანეს 2027 წლის 1 იანვრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უნდა მოიპოვოს შრომითი საქმიანობის უფლება და შესაბამისი ბინადრობის ნებართვა.

————————————————————————————————-

გიორგი ხიმშიაშვილი — ადვოკატი, იურიდიული კომპანია „მრჩეველის“ (Adviser) მმართველი პარტნიორი. იურიდიული კომპანია 2018 წლიდან სერვისს სთავაზობს უცხოურ და ქართულ აუდიტორიას ბიზნესის დაფუძნების, ბინადრობის, საგადასახადო, უძრავი ქონებისა და სასამართლო/საარბიტრაჟო დავების საკითხებში. ვრცელი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.advisergeo.com

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 17:39. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ