ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა.
კორუფციულ დანაშაულში ბრალდებული ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი დაიხურა. ამიერიდან, ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესები დახურულ რეჟიმში წარიმართება. შესაბამისი შუამდგომლობა სასამართლოში ბრალდების მხარემ დააყენა, რაც მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა დააკმაყოფილა.
პროკურორ ანი ლეკიაშვილის შუამდგომლობის მიხედვით, საქმე თავდაცვის სამინისტროსთანაა დაკავშირებული, სხდომაზე კი, მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირები დაიკითხებიან, სადაც შესაძლოა, პროფესიული და სახელმწიფო მნიშვნელობის საიდუმლოებები გაჟღერდეს. ასევე, პროკურორის თქმით, შუამდგომლობის საფუძველი, პირთა პერსონალური ინფორმაციის დაცვაცაა.
აღნიშნულ შუამდგომლობას კატეგორიულად არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა განაცხადა, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმეც თავდაცვის სამინისტროს და საიდუმლო შესყიდვებს ეხებოდა, თუმცა ის არ დახურულა.
ადვოკატის თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებამ სიმართლე გაიგოს, სხდომა არ უნდა დაიხუროს.
ადვოკატების თქმით, “ქვეყნის მოსახლეობა იმსახურებს, იცოდეს, თუ როგორი ბრალი აქვს ირაკლი ღარიბაშვილს და რა მტკიცებულებები აქვთ მის წინააღმდეგ”.
სხდომის დახურვის წინააღმდეგი იყო თავად ირაკლი ღარიბაშვილიც.
“რა თქმა უნდა, ამ შუამდგომლობას ვეწინააღმდეგები. მინდა საზოგადოებამ გაიგოს სიმართლე, რომ ეს არის ცილისწამებაზე აგებული, პოლიტიკურად მოტივირებული საქმე, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ პროცესი საჯაროდ და გამჭვირვალედ ჩატარდეს, რათა მთელმა საზოგადოებამ დაინახოს ამ ბრალდების უსაფუძვლობა, კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ამ შუამდგომლობას და მოგმართავთ თხოვნით, ეს შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდეს”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ცნობისთვის, პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალდება საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, ,,გ“ ქვეპუნქტებითა და მესამე ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ, ჯგუფურად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას და სასჯელის სახით 11-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.ირაკლი ღარიბაშვილი მსჯავრდებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 1 მილიონი ლარი ჯარიმა დაეკისრა.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 3
ყოფილი პრემიერის სასამართლო პროცესი - ირაკლი ღარიბაშვილი დღევანდელ სხდომას დაესწრებაპალიტრანიუსი · 00:00
ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ ახალი საქმის განხილვა სასამართლოში დაიხურანეტგაზეთი · 16:47
ირაკლი ღარიბაშვილის პროცესი დაიხურაპუბლიკა · 16:55
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 
