ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა. ივანიშვილი ამ სიაში პირველად გასულ წელს მოხვდა. RSF-მა 2026 წელს „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში 33…

RSF-მა ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
ფოტო: ნეტგაზეთი

02.11.202602.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საერთაშორისო ორგანიზაციამ „რეპორტიორები საზღვრებს გარეშეს“ (RSF) „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა.

ივანიშვილი ამ სიაში პირველად გასულ წელს მოხვდა.

RSF-მა 2026 წელს „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში 33 ადამიანი შეიყვანა, რომლებმაც 2026 წელს ჟურნალისტები და მედიასაშუალებები მიზანში ამოიღეს. მათ შორის არიან: რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიიფ ერდოღანი და აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

ამ სიას წელს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც შეემატა.

„რა აქვთ მათ საერთო? პრესის თავისუფლების სიძულვილი. მათი იარაღი შესაძლოა განსხვავდებოდეს, მაგრამ მიზნები ერთი და იგივეა: დამოუკიდებელი ხმების ჩახშობა და ინფორმაციის მიღების უფლების ფეხქვეშ გათელვა. პრესის გასაჩუმებლად გამოყენებულ მათ მეთოდებს შორისაა: მკვლელობები, პატიმრობა, პროპაგანდა და ტროლების არმიები. ეს ირონიული საპატიო სია ხაზს უსვამს ჟურნალისტიკის ჩასახშობად გამოყენებული ტაქტიკების მრავალფეროვნებასა და სისასტიკეს“, – აცხადებს „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“.

„პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში RSF ბიძინა ივანიშვილის შესახებ წერს:

„მილიარდერი ოლიგარქი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი და პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების რეალურ ძალად რჩება. მისი ბიზნესიმპერია და გავლენის ქსელი საშუალებას აძლევს, მჭიდრო კონტროლი დაამყაროს ქვეყნის მედიალანდშაფტზე, განსაკუთრებით ისეთი პროსამთავრობო ტელეარხების მეშვეობით, როგორიცაა „იმედი“ და „რუსთავი 2“. მისი გავლენით, ეკონომიკური რესურსები და სახელმწიფო ინსტიტუტები დამოუკიდებელი მედიის ჩახშობის პოლიტიკას ემსახურება: გამოიყენება ფინანსური ზეწოლა, რეპრესიული კანონები, ცენზურა და სამართლებრივი დევნა. დამოუკიდებელი ჟურნალისტები სტიგმატიზებულნი, დაშინებულნი და გაჩუმებულნი არიან“.

„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით 2026 წლის მაჩვენებლებს შორის ასახელებს ბათუმელები/ნეტგაზეთის თანადამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობაში დატოვებას, რომლის საჩივარიც უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

გარდა ამისა, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ საქართველოში პრესის თავისუფლების კუთხით 2026 წლის მაჩვენებლებს შორის ასახელებს:

  • ახალი რეპრესიული კანონების მიღებას, რომლებიც უცხოური დაფინანსების გარკვეული ფორმების კრიმინალიზაციას ახდენს და საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და მათი მხარდამჭერი არასამთავრობო ორგანიზაციების არსებობას;
  • მარეგულირებლის გამოყენებას იმ სატელევიზიო არხების დასასანქცირებლად, რომლებიც ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას უზრუნველყოფენ — კერძოდ, „ფორმულასა“ და „ტვ პირველის“ — მათთვის მთავრობის მიმართ კრიტიკული გარკვეული გამოთქმების გამოყენების აკრძალვამდეც კი.
  • ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმართული სამართლებრივი პროცედურებისა და სანქციების ზრდას, მათ საპარლამენტო აკრედიტაციაზე დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად.
Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნათია ცქიფურიშვილი · გამოქვეყნდა 02.11.2026, 17:56. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ