თინათინ ალაყულაშვილის წარმატების ისტორია - პირველი ადგილი „გრუნის" TOP-სტუდენტებს შორის | Marketer
წარმატებულ მომავალზე ოცნება ჯერ კიდევ ბავშვობაში იწყება, აბიტურიენტობის დროს კი პიკს აღწევს: მეცადინეობა, საგამოცდო სტრესი და შედეგების ლოდინი…ამ ყველაფრის
წარმატებულ მომავალზე ოცნება ჯერ კიდევ ბავშვობაში იწყება, აბიტურიენტობის დროს კი პიკს აღწევს: მეცადინეობა, საგამოცდო სტრესი და შედეგების ლოდინი…ამ ყველაფრის შემდეგ პირველი სიხარული სასურველ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოხვედრაა, თუმცა ნამდვილი წარმატების გემოს მაშინ ვიგებთ, როცა სწავლა გვიფინანსდება. ამ დროს თითქოს უკვე ვხვდებით, რომ შრომა დაგვიფასდა და მიზანთან უფრო ახლოს ვართ.
ასე მოხდა ჩვენი დღევანდელი რესპონდენტის, თინათინ ალაყულაშვილის შემთხვევაშიც, რომელიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის (გრუნის) ფსიქოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელია და სწავლას სრული დაფინანსებით აგრძელებს, რადგან ერთიანი ეროვნული გამოცდების სკალირებული ქულის მიხედვით, „გრუნიმ” TOP-სტუდენტის სტატუსი მიანიჭა და ამ საუკეთესო ათეულში თინათინმა პირველი ადგილი დაიკავა.
გადავწყვიტეთ, თინათინ ალაყულაშვილი უფრო ახლოს გაგვეცნო მკითხველისთვის და მისი წარმატება სამოტივაციო ამბად გვექცია ყველა იმ ახალგაზრდისთვის, ვინც ჯერ კიდევ მომავლის გეგმებს აწყობს.
M: სანამ მთავარ კითხვებზე გადავალთ, მოგვიყევით თქვენ შესახებ: რა მიმართულებით სწავლობთ, როგორ აირჩიეთ პროფესია და თავდაპირველად როგორი წარმოგედგინათ უნივერსიტეტი, რომელსაც საკუთარი კარიერის ფორმირებას მიანდობდით?
ფსიქოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტი ვარ. ამ პროფესიის მიმართ ინტერესი რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა, როდესაც მივხვდი, რომ განსაკუთრებით მაინტერესებდა ადამიანის ფსიქიკასთან დაკავშირებული ფილმები და წიგნები. ამასთან, აღმოვაჩინე, რომ მარტივად შემეძლო ადამიანების მოსმენა და მათი გაგება.
ყველაზე მეტად კი იმან დამაინტერსა, თუ რამხელა გავლენა აქვს ფსიქოლოგიას ადამიანის ცხოვრებაზე და როგორ უკავშირდება მას ჩვენი ქცევები, აზრები და ემოციები. სწორედ ამიტომ გამიჩნდა სურვილი, შემესწავლა ფსიქოლოგია, უკეთ გამეგო ადამიანების ქცევები და მათ დახმარება შემძლებოდა. წლების განმავლობაში ინტერესი კიდევ უფრო გამიღრმავდა და პროფესიის არჩევის დროს უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ ფსიქოლოგია იყო ის მიმართულება, რომლის შესწავლაც მინდოდა.
რაც შეეხება უნივერსიტეტს, თავიდანვე წარმოვიდგენდი ადგილს, სადაც საფუძვლიანი განათლების მიღებასა და საკუთარი თავის განვითარებას შევძლებდი.
M: რომელმა ფაქტორებმა განაპირობა თქვენი არჩევანი, რატომ გადაწყვიტეთ სწავლის გაგრძელება გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში? რა იყო თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შერჩევისას?
უნივერსიტეტის არჩევა მარტივი პროცესი არ ყოფილა. მინდოდა, ისეთი სასწავლებელი შემერჩია, რომელიც ხარისხიანი განათლების მიღებისა და საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალებას მომცემდა.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის შესახებ სოციალური ქსელებიდან შევიტყვე, რის შემდეგაც მოვიძიე ინფორმაცია და ბევრი დადებითი შეფასებაც წავიკითხე. საბოლოოდ, არჩევანი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გათვალისწინებით გავაკეთე.
განსაკუთრებით მომხიბლა უნივერსიტეტში არსებული კლუბებისა და აქტივობების მრავალფეროვნებამ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ აქ ყურადღება არა მხოლოდ თეორიულ ცოდნას, არამედ პრაქტიკულ გამოცდილებასაც ეთმობა. ამასთან, უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე და მეგობრულ გარემოს სთავაზობს. დიდი გავლენა იქონია გაცვლითი პროგრამების არსებობამაც, რადგან ეს ჩემი ერთ-ერთი პრიორიტეტი იყო.
შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი მოლოდინები გამართლდა და დღეს ვთვლი, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე.
M: რა შესაძლებლობებს გთავაზობთ უნივერსიტეტი სამომავლო განვითარებისთვის?
როგორც პირველი კურსის სტუდენტმა, უკვე თავად გამოვცადე, რას ნიშნავს ამ უნივერსიტეტში წარმატების მიღწევა და რამდენად ფასდება შრომა, მონდომება და მიღწეული შედეგები.
ვფიქრობ, უნივერსიტეტი ხელს უწყობს სტუდენტებს წარმატების მიღწევასა და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში. პირადად მე, უკვე პირველ კურსზე მომეცა საშუალება, მიმეღწია მნიშვნელოვანი შედეგისთვის და საბაკალავრო პროგრამაზე სწავლა სრულად დამიფინანსდა. ამან კიდევ უფრო გამიძლიერა მოტივაცია, ახალი მიზნებისკენ გადავდგა ნაბიჯები.
M: გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის TOP-სტუდენტებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდით. როგორი იყო თქვენი პირველი ემოცია ამის გაგებისას და რას ნიშნავს თქვენთვის ეს შედეგი?
TOP-სტუდენტებს შორის პირველი ადგილი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო. ერთდროულად ბევრი ემოცია დამეუფლა: ბედნიერება, დაბნეულობა, აღფრთოვანება, სიამაყე და, რაც მთავარია, უდიდესი მადლიერება. გავიაზრე, რომ აღმოვჩნდი იქ, სადაც ჩემი შრომა და მონდომება დაფასდა.
ამ შესაძლებლობამ ძალიან გამახარა და ჩემი სტუდენტური წლების საუკეთესო დასაწყისად იქცა. ვიგრძენი, რომ სირთულეებს ტყუილად არ ჩაუვლია და ჩემმა ძალისხმევამ საუკეთესო შედეგი გამოიღო.
ეს მიღწევა ჩემთვის უდიდესი მოტივაციაა, მუდმივად ვისწრაფვოდე განვითარებისა და ახალი მიზნებისკენ, კიდევ უფრო მეტი წარმატება მოვიპოვო და არასდროს დავნებდე.
M: როგორ წარმოგიდგენიათ თქვენი სტუდენტური წლები და პროფესიული მომავალი ამ უნივერსიტეტთან ერთად?
ამ უნივერსიტეტში გატარებული სტუდენტური წლები საინტერესო თავგადასავლებითა და ახალი გამოცდილებებით სავსე პერიოდად წარმომიდგენია. მინდა შევიძინო ახალი ცოდნა და უნარები, გავეცნო საინტერესო იდეებსა და ადამიანებს.
იმედი მაქვს, მონაწილეობას მივიღებ გაცვლით პროგრამებში, ჩავერთვები სხვადასხვა აქტივობაში და უნივერსიტეტის კლუბების წევრიც გავხდები. ვფიქრობ, ეს იქნება პერიოდი, როდესაც ცოდნას გავიღრმავებ და საკუთარ თავსაც უკეთ აღმოვაჩენ.
პროფესიულ მომავალს მუდმივ განვითარებას, ახალ შესაძლებლობებსა და გამოცდილებას ვუკავშირებ. მჯერა, რომ უნივერსიტეტში მიღებული ცოდნა და პროფესიონალების მხარდაჭერა პროფესიულ საქმიანობაში წარმატებების მიღწევაში დამეხმარება.
M: რას ეტყოდით აბიტურიენტებს, რომლებსაც დიდი მიზნები აქვთ, თუმცა ზოგჯერ ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში? თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად?
აბიტურიენტებს, რომლებსაც დიდი მიზნები აქვთ, თუმცა ზოგჯერ საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, ვეტყოდი, რომ შეუძლებელი არაფერია. ბუნებრივია, ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლას შფოთვა და სირთულეები ახლავს, თუმცა ამ ემოციებს არ უნდა მივცეთ საშუალება, მოტივაცია და საკუთარი თავის რწმენა დაგვაკარგვინოს.
ჩემი გამოცდილებით, მიზნის მისაღწევად ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი, თუმცა გამოვყოფდი სისტემატურ შრომასა და საკუთარი თავის რწმენას. სწორედ ეს ორი რამ ეხმარება ადამიანს სირთულეების გადალახვასა და საუკეთესო შედეგის მიღწევაში.
აბიტურიენტებს წარმატებას ვუსურვებ და ვეტყვი, რომ არასდროს შეწყვიტონ დასახული მიზნებისკენ სწრაფვა, მუდამ სჯეროდეთ საკუთარი თავის!
[R]
