პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ქართველი სტუდენტი სერბი თანატოლების ბრძოლაზე - Batumelebi

პარტია „ქართული ოცნებ“ • პროტესტი • სტუდენტები •

ქართველი სტუდენტი სერბი თანატოლების ბრძოლაზე - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

მაშინ, როცა საქართველოში უწყვეტი პროტესტის მე-700 დღე შეაჯამეს, სერბეთში არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობენ. იმ არჩევნებში, რომელიც ვადაზე ადრე ჩატარების შესაძლებლობაც თითქმის 2-წლიანი ბრძოლის შედეგად მოიპოვეს.

ძალაუფლებაში მყოფი პარტიის წინააღმდეგ პერმანენტული დემონსტრაციები ორივე ქვეყანაში 2024 წლის შემოდგომაზე დაიწყო: საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, რომელსაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი გაყალბებულად მიიჩნევს, ხოლო სერბეთში 1-ელი ნოემბრის შემდეგ, როცა ქალაქ ნოვი-სადში, რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევას 16 ადამიანი ემსხვერპლა.

თითქმის ორი წლის განმავლობაში, ორივე ქვეყანაში, მოქალაქეები მუდმივი პროტესტის, საპასუხო რეპრესიების, დემონსტრაციების და დარბევების პირობებში იბრძოდნენ. სხვადასხვა მიზეზით დაწყებული წინააღმდეგობა, სხვადასხვა მოთხოვნებით გაგრძელდა – საქართველოში პროევროპული საგარეო კურსს შენარჩუნებისა და პოლიტიკური მოტივით დაკავებული ადამიანების გათავისუფლების, ხოლო სერბეთში კორუფციისა აღმოფხვრისა და განათლების დაფინანსების გაზრდის მოტივაციით.

ორი წლის განმავლობაში იცვლებოდა პროტესტის ფორმები, წინააღმდეგობის მუხტი, რეპრესიების მასშტაბი, პროპაგანდის გავლენა, მოქალაქეთა შემართება და ბრძოლის მეთოდები, მაგრამ უცვლელ რჩებოდა მიზანი – მმართველი პარტიის ძალაუფლების სათავეებიდან ჩამოშორება და ქვეყნის დემოკრატიულ რელსებზე დაბრუნება.

ზეიმი „სტუდენტური სიის“ შტაბ-ბინაში არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, EPA (25.10.2026)

სერბეთში ეს ბრძოლა 2026 წლის 25 ოქტომბერს, ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „სტუდენტური სიის“ გამარჯვებით დასრულდა, საქართველოში კი დღემდე გრძელდება.

სერბეთის მაგალითმა საქართველოში კიდევ ერთხელ დააყენა დღის წესრიგში საკითხი, რომელიც ბოლო 2-წლის განმავლობაში აქამდეც არაერთხელ განხილულა – რა როლი აქვთ, ან შეძლება ჰქონდეთ სტუდენტებს საზოგადოებრივ პროცესებში და როგორ შეიძლება ახალგაზრდულმა მოძრაობამ შეცვალოს ქვეყნის ჯერ პოლიტიკური დღის წესრიგი, ბოლოს კი ხელისუფლება.

ამ საკითხზე „ბათუმელები“ ესაუბრა ილიაუნის სტუდენტური მოძრაობის – „დაიცავი ილიაუნის“ წევრს, ამავე უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, ალექსანდრე რიგვავას.

ალექსანდრე, რომელიც წლებია აქტიურადაა ჩართული სამოქალაქო აქტივიზმში, გვიზიარებს თავის დაკვირვებებსა და მოსაზრებებს – რა გამოწვევები აქვს წინააღმდეგობის მოძრაობას საქართველოში, როგორ მიაღწიეს წარმატებას სერბმა სტუდენტებმა და რა შეიძლება ისწავლონ ქართველმა ახალგაზრდებმა სერბი თანატოლების მაგალითზე.

  • ალექსანდრე, სანამ თქვენს შეფასებებს და ანალიზსა გაგვიზიარებთ, დავიწყოთ ემოციით, რომელიც გქონდათ 25 ოქტომბერს – როცა, 12-წლიანი მმართველობის შემდეგ, ალექსანდრ ვუჩიჩმა აღიარა, რომ არჩევნებში „სტუდენტურ სიასთან“ დამარცხდა.

არჩევნების დღეს, დილიდან საღამომდე კომპიუტერთან ვიჯექი, აქტივობას ვაკვირდებოდი და მაგით ვცდილობდი გამომეთვალა, რამდენად შეეძლო ვუჩიჩს გაეყალბებინა არჩევნები. იმიტომ, რომ ჩვენც წინ გვაქვს 2028 წლის არჩევნები და რადგან 2024 წლის არჩევნები გაგვიყალბეს, სერბეთი კარგი მაგალითი შეიძლება ყოფილიყო ჩვენთვის, რამდენად ღირს ავტორიტარულ რეჟიმებში არჩევნებში შესვლა. თვალს ვადევნებდით და ვკითხულობდით ხან X-ზე, ხან ტელეგრამ-არხებზე ინფორმაციას, თუ როგორ მიმდინარეობდა არჩევნები.

მთელი დღე საკმაოდ დაძაბული მდგომარეობა იყო, ქუჩებიც კი იყო გადაკეტილი, იყო გაყალბების მცდელობებიც და შესაბამისად, გვქონდა მოლოდინი, რომ ვუჩიჩი არაფერს დათმობდა. ვფიქრობდი, რომ საქართველოს მსგავსი შედეგი დაიდებოდა. საღამოს, როცა უბნები უკვე იკეტებოდა და 64%-ზე მეტი იყო აქტივობა, მივხვდი – საკმაოდ დიდი შანსი იყო იმისა, რომ ვეღარ გაეყალბებინა. ვფიქრობდი, რომ „სტუდენტური სია“ შევიდოდა პარლამენტში, მაგრამ უმრავლესობას თუ აიღებდნენ, არ მეგონა.

უკვე წუთებს ვითვლიდი, სანამ გამოცხადდებოდა პირველადი შედეგები და ერთგვარი სიურპრიზი მოგვიწყო ვიჩუჩმა – კაპიტულაცია გამოაცხადა. სრული შოკი იყო.

მახსოვს, ფეხბურთს ვუყურებდით, რეალი-ბარსელონა, შუა მატჩი გავთიშე და მთლიანად აღნიშვნაზე გადავედი. თვითონ სერბი სტუდენტებიც არ ელოდნენ, რომ გამოვიდოდა ვუჩიჩი და ასე ღიად გამოაცხადებდა კაპიტულაციას.

ალექსანდრ ვუჩიჩი ბფირინგზე, სადაც დამარცხება აღიარა, EPA (25.10.2026)

  • როდის დაინტერესდი სერბეთში მიმდინარე მოვლენებით, დიდი ხანია აკვირდები სერბი სტუდენტების პოლიტიკურ ბრძოლას?

სერბეთის სტუდენტურ მოძრაობას თავიდანვე ვაკვირდები.

დაახლოებით ერთსა და იმავე დროს დაიწყო ჩვენთან და სერბეთში წინააღმდეგობის პროცესი. ეს იყო 2024 წლის ნოემბერი. ჩვენთან უკვე მიმდინარეობდა არჩევნების გაყალბების შემდგომი აქციები, როცა ნოვი-სადის ტრაგედია მოხდა და დაიწყო ფართომასშტაბიანი აქციები.

დაახლოებით 5 დღეში უკვე სტუდენტები ჩაერთნენ, დაიწყო დარბევები და ჩემი ინტერესიც გაიზარდა. ჩვენთანაც იყო საკმაოდ სერიოზული კონფრონტაცია პოლიციასთან თსუ-ის წინ და უკვე ფართომასშტაბიანი აქციებისთვის ვემზადებოდით. იმიტომ, რომ არჩევნები გაყალბებული იყო და რაღაც პასუხი უნდა გაგვეცა „ქართული ოცნებისთვის“. ამ პერიოდში დაიწყო სერბეთშიც სტუდენტურმა მოძრაობამ ფართომასშტაბიანი აქციები. მეც, იქიდან მოყოლებული, თვალს ვადევნებდი.

არა მარტო მე, ზოგადად, ქართული საპროტესტო მოძრაობა. თუ გახსოვთ, სერბებმა რომ მაგისტრალი გადაკეტეს, მაშინ ჩვენთანაც აქტუალური გახდა მაგისტრალის გადაკეტვა და ვცადეთ კიდეც, „თბილისის მოლის“ წინ აქცია მოგვეწყო. თუმცა, მაგისტრალი ვერ გადავკეტეთ, ამის საშუალება არ მოგვცეს. იმის თქმა მინდა, რომ არა მარტო ჩემთვის, არამედ ზოგადად, აქციებში ჩართული მოქალაქეებისთვის თავიდანვე საინტერესო იყო სერბეთი. მართლა ძალიან სერიოზული მობილიზაცია ჰქონდათ სტუდენტებს და საინტერესო გზებს მიმართავდნენ.

როცა ამ სტუდენტურმა მოძრაობამ სტუდენტური სია ჩამოაყალიბა და განაცხადა, რომ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, კიდევ უფრო საინტერესო გახდა ჩემთვის. ამ მომენტისთვის უკვე განათლების რეფორმა იყო დაწყებული ჩვენთან და ვფიქრობდით ახალი სტუდენტური მოძრაობის შექმნაზე. შესაბამისად, ორმაგი ინტერესი გამიჩნდა სერბეთის სტუდენტური მოძრაობის მიმართ, მათი სტრუქტურის, ქმედებების, თვითორგანიზების მიმართ.

თავიდან, რა თქმა უნდა, უბრალოდ სოლიდარობის და ინტერესის საკითხი იყო – ისინიც აპროტესტებენ, ჩვენც ვაპროტესტებთ. რაღაც მომენტის მერე აღმოვაჩინე, რომ ჩვენთან ისე არ მიდის საქმეები, როგორც ჩვენ გვინდა, სერბები კი გაცილებით უკეთესად ართმევენ თავს. აღმოვაჩინე, რომ უკეთესი თვითორგანიზების ფორმა აქვთ და ძალიან საინტერესოა მიდგომა თვითონ პროტესტის მიმართ:

თუ ჩვენ უფრო გეოპოლიტიკური ჭრილში ვუყურებდით საკითხს და აქცენტი გვქონდა საგარეო ზეწოლაზე, შესაბამისად, უფრო სხვანაირი პროტესტის ფორმებს მივმართეთ, სერბებმა სრულიად საპირისპირო გააკეთეს [რეგიონებში დადიოდნენ და შიდა პოლიტიკაზე აქცენტირებდნენ – ავტ.]. როცა დავინახე, რომ იმათ უფრო გამოსდით, უფრო წარმატებული მოძრაობა აქვთ, მერე უკვე უფრო მკვლევრის თვალითაც ვაკვირდებოდი და ვცდილობდი, რომ ჩვენთვის სასარგებლო მომენტები დამეჭირა და გამომეყენებინა.

თუმცა, ნამდვილად არ ყოფილა მარტივი საქმე, რადგან სერბეთის სტუდენტური მოძრაობა საკმაოდ ჩაკეტილი მოძრაობაა და ძალიან რთულია მათთან პირადი კონტაქტები დაამყარო.

სტუდენტური მოძრაობის ორგანიზებული აქცია ბელგრადში, ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით, EPA (23.05.2026)

  • თუ გქონდათ მცდელობა, რომ დაჰკავშირებოდით, გაგეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება, ხედვა ან უბრალოდ გაგეცნოთ ერთმანეთი?

პირდაპირ სტუდენტურ მოძრაობასთან კომუნიკაცია არ გვქონია. მცდელობა, რა თქმა უნდა, იყო და არა მარტო ჩემი მხრიდან. ვიცი, რომ ბევრი ცდილობდა კონტაქტზე გასულიყო, მაგრამ სულ ირიბი გზებით. საკმაოდ ჩაკეტილები იყვნენ. მათი პოლიტიკა ასეთი იყო, რომ ჩვენს საკითხებს მარტო ჩვენ ვწყვეტთ და არანაირი კავშირი, კონტაქტები არ გვინდა უცხოელებთან.

და არა მარტო უცხოელებთან – როგორც შემდგომში უკვე გავარკვიეთ, თვითონ ქვეყნის შიგნითაც, სხვადასხვა ჯგუფებთან, სხვა მოძრაობებთანაც კომუნიკაცია თითქმის არ ჰქონიათ. შესაბამისად, ინტენსიური კომუნიკაციის არხი ვერ გავჭერით.

ეს იყო მათი სტრატეგიის ნაწილი. პლენუმებზე, ანუ მაგათ კრებებზე ამ მიდგომას უყარეს კენჭი. დროთა განმავლობაში, რა თქმა უნდა, მათი სტრატეგიაც იცვლებოდა. მაგალითად, თავიდან მედიასაც კი არ ეკონტაქტებოდნენ და შემდგომ უკვე პირიქით, გაიხსნეს. ქვეყნის გარეთაც ჰქონდათ აქტივობები, მაგალითად, ველოსიპედით ჩავიდნენ ბრიუსელში და ა.შ. მაგრამ, ეგ იყო დამატებითი აქტივობები. ძირითადი საყრდენი იყო თავად სტუდენტური მოძრაობა.

  • რა იყო თქვენთვის ყველაზე საინტერესო, რაც სერბულმა სტუდენტურმა მოძრაობამ გააკეთა, რა დაგამახსოვრდა ყველაზე მეტად?

ყველაზე მოულოდნელი და ყველაზე უნიკალური, რაც სტუდენტურმა მოძრაობამ გააკეთა სერბეთში, რა თქმა უნდა, არის „სტუდენტური სია“. 250 საჯარო მოღვაწე – მეცნიერი, პროფესორები, ლექტორები, სპორტსმენები გააერთიანეს ერთ სიაში და ჩამოაყალიბეს პოლიტიკური პარტია, რომელიც არ პოზიციონირებდა, როგორც პოლიტიკური პარტია. ეს იყო სტუდენტური ინიციატივა, რომელიც პარლამენტში უნდა შესულიყო. ეს ცოტა შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის.

წარმოიდგინეთ, სტუდენტური მოძრაობა აპირებს შევიდეს პარლამენტში ისე, რომ თვითონ არ იღებს მონაწილეობას არჩევნებში, არამედ გთავაზობს ჯგუფს და ატარებს მთლიან კამპანიას, ეს ჯგუფი აირჩიოს საზოგადოებამ. თუ არ ვცდები, დაახლოებით ნახევარი წელი მუშაობდნენ ამაზე, მაგრამ სია გამოქვეყნდა მხოლოდ მაშინ, როცა ჩაინიშნა არჩევნების თარიღი.

ხელმოწერებით სავსე ყუთები მიაქვთ საარჩევნო კომისიაში „სტუდენტური სიის“დასარეგისტრირებლად, EPA (14.09.2026)

ჩემთვის შთამბეჭდავია თვითონ პროცესი – როგორ იქმნებოდა ეს სია: ჯერ უნივერსიტეტები ირჩევდნენ სიის თავიანთ წევრებს, მერე პლენუმი ირჩევდა, ვინ უნდა დარჩენილიყო სიაში. ყველა წევრის წარსულს იკვლევდნენ, მათთან კომუნიკაცია და დარწმუნება, რომ სიაში ყოფილიყვნენ, ცალკე ამბავია. ეს ყველაფერი არის წარმოუდგენელი ბიუროკრატია. წარმოუდგენელი შრომა ჩადეს სტუდენტებმა ამ ყველაფერში.

თავიდან უფრო ინტერესით ვუყურებდი, ვიდრე იმედით. იმიტომ, რომ ფაქტობრივად მთელ ოპოზიციურ სპექტრზე უარი თქვეს და არჩევნებზე დააყენეს ხალხი, რომელთაც იქამდე პოლიტიკასთან პირდაპირი შეხება არ ჰქონიათ. ისინი, რა თქმა უნდა, კარგი მოქალაქეები იყვნენ, მაგრამ წინასაარჩევნოდ გამოუცდელი პოლიტიკოსების სია რამდენად ეფექტიანი იქნებოდა, არავინ იცოდა. ამ კუთხით, ძალიან საინტერესო იყო.

  • 2-წლიანი დაკვირვებისა და პირადი გამოცდილების გათვალისწინებით, თქვენი აზრით, რა მსგავსება და რა განსხვავებაა სერბულ და ქართულ სტუდენტურ მოძრაობებს შორის?

მასიური მობილიზება, როგორც ჩვენ გვქონდა თავიდან, ანალოგიურად ჰქონდათ სერბებსაც: როდესაც ჩვენ ევროპის მოედანი გავავსეთ 2024 წლის გაზაფხულზე დაახლოებით 200-300 ათასი ადამიანით, მათ სლავიას მოედანი გაავსეს ბელგრადში.

მთავარი განსხვავება არის ორგანიზების ფორმა. ჩვენ, სამწუხაროდ, ჩავიკეტეთ, სერბული მოძრაობა კი გაფართოვდა. ჩვენ ვერ მოვახერხეთ, რუსთაველის გამზირს გავმცდარიყავით, ჩავსულიყავით რეგიონებში, სხვადასხვა ქალაქში გაგვეშალა პროტესტი და რაც შეიძლება მეტი ხალხი ჩაგვერთო და რაც მთავარია, დაგვეტოვებინა პროტესტში. სერბეთის სტუდენტური მოძრაობა მაქსიმალურად ცდილობდა, რომ სხვადასხვა ქალაქში ყოფილიყო პროტესტი, მაქსიმალურად მეტი ხალხი ჩაერთოთ და მეტ ხალხში გამოეწვიათ ინტერესი, რომ პროტესტში დარჩენილიყვნენ.

ჩვენს შემთხვევაში, სამწუხაროდ, სტუდენტური მოძრაობა, როგორც ერთიანი სხეული, პროტესტში არ გამოჩნდა. იყვნენ სტუდენტები, რომლებიც საკმაოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ, მაგრამ მათ ვერ მოახერხეს პროტესტის სტრუქტურიზება. სერბეთში უნივერსიტეტის მოძრაობა ჩამოყალიბდა როგორც ბიუროკრატიული სისტემა, სტრუქტურა. ჩვენთან ეგ ვერ მოხერხდა, ვერ გავერთიანდით. შესაბამისად, დროთა განმავლობაში, უფრო დავპატარავდით, როგორც მოძრაობა. სერბეთი კი გაიზარდა და გაიზარდა.

აი, ეს არის მთავარი განსხვავება.

1. საქართველო (2024 წლის მარტი) 2. სერბეთი (2025 წლის მარტი)

  • თქვენი აზრით, რატომ ვერ მოხერხდა მსგავსი ტიპის ორგანიზება საქართველოში?

ამაზე ამომწურავი პასუხის გაცემა რთულია. ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო ის, თუ რამდენად თავისუფალია სერბული უნივერსიტეტები. მაგალითად, სერბეთის უნივერსიტეტში პოლიციას შესვლის უფლება არა აქვს, რომ სტუდენტები დააკავოს. ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბატონმა შარვაშიძემ პოლიცია არ შეუშვას. მით უმეტეს, რომ გვაქვს უკვე გამოცდილება, თუ როგორ გამოიყენა პოლიციამ უნივერსიტეტის ეზო.

სტუდენტები ფაკულტეტების მიხედვით ერთიანდებოდნენ. მაგალითად, ბელგრადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტები და ნოვი-სადის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტები ერთად ორგანიზდებოდნენ, კომუნიკაცია ჰქონდათ. ჩვენს უნივერსიტეტებში, სტუდენტებს, სამწუხაროდ, კავშირები არ გვაქვს. არ ვართ დიდი, ორგანიზებული საზოგადოება. გარდა ამისა, საგულისხმოა იმ სტუდენტების რაოდენობაც, რომლებიც პოლიტიკურ პროცესებში არიან ჩართულები.

ბევრი ასეთი პატარა დეტალია, რომელმაც, ალბათ, განაპირობა სერბული მოძრაობის წარმატება. იმავენაირად, ჩვენთანაც ბევრი პატარა დეტალია, რაც, ჯერჯერობით, ჩვენ წარუმატებლობას განაპირობებს.

ერთ-ერთი მაგალითად იყო ის, რომ თუ სერბეთში სტუდენტებმა ოპოზიციური სპექტრი თავიდანვე უარყვეს და თქვეს, რომ თქვენ ხალხი არ გენდობათ და ამიტომ, აღარ არის უკვე თქვენი დრო, გვაცალეთ ჩვენ მუშაობაო. ჩვენ შემთხვევაში პირიქით იყო. არჩევნები რომ გაყალბდა და აქციები დაიწყო, პირიქით, ჩვენ მოვითხოვეთ, რომ პოლიტიკოსებს რამე გაეკეთებინათ და უმაქნისად არ მსხდაიყვნენ.

სრულიად განსხვავებული სცენარებით წარიმართებოდა პროტესტი ჩვენთან და სერბეთში. მსგავსი პატარა განსხვავებები, ალბათ, საბოლოო ჯამში, სერიოზულ გავლენას ახდენს პროტესტზე.

სერბი სტუდენტები პატივს მიაგებენ ნოვი-სადის რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულებს, EPA (01.11.2025)

  • საქართველოში ხშირად ვსაუბრობთ ლიდერის საჭიროებაზე. მოქალაქეთა ნაწილი წუხს, რომ არ არსებობს ლიდერი, ვინც პროტესტის სათავეში ჩადგება, ვისაც ხალხი ენდობა. ამ დროს, სერბეთში გაიმარჯვა ჰორიზონტალური მმართველობის მქონე სტუდენტურმა მოძრაობამ, რომელმაც ყველა არსებული პოლიტიკური ლიდერი გვერდზე გაწია. თქვენი შეფასებით, რომელი მიდგომა არის უფრო ეფექტიანი?

ლიდერს სერბეთშიც ელოდნენ. ამ კუთხით სერბული და ქართული საზოგადოება არ განსხვავდება ერთმანეთისგან. ორივეგან, საზოგადოება იყო ლიდერის მოლოდინში, მაგრამ სერბეთში სტუდენტებმა შეძლეს, ეს სტერეოტიპები დაამსხვრიეს და ულიდერო მოძრაობა წამოიწყეს.

თუმცა, თუ უფრო ფართო მასშტაბით შევხედავთ, წინააღმდეგობის ლიდერი სერბეთში იყო ერთიანი სტუდენტური ჯგუფი. ჩვენთან ესეც ვერ ხერხდება, რომ ერთიანი სტუდენტური მოძრაობა შეიქმნას, რომელიც სათავეში ჩაუდგება პროტესტს. აქ საუბარი არაა მხოლოდ ერთ პიროვნებაზე, საუბარია იმაზე, თუ ვინ ჩაუდგება საპროტესტო მოძრაობას სათავეში.

ამის მიზეზებზე ალბათ ცალკე საუბარია საჭირო: უნგრეთში მოიგო მადიარმა, ჩვენ დავიწყეთ მადიარის ძებნა; სერბეთში მოიგეს სტუდენტებმა, ჩვენ დავიწყეთ სტუდენტებისგან სიის შექმნის მოთხოვნა. ეს, ჩემი აზრით, ძალიან აბსურდულია. ალბათ, დრო გვიჩვენებს, ვინ გვჭირდება ჩვენ – დეცენტრალიზებული მოძრაობა, თუ კონკრეტული ლიდერი.

სტუდენტური მოძრაობის აქცია სერბეთის ქალაქ ნიშში, EPA (01.03.2025)

  • საქართველოში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის განმავლობაში, სტუდენტები და, ზოგადად, ახალგაზრდული მოძრაობები მუდმივად განხილვის საგანია. საზოგადოება ხან აქებს სტუდენტების საქმიანობას და აქტივიზმს, ხან პირიქით – აკრიტიკებს პასიურობის გამო. თქვენ, როგორც სტუდენტი, როგორც როგორ უყურებთ ამას?

საქართველოში სტუდენტების მიმართ არის საკმაოდ დიდი მოლოდინები. ოღონდ, ზოგიერთ მომენტში, უბრალოდ ირაციონალურ მოთხოვნებამდე დაგვყავს – სტუდენტებმა ჩამოაყალიბონ პარტია, სტუდენტებმა იყარონ კენჭი, სტუდენტები შევიდნენ პარლამენტში და ა.შ. უბრალოდ, გვიყვარს პასუხისმგებლობის სხვაზე გადატანა.

თუ ქვეყნის გადარჩენაზეა საუბარი, ყველამ ერთად უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. მაგალითად, ისევ სერბეთზე რომ ვისაუბროთ, მიუხედავად იმისა, რომ პროტესტს სათავეში სტუდენტური მოძრაობა ედგა, მათ უკან იყო უზარმაზარი საზოგადოებრივი ქსელი, რომელიც მათ მხარს უჭერდა, ენდობოდა და წინასაარჩევნო კამპანიის დროს ეხმარებოდა კიდეც.

საარჩევნო შტაბები რეგიონებში მთლიანად ადგილობრივი ქსელების მიერ იყო ჩამოყალიბებული და წინასაარჩევნო ლოჯისტიკა რიგითი მოქალაქეების მიერ იყო უზრუნველყოფილი.

იმის თქმა მინდა, რომ თუ სტუდენტების იმედი გვაქვს, მხარდაჭერა და ნდობაც უნდა გამოვუცხადოთ, უნდა დავეხმაროთ. გარდა ამისა, უნდა გვახსოვდეს, რომ თითოეული მოქალაქის პასუხისმგებლობაა არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, აქციაზე გამოვიდეს თუ სხვა სახით ჩაერთოს პოლიტიკურ პროცესებში.

  • საზოგადოების და მათ შორის ახალგაზრდების ნაწილი, ვინც თავიდან აქტიურად იყო ჩართული პროტესტში, თანდათან ჩამოშორდა ამ პროცესს. გარდა ამისა, ახალგაზრდების ნაწილი საერთოდ გულგრილია პოლიტიკური პროცესების მიმართ. რას ეტყოდით მათ?

იმ სტუდენტებს, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებთ, ვეტყოდი, რომ პოლიტიკას მათი ცხოვრება ძალიან აინტერესებს. შესაბამისად, სანამ დროა, სანამ გვაქვს ამის შესაძლებლობა, ჯობია რომ დაინტერესდნენ პოლიტიკით და უფრო აქტიურად ჩაერთონ თავიანთი ცხოვრების დაგეგმვაში, თავიანთი მომავლის გადაწყვეტაში.

იმ ხალხს, ვინც ჩვენთან ერთად იყო ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ რაღაც მომენტში ჩათვალეს, რომ ამ საქმიდან არაფერი არ გამოვა და გადაწყვიტეს, რომ პირად ცხოვრებას უნდა მიხედონ, ვეტყოდი, რომ მესმის მათი. ძალიან რთულია 700 დღის განმავლობაში ყოველდღე ამ საშინელ რთულ პროცესში იყო ჩართული, მაგრამ ამის საჭიროება არსებობს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ბოლომდე მივიყვანოთ და გავიმარჯვოთ, რადგან დამარცხების შემთხვევაში, კიდევ უფრო რთული დღეები გველის წინ.

პროტესტის და პოლიტიკური ჩართულობის სხვადასხვა ფორმა არსებობს. არ არის აუცილებელი ყოველდღე რუსთაველზე, პარლამენტის წინ იდგე. უბრალოდ, საკუთარი პოზიციის დაფიქსირება, იმ ხალხის მხარდაჭერა, ვინც დღემდე ქუჩაში იბრძვის, ძალიან მნიშვნელოვანია და ესეც საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს პროცესზე.

სტუდენტების მსვლელობა ქალაქი კრაგუევაციდან ახლომდებარე სოფელ ცუმიჩში, EPA (14.02.2025)

  • უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან 700 დღეზე მეტი გავიდა. ამ ხნის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა. თქვენი აზრით, რა არის საქართველოში არსებული წინააღმდეგობის მოძრაობის მთავარი გამოწვევა ახლა?

ჩვენი მთავარი გამოწვევა გაურკვევლობა და იმედგაცრუებაა. აშკარაა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც აქამდე მოვედით, პროტესტმა თავისი თავი ამოწურა. უკვე არ არის ეგ ეფექტური, ხოლო ახალი გზების ძიება გვიჭირს.

არის რაღაც საკითხები, რაზეც ჯერ კიდევ ვერ ჩამოვყალიბდით. მაგალითად, არჩევნებზე უნდა გავიდეთ თუ არა. თუ გავდივართ, მაშინ სხვანაირად უნდა ვიმოქმედოთ დღეიდან. თუ არ გავდივართ, მაშინ რას ვაკეთებთ? პარალელურად, ოპოზიციურ პარტიებს გვიკრძალავენ. ხალხი დაიღალა. რთულია მუდმივი წნეხისა და ამხელა რეპრესიების ფონზე დარჩე პროტესტში და იბრძოლო თავისუფლებისთვის. ჩემთვის ეს გასაგებია, მაგრამ როგორმე უნდა ვიპოვოთ ძალა, რომ გადავლახოთ ეს ბარიერები. რაც მალე ვიზამთ ამას, მით უკეთესია.

  • რა გაკვეთილი შეიძლება ისწავლონ ქართულმა სტუდენტურმა მოძრაობებმა სერბების გამოცდილებიდან, რას გაითვალისწინებთ, რომ თქვენი საქმიანობა იყოს უფრო ეფექტიანი?

უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენივე თავის პატრონები ჩვენ ვართ და ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რა არის ჩვენთვის სწორი და რა არის არასწორი. შეიძლება მაგალითის აღება სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ჩვენ ჩვენი კონტექსტიდან, ჩვენი პრობლემებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე უნდა დავორგანიზდეთ.

სერბებისგან თუ რამის აღება შეიძლება, ეს არის თვითორგანიზების სისტემა და სიჯიუტე, რომელიც ბიუროკრატიულ პროცესებთან შეჭდების დროს გამოიჩინოს, ძალისხმევა ჩადეს და პროცესი გამარჯვებამდე მიიყანეს.

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge ავტორი: თამთა კახაბერიძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:44. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ