საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წელს დამატებით 500 მილიონი დოლარის ოქრო შეიძინა
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა
06.11.2026 / 18:42
საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებში მონეტარული ოქროს წილი იზრდება. პორტფელის ზრდა ივნისსა და ოქტომბერში დამატებით 500 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ოქროს შეძენამ განაპირობა. შედეგად, მიმდინარე წლის ოქტომბრის მდგომარეობით, ეროვნული ბანკის მონეტარული ოქროს ღირებულებამ 1.365 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 16.6%-ია.
ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
„ეროვნულმა ბანკმა მონეტარულ ოქროში ინვესტირება პირველად 2024 წელს დაიწყო. სარეზერვო აქტივების დივერსიფიკაცია და მათი ეფექტიანი მართვა სებ-ის ერთ-ერთი სტრატეგიული პრიორიტეტია. მონეტარულ ოქროში ინვესტირების მიზანი კი საერთაშორისო რეზერვების დივერსიფიკაცია და გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე არსებული მერყეობისგან მათი დაცვაა.
ოქროს პორტფელის ზრდასთან ერთად, ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია საქართველოს მთლიანმა საერთაშორისო რეზერვებმაც. 2026 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, მათი მოცულობა 8.25 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47.2%-ით მეტია. წინა თვესთან შედარებით კი რეზერვები 82.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა.
გაუმჯობესებულია რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელიც. საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მეთოდოლოგიით განსაზღვრული რეზერვების ადეკვატურობის მაჩვენებელი (ARA metric) 130%-ს შეადგენს, რაც საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ განსაზღვრულ 100%-იან საორიენტაციო ზღვარს აღემატება.
საქართველოს ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტიან მართვასა და დივერსიფიკაციას ითვალისწინებს. ხელსაყრელი საბაზრო პირობების არსებობის შემთხვევაში, სებ-ი სავალუტო რეზერვებს ავსებს. 2026 წლის იანვარ-სექტემბერში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა ჯამურად 3,370.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.
საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო რეზერვების განახლებულ მონაცემებს 2026 წლის 7 დეკემბერს გამოაქვეყნებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

