პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ივანიშვილი ფრთხილი კაცია... ოპოზიცია კი ჩამოიშორა, მაგრამ ის 800 ათასი ადამიანი არსად წასულა“ - ინტერვიუ - Batumelebi

აშშ • ბიძინა ივანიშვილი • ევროპა • ოპოზიცია • პარტია

„ივანიშვილი ფრთხილი კაცია... ოპოზიცია კი ჩამოიშორა, მაგრამ ის 800 ათასი ადამიანი არსად წასულა“ - ინტერვიუ - Batumelebi
ფოტო: ბათუმელები

„ივანიშვილი ფრთხილი კაცია. მას ძალიან კარგად ესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტები კი ჩამოიშორა, მაგრამ ის 800 000 ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი არსად წასულან. იცის, რომ ეს ხალხი დაიწყებს სხვა ლიდერების ძებნას, სხვა პოლიტიკური ძალების ძებნას,“ – ამბობს პოლიტოლოგი კახა გოგოლაშვილი, მასთან საუბარი ახმეტელ ექიმისთვის საარჩევნო უფლების აკრძალვით დავიწყეთ: ექიმის მიმართ საზოგადოების აქტიური მხარდაჭერა თვალსაჩინო იყო, მას პროკურატურამ, მაგალითად, საექიმო საქმიანობა კი არა, პოლიტიკაში მოსვლა აუკრძალა. 

იმისთვის, რომ რისკები დააზღვიოს, კახა გოგოლაშვილის აზრით, ივანიშვილი შესაძლოა რიგგარეშე არჩევნებსაც დათანხმდეს:

„ივანიშვილს ევროსაბჭოდან გარიცხვა აშინებს, რადგან აქ 80 %  ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და ამან შესაძლოა მისი მომხრეებიც გაააქტიუროს: ალბათ მართლაც რაღაც ხდება, როგორც ჩანს, მართლაც ბელარუსი ვხდებით, რომელიც ასევე ევროსაბჭოდან გარიცხეს, უვიზოსაც გაგვიუქმებენ და რაღა რჩება?

ივანიშვილმა იცის, რომ თუ პარტიების დაბრუნება მოუწევს, ისინი დაუბრუნდებიან უკვე გაორმაგებული ძალით. შესაბამისად, ოპოზიციის პოპულარობა გაიზრდება. ამიტომაც, მანამდე უნდა მოასწროს არჩევნები.

ამერიკაშიც ეს შედეგი დემოკრატების გამარჯვება კი არ არის იმდენად, რამდენადაც ანტიტრამპული მოძრაობის გამარჯვებაა. ხალხი დაირაზმა არა მარტო იმიტომ, რომ ახლა ყველას „დემოკრატიული პარტია“ მოსწონს, არამედ მიხვდნენ, რომ როგორმე ტრამპს და ტრამპისტებს უნდა წაართვან შესაძლებლობა, ერთპიროვნულად მართონ ამხელა ქვეყანა.

მგონი, ეს ტენდენცია გაჩნდა უკვე მსოფლიოში. ჩემი აზრით, საქართველოშიც შესაძლებელია ამის გაკეთება,“ – გვიყვება კახა გოგოლაშვილი.  

როგორ არის შესაძლებელი საქართველოშიც მოხდეს იგივე, რაც მოხდა შტატებში, სერბეთში, ან უნგრეთში? – „ბათუმელებმა“ პოლიტიკის ანალიტიკოსთან, კახა გოგოლაშვილთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ბატონო კახა, თქვენთვის რას აჩვენებს ის ამბავი, რომ ახმეტელ ექიმს 5 წლით ჩამოართვეს არჩევნებში კანდიდატად დასახელების უფლება. კანონი ამის საშუალებას იძლევა, მაგრამ პროკურატურას შეეძლო, მაგალითად, ექიმისთვის საექიმო საქმიანობის უფლება ჩამოერთვა კონკრეტული ვადით და არ შეეზღუდა პოლიტიკურად… უშვებთ, რომ ოპოზიციის გაუქმების და უსამართლო საარჩევნო გარემოს მიუხედავად, ივანიშვილი მაინც თავს იზღვევს, რადგან დაინახა სოლიდარობის ძალა?  

რა თქმა უნდა, პოლიტიკური მოტივაცია არის ამის უკან. ამ ეტაპზე არც კი ჩანდა ის, რომ ეს ადამიანი პოლიტიკურად აქტიურია და რაღაც ლიდერობა შეიძლება გასწიოს. როგორც ჩანს, ამ მიდგომას გამოიყენებენ უფრო ხშირად.

ივანიშვილი ფრთხილი კაცია. მას ძალიან კარგად ესმის, რომ პოლიტიკური ოპონენტები კი ჩამოიშორა, მაგრამ ის 800 000 ადამიანი, რომელმაც მხარი დაუჭირა ოპოზიციურ პარტიებს, ისინი არსად წასულან. იცის, რომ ეს ხალხი დაიწყებს სხვა ლიდერების ძებნას, სხვა პოლიტიკური ძალების ძებნას. 

ამიტომაც შემოაქვთ სხვადასხვა დრაკონული ცვლილება საარჩევნო კანონმდებლობაში – რაც შეიძლება მეტი ადამიანის ჩახსნა უნდა მოხერხდეს პოლიტიკური სარბიელიდან. ივანიშვილს ესმის, რომ წინააღმდეგობა იქნება ხალხის მხრიდან. ამიტომაც, მაქსიმალურად უნდა შეამციროს მათი შანსები. 

როგორც ჩანს, კანონის ამ ნაწილს აქტიურად გამოიყენებენ 2028 წლის არჩევნებზე, ან მანამდეც, თუ არჩევნები გაიმართება.

  • ფიქრობთ, რომ ივანიშვილს არჩევნების გამართვა 2028 წლამდე აწყობს? 

დაზუსტებით ვერ ვიტყვი, მაგრამ ეს ყველაფერი დინამიკაზეა დამოკიდებული. აი, ახლა აკრძალავს, მაგალითად, ამ ხუთ პარტიას. ეს ნიშნავს იმას, რომ გაიზრდება ევროსაბჭოს მხრიდან ზეწოლა, ასევე უკვე აშშ-დან. ამავდროულად, რუსეთი ამ პერიოდში კიდევ უფრო დასუსტდება. შესაბამისად, ივანიშვილს ისეთი მძლავრი პოზიციები აღარ ექნება, როგორც ახლა აქვს.

ჩემი აზრით, ივანიშვილს მოუწევს პარტიების აკრძალვის უკან წაღება.

კახა გოგოლაშვილი

აქ დროის მოგების საკითხია. თუ ევროსასამართლო საქართველოში პარტიების აკრძალვის საქმეზე გადაწყვეტილებას მიიღებს და შეაჩერებს პარტიების აკრძალვას, ივანიშვილი ეტყვის: რადგან ასეთი გადაწყვეტილება მიიღეთ, შევცვლით გადაწყვეტილებას, მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ასე მარტივად ვერ შეცვლი, შესაბამისი ცვლილებები იქნება საჭირო კანონმდებლობაში, ამიტომაც, დრო დაგვჭირდებაო. ამასობაში, ივანიშვილი ჩაატარებს რიგგარეშე არჩევნებს, სადაც მიიღებს საკონსტიტუციო უმრავლესობას. 

ივანიშვილმა იცის, რომ თუ პარტიების დაბრუნება მოუწევს, ისინი დაბრუნდებიან უკვე გაორმაგებული ძალით. შესაბამისად, ოპოზიციის პოპულარობა გაიზრდება. ამიტომაც, მანამდე უნდა მოასწროს არჩევნები.

  • მაგრამ ეს ხომ კიდევ უფრო გამოააშკარავებს ხელისუფლების უზურპაციის სურვილს, რამაც შესაძლოა გაააქტიუროს ზეწოლა ევროკავშირიდან?  

ევროპული ზეწოლა რა შეიძლება იყოს? რისკია ძირითადად ევროსაბჭოდან საქართველოს გარიცხვა, მაგრამ ეს ვერ მოხერხდება, ვიდრე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლო არ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. ამ გადაწყვეტილების მიღებას კი, დაახლოებით ერთი-ორი წელი დასჭირდება. დანარჩენი ყველა სახის სანქცია დააკისრეს, მაგალითად, რუსეთს, მაგრამ არაფერი, ხომ?

ჩემი აზრით, ივანიშვილს ევროსაბჭოდან გარიცხვა მაინც აშინებს, რადგან აქ 80 % ევროინტეგრაციას უჭერს მხარს და ამან შესაძლოა მისი მომხრეებიც გაააქტიუროს: ალბათ მართლაც რაღაც ხდება, როგორც ჩანს, მართლაც ბელარუსი ვხდებით, რომელიც ასევე ევროსაბჭოდან გარიცხეს. უვიზოსაც გაგვიუქმებენ და რაღა რჩება?

  • მაგრამ ამის პასუხი არ გამოჩნდა ბრიუსელში, სადაც კობახიძემ პრაქტიკულად თქვა ის, რომ საქართველო არ აპირებს ევროკავშირში გაწევრიანებას? 

ძნელია იმის თქმა, თუ რა გამოვიდა კობახიძის ნალაპარაკევიდან – აბსოლუტურად წინააღმდეგობრივი იყო ის, რაც თქვა და ჟურნალისტმა კარგად აჩვენა ეს წინააღმდეგობა. კობახიძემ თქვა, რომ ვაპირებთ გაწევრიანებას და ეს მიზანი სტრატეგიულია, მაგრამ არ მოგვწონს ევროპული ბიუროკრატია, დღევანდელი მთავრობები ევროპაშიო, ეს ყველაფერი შეიცვლება და მერე გავწევრიანდებითო.

რეალურად ეს ითარგმნება ისე, რომ გაწევრიანება არასდროს არ მოხდება – კობახიძის და ივანიშვილის მოსაწონი მთავრობა ევროპაში არასდროს იქნება. ესე იგი, საქართველო არასდროს არ გაწევრიანდება. რეალურად კი, მისი პასუხი ამას ნიშნავს, მაგრამ თქვა სხვა რაღაც. 

თავისთავად კობახიძეს არ უნდა ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ „ოცნების“ პრობლემა ისაა, რომ მოსახლეობის 80 %-ს ეს უნდა. ამიტომაც, ეს ის „ნაღმია“, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს აფეთქდეს. შესაბამისად, ამ საკითხს ფრთხილად ექცევა ივანიშვილი. არ გამოვრიცხავ, მან პარტიები გააუქმოს და მერე თქვას, ვატარებთ ახალ არჩევნებსო. ვიდრე მოხერხდება ახალი პარტიების ჩამოყალიბება და სხვა გამოსავალს მოიძებნება, ჩაატარებს ახალ არჩევნებს.

თუ ისეთი რამ მოხდება, რაც სერბეთში მოხდა – „სტუდენტური სია“ და ასე შემდეგ, იმას რეგისტრაციაში არ გაატარებს და ამით მოაგვარებს პრობლემას.

  • ამ მოცემულობაში რა სტრატეგია იქნებოდა სწორი, თქვენი აზრით? 

აუცილებელია, ჩემი აზრით, ბრძოლა ბოლომდე. პარტიების აკრძალვის შემდეგ პარტიებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სტრასბურგის სასამართლოს, რომ ამოქმედდეს დროებითი ღონისძიება – შეჩერდეს პარტიების აკრძალვის შესახებ გადაწყვეტილება. სტრასბურგის გადაწყვეტილებას შეასრულებს თუ არა ივანიშვილი, არ ვიცით, მაგრამ მანამდე იცვლება გარემო იგივე უკრაინის გამო. ჩვენ ფართო სურათი უნდა დავინახოთ, მაგალითად, აშშ-ში რა ხდება.

ვნახოთ, რამდენად აქტიური გახდება ამერიკული პოლიტიკა ევროპასა და, მათ შორის, ჩვენს რეგიონში.

აქ სხვა პრობლემაც არის: საქართველოში პოლიტიკური პარტიები დასუსტდნენ, მათ შორის, იმითაც, რომ ადგილობრივ არჩევნებში არ მიიღეს მონაწილეობა, არ აქვთ დაფინანსება და არ ჰყავთ წარმომადგენლები რეგიონებში. გარდა ამისა, პარტიებს აღარ აქვთ ის რეიტინგი, რაც ჰქონდათ 2024 წელს, ან 2025 წელს. მთავარი ფაქტორია მოსახლეობის აპათია. მოსახლეობას აღარ სჯერა, რომ რაიმეს მიღწევა შესაძლებელია პოლიტიკური გზით.

პარტიებმა უარი თქვეს მანდატებზეც. ეს იყო ბოიკოტი, გასაგებია, მაგრამ გრძელვადიანად იმუშავა საწინააღმდეგოდ.

ჩემი აზრით, სწორი იქნება, რომ ის ძალები, რომლებიც არსებობენ საქართველოში, მართლა მიმართონ სერბეთის მაგალითს და მიმდინარე პროცესის პარალელურად შექმნიან დიდ პოლიტიკურ გაერთიანება. ეს უნდა იყვნენ ის ძალები, რომლებიც წინააღმდეგობის ძირითად ბირთვს წარმოადგენენ. აუცილებელია მოძრაობის შექმნა, სადაც სულ არ არის აუცილებელი, რომ ეს პარტიები გაერთიანდნენ. ამ პარტიებს ერთმანეთთან დაპირისპირებული შეხედულებები აქვთ და ვერ ახერხებენ გაერთიანებას.

ქუჩის პროტესტი უნდა შევიდეს საერთო მოძრაობაში, როგორც პოლიტიკური ძალა. რა თქმა უნდა, სტუდენტები, ადამიანები, რომლებსაც სარგებლის მიღების ინტერესი არ ამოძრავებთ, ჩანს, რომ პატრიოტული მოტივია წამყვანი და მოძრაობა ხალხზეა ორიენტირებული. თუ ასეთი მოძრაობა გააქტიურდება და შემდეგ დარეგისტრირდება საარჩევნო სუბიექტად, უკვე სხვა რეალობა შეიქმნება პოლიტიკურად.  

ოპოზიციურ პარტიებს ჰყავს ამომრჩეველი, მაგრამ მთლიანობაში ეს არ არის საკმარისი – უნდა მოხერხდეს იმ ამომრჩევლის გააქტიურება, რომელიც არცერთ პარტიას ამ ეტაპზე არ უჭერს მხარს. უნდა მოხდეს იმ ადამიანების მობილიზება, რომლებიც მართლაც ენთუზიაზმით მოქმედებდნენ და შემდეგ გაუჩნდათ აპათია: ზოგი საზღვარგარეთ წავიდა, ზოგიერთმა რწმენა დაკარგა…

მხოლოდ ეს ხუთი პოლიტიკური ძალა თუ დარჩა ასპარეზზე, რომლებსაც ახლა კრძალავენ, ივანიშვილი მათ დამარცხებას აუცილებლად მოახერხებს.

უნდა გამოჩნდეს ერთიანი, კონსოლიდირებული ძალა და სერბეთი ამის მაგალითია ნამდვილად. მგონია, რომ ამის მაგალითია უნგრეთიც. უნგრეთში არ იყო სტუდენტური მოძრაობა, თუმცა პრაქტიკულად სახალხო მოძრაობა იყო უნგრეთშიც, რომელმაც დაამარცხა კორუმპირებული რეჟიმი.

ამერიკაშიც რომ ავიღოთ, ეს დემოკრატების გამარჯვება კი არ არის იმდენად, რამდენადაც ანტიტრამპული მოძრაობის გამარჯვებაა. ხალხი დაირაზმა არა მარტო იმიტომ, რომ ახლა ყველას „დემოკრატიული პარტია“ მოსწონს, არამედ მიხვდნენ, რომ როგორმე ტრამპს და ტრამპისტებს უნდა წაართვან შესაძლებლობა, ერთპიროვნულად მართონ ამხელა ქვეყანა.

მგონი, ეს ტენდენცია გაჩნდა უკვე მსოფლიოში. ჩემი აზრით, საქართველოშიც შესაძლებელია ამის გაკეთება. ეს არის, მგონი, გამოსავალი. 

  • აქვე მინდა გკითხოთ: დემოკრატების წარმატების შემდეგ, გააქტიურდა შანსი, აშშ-მ მიიღოს „მეგობარი აქტი“? 

დიახ, ამის დიდი შანსი გაჩნდა, თუმცა მოგეხსენებათ ტრამპს შეუძლია, ვეტო დაადოს.

ამის მიუხედავად, ამ არჩევნებით იმხელა ბერკეტები გაუჩნდა უკვე დემოკრატიულ პარტიას, რომ ისინი იმოქმედონ დასავლური პოლიტიკის შესაბამისად. ეს გულისხმობს პროცესს, სადაც მნიშვნელოვანია მოლაპარაკებები და კონსენსუსი.

საბოლოო ჯამში, ტრამპს შეიძლება რაღაცები დაუთმონ, უთხრან, რომ აი, ამ ნაწილში დაფინანსებას დავამტკიცებთ, ან ვიღაცის თანამდებობას დანიშვნას მხარს დავუჭერთ. მაგალითად, რუბიო წავიდა და ტრამპს სურს, ვიღაც დანიშნოს სახელმწიფო მდივნად. სენატს შეუძლია, ჩაუგდოს კანდიდატი. ამიტომაც, ეტყვიან: დაგინიშნავთ, ვინც გსურს, მაგრამ ვეტოს არ დაადებ, მაგალითად, ამა და ამ აქტს. 

გასათვალისწინებელია, რომ ის ხალხი, ვინც ლობირებდა „მეგობარ აქტს“, უმეტესობა კონგრესში დარჩა. ცხადია, ისინი განაგრძობენ ამ აქტის ლობირებას უკვე ბევრად უფრო მაღალი შანსებით.

დემოკრატიული კონგრესი ბევრად უფრო აქტიური იქნება ევროპასთან ურთიერთობებში და ბევრად უფრო მეტად დაავალდებულებს ტრამპს, რომ იყოს უფრო აქტიური, გნებავთ ნატოსთან მიმართებაში.

თუ ტრამპი მაინცდამაინც შეძლებს, რომ კონგრესს გაუძალიანდეს, ეს მას არაფერ კარგს არ მოუტანს, რადგან, საბოლოო ჯამში, შეიძლება რესპუბლიკელების რისხვა დაიმსახუროს. რესპუბლიკელებსაც უნდათ, რომ მათი იმიჯი საბოლოოდ არ დაეცეს და 2028 წელს რაღაც პოზიციები საარჩევნოდ ჰქონდეთ. თუ ტრამპი არავითარ მოლაპარაკებებზე არ წავა კონგრესთან და ამერიკაში ამის გამო ქაოსი იქნება, ხალხი გადაწყვეტს, რომ პრეზიდენტიც დემოკრატი სჭირდებათ.

არ გამოვრიცხავ იმასაც, რომ კანადასთანაც შეიცვლება დამოკიდებულება, შეიძლება ბოდიშიც მოახდევინონ ტრამპს კანადის ხელმძღვანელებთან.

ევროპასთან მიმართებით ურთიერთობების გაუმჯობესება ნიშნავს ევროკავშირის პოლიტიკის მხარდაჭერას, რასაც ევროკავშირი თავის სამეზობლოში ახორციელებს, მათ შორის, საქართველოში. შესაბამისად, საქართველოსთან მიმართებაში ევროკავშირის და ამერიკის პოლიტიკა აღარ იქნება ასინქრონული.

ტრამპი ასევე იძულებული გახდება, რომ ეს დაფინანსება აღადგინოს უკრაინისთვის, რაც მანამდე იყო. ტრამპს აიძულებს კონგრესი იმას, რომ ეს ნაბიჯები გადადგას. 

  • ამიტომაც აჩქარდა ივანიშვილი, რომ დროულად გაიფორმოს მიტაცებული ძალაუფლება? 

დიახ. ივანიშვილი ხედავს, რომ ორბანსაც უზარმაზარ თანხა ჰქონდა. ივანიშვილი მდიდარია და დღეს სხვას არავის აქვს ამხელა რესურსი, რომ ფინანსებით ივანიშვილს შეეჯიბროს.

ფინანსებია მთავარი ფაქტორი, რის გამოც ივანიშვილი თავს დაცულად გრძნობდა, მაგრამ დაინახა, რაც მოხდა უნგრეთში: ორბანს მთელი ქვეყნის ეკონომიკა ჯიბეში ჰქონდა, მაგრამ ამან ვერ უშველა.

ვუჩიჩიც არ გახლდათ ხელწამოსაკრავი – კორუმპირებული და მაფიოზური პიროვნება იყო. ისიც ამ სახალხო მოძრაობამ დაამარცხა.

ფინანსებზე კიდევ უფრო საინტერესოა შტატები: რესპუბლიკელებს ჯამურად დემოკრატებთან შედარებით ორჯერ მეტი ფინანსური რესურსი ჰქონდათ, კონკრეტულად ტეხასში კი, მასკმა 200 მილიონზე მეტი დაახარჯა რესპუბლიკელ კანდიდატს. თან იქ მხოლოდ მასკი ხომ არ იყო? იქ ბევრი ოლიგარქია, რომლებმაც თავის დროზე ტრამპი გაიყვანეს პრეზიდენტად. ვერ უშველა ამან რესპუბლიკელებს, რადგან, როგორც იტყვიან, მოსახლეობა ადგა. 2022 წელთან შედარებით 5-6 %-ით გაზრდილი იყო ამომრჩევლის აქტიურობა. ეს ამერიკისთვის საკმაოდ დიდი რიცხვია. 

სინამდვილეში სად დევს ძალა? – ხალხმრავალ აქციებში, რაც იმართებოდა თბილისსა თუ რეგიონებში და რაც არ იყო დაკავშირებული პოლიტიკურ პარტიებთან. ენჯეოებიც არაფერ შუაში იყვნენ პრაქტიკულად. ეს იყო ქუჩიდან წამოსული პროტესტი, აი, სახლებიდან, სტუდენტების მერხებიდან. ეს იყო სპონტანური სამოქალაქო მოძრაობა.

მსგავს სამოქალაქო მოძრაობებს ჯერ კიდევ აქვთ შანსი. თუ მოასწრო ივანიშვილმა და ტოტალური დიქტატურა დაამყარა ქვეყანაში, მაშინ შესაძლოა მოძრაობასაც არ მისცენ გასაქანი.

ივანიშვილს უნდა, რომ საკონსტიტუციო რეფორმა ჩაატაროს. ახლა რა კანონებსაც იღებენ, ყველაფერი წინააღმდეგობაშია კონსტიტუციასთან, მაგრამ მას სჭირდება უფრო ძლიერი კანონები, რომელიც საერთოდ არანაირ შანსს არ დაუტოვებს არავის პოლიტიკური აქტიურობისთვის, როგორც ეს იყო საბჭოთა კავშირში, ან როგორც რუსეთშია დღეს, ან ბელარუსში.

მაგრამ თუ კონსტიტუციას პირდაპირ გადაწერენ, ამას დაერქმევა ხელისუფლების უზურპაცია, ივანიშვილს კი, არ უნდა, კანონგარეშე გამოჩნდეს. მას სურს „კანონიერად“ იმოქმედოს.

  • „კანონის შესაბამისად ვმოქმედებთო“ – ყველაზე ხშირად ამიტომ გვიმეორებენ ივანიშვილის დაჯგუფების წევრები?

დიახ, ზუსტად ასეა. ამას ჰქვია ლეგალური დიქტატურა, როცა ცდილობ, რომ ლეგალურად გქონდეს ყველაფერი. საბჭოთა კავშირიც ასე მოქმედებდა: აი, კანონით ვმოქმედებო. ვერ გამოედავებოდი ვერანაირად.

მეორეცაა: ვიდრე არსებობს ევრაზიული სივრცე, სადაც არის რუსეთი, აზიის ქვეყნები, ირანი, ავღანეთი… იშვიათად ნახავ, რომელიმე დემოკრატიულ ქვეყანას. ალბათ მონღოლეთი ყველაზე დემოკრატიულია. ივანიშვილი ამ რეგიონში ხედავს თავის ადგილს კონტექსტის გათვალისწინებით. ივანიშვილს უნდა, რომ ამ კონტექსტში ჩაჯდეს საქართველო, მაგრამ არ ვჯდებით შინაარსობრივად – საქართველოს მოსახლეობის 80% პროევროპულია.

იდენტობას ვერ გვიცვლიან. შუა აზიაში, მაგალითად, არასდროს არ ჰქონიათ ევროპული იდენტობა, საქართველოში კი, იყო და არის ევროპული იდენტობა. 

  • ივანიშვილი ფიქრობს, რომ ამ იდენტობას როგორმე რუსული პროპაგანდით შეცვლის? დღეს, მაგალითად, პროსახელისუფლებო მედია იმაზე ჰყვება, რომ ერთ-ერთი სენატორად გეი აირჩიესო… 

დიახ, პროპაგანდა ამას ცდილობს და გაააქტიურეს ასევე მიდგომა, რომ აი, დატოვონ ქვეყანა, თუ აზრს არ იცვლიან. აქ უნდა დარჩეს ხალხი, რომელიც თავისი იდენტობით მაინცდამაინც ევროპელად თავს არ თვლის და ევროპული წეს-ჩვეულებები მისთვის არ არის ღირებული, ან მნიშვნელოვანი.

მე, პირადად, ამ იდენტობის შეცვლა წარმოუდგენლად მიმაჩნია. შეუძლებელია, ადამიანებმა, რომლებმაც ევროპაში დაიცვეს დისერტაციები და იქ სწავლობდნენ, მათ შინაგანად არ ესმოდეთ, რამდენად არაადეკვატური ამოცანა აქვს დასახული ივანიშვილს. უფრო მგონია, რომ ეს ნების პრობლემაა, როცა ადამიანები გაჩუმებას ამჯობინებენ, რადგან ვიღაცამ დაიმორჩილა. 

Ბ
წყარო ბათუმელები · batumelebi.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 19:04. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ