სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

John Lewis-ის საშობაო რეკლამაში ბებია შვილიშვილებისთვის განსაკუთრებულ სიურპრიზს ამზადებს | Marketer

საჩუქრის არჩევისას ზოგჯერ იმდენად გვეშინია შეცდომის დაშვების, რომ ფულს კონვერტში ვდებთ და ძებნას ვწყვეტთ. John Lewis-ის ახალი საშობაო რეკლამა სწორედ ამ ნაცნობ

John Lewis-ის საშობაო რეკლამაში ბებია შვილიშვილებისთვის განსაკუთრებულ სიურპრიზს ამზადებს | Marketer
ფოტო: მარკეტერი

საჩუქრის არჩევისას ზოგჯერ იმდენად გვეშინია შეცდომის დაშვების, რომ ფულს კონვერტში ვდებთ და ძებნას ვწყვეტთ. John Lewis-ის ახალი საშობაო რეკლამა სწორედ ამ ნაცნობ სიტუაციაზეა აგებული. „Gloria and Pickles“ ბებიისა და შვილიშვილების ურთიერთობას გვიყვება და გვახსენებს, რამდენი სიხარული შეიძლება მოჰყვეს საყვარელი ადამიანისთვის მოფიქრებულ სიურპრიზს.

ეს ბრიტანული სავაჭრო ქსელის მეოცე საშობაო რეკლამაა. Saatchi & Saatchi-ის შექმნილ სამწუთიან ფილმში გლორიას კრისტინ სკოტ ტომასი ასრულებს, მის ბავშვობის სათამაშოს, ძაღლ პიკლსს კი პოლ უაითჰაუსი ახმოვანებს. კამპანიას გზავნილი „Don’t Give Up on Giving“ ახლავს, რომელიც ადამიანებს მოუწოდებს, საჩუქრის ძებნაზე ხელი არ ჩაიქნიონ.

შობის წინა საღამოს გლორია ოჯახის დასახვედრად ემზადება. სახლში მისი ქალიშვილი, სიძე და ორი შვილიშვილი, ფრედი და მეგი, ჩამოდიან. ხანგრძლივი მგზავრობით მოუსვენარ ბავშვებს ბებია სხვენიდან ჩამოტანილ ძველ სათამაშოებს სთავაზობს. მათ შორისაა პიკლსიც, ბორბლებიანი ძაღლი, რომელიც პატარებს თოკით შეუძლიათ ატარონ. თუმცა ბებიისთვის ძვირფასი ნივთი შვილიშვილებს დიდად არ აინტერესებთ. სადილად დაძახებისთანავე გლორიას მარტო ტოვებენ.

ბებია ფიქრობს, რომ ბავშვების სურვილებს ვეღარ ხვდება. საშობაო ბარათებს წერს და კონვერტებში ფულს დებს. სწორედ ამ დროს პიკლსი ცოცხლდება და მის გადაწყვეტილებას იწუნებს – ფულზე უკეთესი საჩუქრის მოფიქრებაც შეგიძლიაო.

სათამაშო ძაღლი გლორიას სახლიდან საჩუქრების საძებნელად გაიყვანს. როცა იმედს თითქმის კარგავენ და შინ დაბრუნებას გადაწყვეტენ, გამოძახებული ტაქსის ნაცვლად ტუკ-ტუკი ჩნდება. პიკლსი ბებიას კიდევ ერთ გასეირნებაზე ითანხმებს. ლონდონის ქუჩებში ფერადი განათებითა და მუსიკით სავსე მგზავრობა გლორიას იდეას შთააგონებს და ის მძღოლს John Lewis-თან გაჩერებას სთხოვს.

შობის დილას ფრედი და მეგი ბარათებს ხსნიან, თუმცა კონვერტებში ფული აღარ ხვდებათ. ბებიას ხელში გასაღები უჭირავს. ბავშვები მისი სამუშაო ოთახის კარს აღებენ და აღმოაჩენენ, რომ ნაცნობი სივრცე განათებებით, დისკოს ბურთებითა და მუსიკით სავსე ოთახად ქცეულა. ეს „Gran Cave“-ია – ბებიის მოწყობილი გასართობი ადგილი, სადაც მათ ერთად დროის გატარება შეუძლიათ. გახარებული შვილიშვილები გლორიას ეხუტებიან.

ფილმისთვის სათამაშოს შერჩევისას სააგენტო არქივებში ეძებდა ნივთს, რომელიც გლორიას 1966 წელს შეიძლებოდა მიეღო. არჩევანი Little Snoopy-ის ბორბლებიან ძაღლზე შეჩერდა. პიკლსი ამბავში გლორიას ბავშვობასა და შვილიშვილების დღევანდელობას ერთმანეთთან აკავშირებს.

მისი ხმაც განსაკუთრებულ ხასიათს მოითხოვდა. Saatchi & Saatchi-ის მთავარი კრეატიული დირექტორის, ფრენკი გუდვინის თქმით, გუნდს სჭირდებოდა მსახიობი, რომელიც გლორიას პირდაპირ შეეკამათებოდა, თუმცა მაყურებლის სიმპათიას შეინარჩუნებდა. პოლ უაითჰაუსის პერსონაჟი სწორედ ასეთია, მოურიდებელი, ხუმარა და მზად იმისთვის, რომ ბებიას მეტი გაბედულება მოსთხოვოს.

რეკლამის რეჟისორია ლუსი ფორბსი, წარმოებაზე Smuggler-მა იმუშავა, პოსტპროდუქციაზე კი Selected Works-მა. ფორბსის არჩევისას გადამწყვეტი იყო მისი უნარი, უჩვეულო იუმორი ადამიანურ, ემოციურ ამბავთან შეეთავსებინა.

მიუხედავად იმისა, რომ ფინალურ სცენაში საჩუქრებითა და დეკორაციებით სავსე ოთახს ვხედავთ, გუნდი ცდილობდა, პროდუქტებს ამბავი არ გადაეფარა. ჰენლის განმარტებით, მთავარი ყურადღება ოჯახის წევრებს შორის სიახლოვეს ეთმობა. გლორიას საჩუქრის მნიშვნელობას განსაზღვრავს ის, რომ ბებიამ შვილიშვილებისთვის საკუთარ სახლში ადგილი მოაწყო და მათი სიხარული გაიზიარა.

თაობებს შორის კავშირის თემა მუსიკაშიც გრძელდება. სემ ფენდერმა რეკლამისთვის The Rolling Stones-ის „You Can’t Always Get What You Want“ შეასრულა.

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: Ketia · გამოქვეყნდა 03.11.2026, 12:32. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ