როგორი PR-სტრატეგია შეეფერებათ ტექნოლოგიურ კომპანიებს | Marketer
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კარგი პროდუქტის შექმნა წარმატების მხოლოდ ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ესმის აუდიტორიას, რას სთავაზობს
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის კარგი პროდუქტის შექმნა წარმატების მხოლოდ ერთი ნაწილია. არანაკლებ მნიშვნელოვანია, რამდენად კარგად ესმის აუდიტორიას, რას სთავაზობს კომპანია, რატომ არის მისი პროდუქტი მნიშვნელოვანი და რით განსხვავდება კონკურენტებისგან. სწორედ აქ იძენს საზოგადოებასთან ურთიერთობა (PR) განსაკუთრებულ მნიშვნელობას – ის ბრენდს ცნობადობის გაზრდაში, სანდოობის მოპოვებასა და მომხმარებლებთან, ინვესტორებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან გრძელვადიანი ურთიერთობის ჩამოყალიბებაში ეხმარება.
ტექნოლოგიური სფეროს სწრაფი განვითარება PR-ის განსხვავებულ მიდგომასაც მოითხოვს. ახალი პროდუქტები, ინვესტიციები და ტექნოლოგიური სიახლეები ხშირად მოკლე დროში ჩნდება, ამასთან, AI-ს განვითარება, მონაცემთა კონფიდენციალურობა და სამუშაო ადგილების მომავალი საზოგადოებაში არაერთ კითხვას აჩენს. ამიტომ კომპანიებს სჭირდებათ არა მხოლოდ სიახლეების გავრცელება, არამედ რთული ტექნოლოგიური საკითხების მარტივად ახსნა და რეპუტაციის მუდმივი მართვა.
PR მხოლოდ პროდუქტის პოპულარიზაცია არ არის
PR-ის მიზანი კომპანიის შესახებ საზოგადოებრივი აღქმის ჩამოყალიბებაა. სწორად დაგეგმილი კომუნიკაცია ბრენდს ეხმარება, მიაღწიოს სასურველ აუდიტორიამდე, მოიპოვოს მედიისა და დარგის ექსპერტების ნდობა და დროთა განმავლობაში საკუთარი პოზიცია გაამყაროს.
ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Thought Leadership – მიდგომა, რომლის დროსაც კომპანიის ხელმძღვანელები და ექსპერტები საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას საზოგადოებას უზიარებენ და ინდუსტრიის მნიშვნელოვან საკითხებზე აზრის ფორმირებაში მონაწილეობენ.
რომელი საკომუნიკაციო არხები უნდა გამოიყენონ კომპანიებმა
ეფექტური PR-სტრატეგია ერთ არხზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. სხვადასხვა პლატფორმას განსხვავებული დანიშნულება აქვს:
- პრესრელიზები – მნიშვნელოვანი სიახლეების, პროდუქტის გაშვების, ინვესტიციის ან პარტნიორობის შესახებ ინფორმაციის გასავრცელებლად;
- მედიაგაშუქება – სანდო გამოცემებში გამოქვეყნება კომპანიის ცნობადობასა და ავტორიტეტს აძლიერებს;
- სოციალური მედია – კომპანიას აუდიტორიასთან პირდაპირი კომუნიკაციისა და ინდუსტრიულ დისკუსიებში მონაწილეობის საშუალებას აძლევს;
- ანალიტიკოსებთან ურთიერთობა – დარგის ექსპერტებს კომპანიის ტექნოლოგიისა და ბაზარზე მისი პოზიციის უკეთ გაცნობაში ეხმარება;
- ინვესტორებთან კომუნიკაცია – ფინანსური სიახლეებისა და სტრატეგიული გეგმების გაზიარებით ინვესტორების ინფორმირებულობას უზრუნველყოფს;
- ბლოგები – კომპანიის ცოდნისა და გამოცდილების წარმოჩენის შესაძლებლობაა;
- კომპანიის აღმასრულებლების პერსონალური ბრენდინგი – ხელმძღვანელებს შეუძლიათ საკუთარი ხედვები LinkedIn-ზე, ბლოგებსა და სტატიებში გააზიარონ, მისცენ ინტერვიუები მედიას, მონაწილეობა მიიღონ პოდკასტებსა და კონფერენციებში.
როგორ უნდა გაზომონ PR-შედეგები ტექკომპანიებმა
PR-ის ეფექტურობა მხოლოდ გამოქვეყნებული სტატიების რაოდენობით ან აუდიტორიის სავარაუდო მოცულობით არ უნდა შეფასდეს. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რეალურად რა გავლენა იქონია კომუნიკაციამ ბიზნესზე.
შეფასებისთვის კომპანიებს შეუძლიათ დააკვირდნენ: ბრენდის სახელის ძიებისა და ვებსაიტის ტრაფიკის ზრდას; მიზნობრივ მედიაში გამოჩენას და გაშუქების ხარისხს; სოციალური მედიის ჩართულობას, განსაკუთრებით ინდუსტრიის გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის; პოტენციური მომხმარებლების შეკითხვებს, გაყიდვების შესაძლებლობებსა და პროდუქტის დემონსტრირების მოთხოვნებს; ინვესტორების, პარტნიორებისა და პოტენციური თანამშრომლების ინტერესს.
ასევე მნიშვნელოვანია ხარისხობრივი შეფასება: აღიქვამენ თუ არა მომხმარებლები კომპანიის ხელმძღვანელებს ექსპერტებად? მიმართავენ თუ არა ჟურნალისტები მათ კომენტარისთვის? ასახავს თუ არა მედიაგაშუქება იმ ღირებულებებსა და გზავნილებს, რომელთა დამკვიდრებასაც კომპანია ცდილობს?
ტექნოლოგიური კომპანიებისთვის PR-ის მთავარი ამოცანა მხოლოდ ცნობადობის გაზრდა არ არის, ის რთული ტექნოლოგიების გასაგებ ენაზე გადმოცემას, ნდობის მოპოვებასა და ინდუსტრიაში საკუთარი ადგილის დამკვიდრებას გულისხმობს. ამ პროცესში ყველაზე დიდი მნიშვნელობა თანმიმდევრულ კომუნიკაციას, რეალურ გამოცდილებასა და აუდიტორიისთვის ღირებული ინფორმაციის გაზიარებას აქვს.


