2-6 ნოემბერს საქართველოს რუსული „როსსელხოზნადზორის“ დელეგაცია ეწვია
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
რუსეთის სოფლის მეურნეობის ზედამხედველობის ფედერალური სამსახურის (როსსელხოზნადზორის) ცნობით, რუსული უწყების დელეგაცია, საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს მოწვევით, 2026 წლის 2-დან 6 ნოემბრის ჩათვლით საქართველოს ეწვია.
რუსული უწყება შემაჯამებელ პრეს-რელიზში წერს, რომ სამსახურის წარმომადგენლებმა ქართული ლაბორატორიების აუდიტი ჩაატარეს და რუსეთში ექსპორტირებული თესლოვანი და კურკოვანი კულტურების ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემა შეისწავლეს.
რელიზის თანახმად, რუსი სპეციალისტები გაეცნენ საქართველოს სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის მუშაობას, რომელიც რუსეთის ბაზრისთვის განკუთვნილ მცენარეულ პროდუქციაში პესტიციდებისა და აგროქიმიკატების მოქმედი ნივთიერებების ნარჩენ რაოდენობას იკვლევს.
მათ შეაფასეს ლაბორატორიის ორგანიზაციული სტრუქტურა, ტექნიკური აღჭურვილობა, თანამშრომელთა კვალიფიკაცია, კვლევის მეთოდები და სამუშაო სივრცეების შესაბამისობა დადგენილ მოთხოვნებთან.
„როსსელხოზნადზორი“ წერს, რომ გარდა ამისა, ქართველმა კოლეგებმა რუსულ დელეგაციას გააცნეს ნიმუშების საკარანტინო ფიტოსანიტარიული მდგომარეობის განსაზღვრის წესი და ფიტოსანიტარიული სერტიფიკატების გაცემის პროცედურა.
უწყების ცნობით, რუსეთის დელეგაცია გორის მუნიციპალიტეტში თესლოვანი და კურკოვანი კულტურების მოყვანის, შენახვისა და საექსპორტო პარტიების ფორმირების ხუთ ობიექტს ეწვია.
„ვიზიტის შედეგების საფუძველზე „როსსელხოზნადზორი ლაბორატორიას აუდიტის აქტს გაუგზავნის, რომელიც მისი კომპეტენციის, კვლევის მეთოდებისა და შედეგების დადასტურებას შეეხება.
ქართული მხარის ინფორმაციით, ქვეყანაში მცენარეთა კარანტინის სფეროში ეროვნული სისტემის შემუშავება მიმდინარეობს. ორი ქვეყნის ციფრული პლატფორმების ინტეგრაცია ინფორმაციის გაცვლას გაამარტივებს, საკარანტინო კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ორმხრივ მიწოდებას გაზრდის და მისი უსაფრთხოების კონტროლს გააძლიერებს“, – წერია რუსული უწყების განცხადებაში.

