მოსკოვი ენერგიას ჩვენს შესაშანტაჟებლად იყენებდა, ეს დასრულდა – სანდუ
მოლდოვაში გაიხსნა ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს. გახსნის ცერემონია გუშინ, 8 ნოემბერს, კიშინიოვში გაიმართა და მას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაესწრნენ. მარტა…
09.11.2026
მოლდოვაში გაიხსნა ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც ქვეყანას რუმინეთთან და ევროპის ელექტროგადამცემ ქსელთან აკავშირებს.
გახსნის ცერემონია გუშინ, 8 ნოემბერს, კიშინიოვში გაიმართა და მას მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი მარტა კოსი დაესწრნენ.
მარტა კოსის განცხადებით, აღნიშნული ელექტროგადამცემი ხაზის გახსნით შეიძლება ითქვას, რომ მოლდოვის დამოკიდებულება რუსულ ენერგეტიკაზე რეალურად დასრულდა.
„არცერთ ქვეყანას არ ექნება იმის საშუალება, რომ განაგრძოს ენერგიის წყაროების გამოყენება მოლდოვისთვის საკუთარი პირობების კარნახის მიზნით. ახლა თქვენ მეტი არჩევანი გაქვთ“, – განაცხადა მარტა კოსმა.
თავის მხრივ, მაია სანდუმ ელექტროგადამცემი ხაზის გახსნაზე განაცხადა, რომ ათწლეულების განმავლობაში, ენერგეტიკა მოლდოვაზე ზეწოლის ინსტრუმენტად გამოიყენებოდა და ევროკავშირთან დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზის გახსნით მათი ქვეყნის დაშანტაჟებას ვერავინ შეძლებს.
„ჩვენ გავხსენით ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც მოლდოვას რუმინეთსა და ევროპულ ელექტროქსელთან აკავშირებს. ათწლეულების განმავლობაში მოსკოვი ენერგიას ჩვენს შესაშანტაჟებლად იყენებდა. ეს დასრულდა: მოლდოვა რუსულ გაზს ნულოვანი ოდენობით ყიდულობს, რუმინეთის მიმართულებით კიდევ ორი ელექტროგადამცემი ხაზი კი გზაშია. მადლობა ყველას, ვინც ეს რეალობად აქცია“, – დაწერა X-ზე სანდუმ.
სანდუს თქმით, ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ნიშნავს, რომ თავად შეუძლიათ გადავწყვიტონ, საიდან იყიდიან ენერგიას, ზეწოლისა და შანტაჟის გარეშე.
„ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ევროკომისარ მარტა კოსთან ერთად, მონაწილეობა მივიღე ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზის გახსნაში — ეს არის 158 კილომეტრიანი ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა, რომელიც გვაკავშირებს რუმინეთთან და ევროკავშირთან და, შესაბამისად, ზრდის ჩვენი ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებას.
ათწლეულების განმავლობაში, ენერგია გამოიყენებოდა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ზეწოლის ინსტრუმენტად. ყოველ ჯერზე, როდესაც მოლდოვა ირჩევდა ისეთ გზას, რომელიც განსხვავდებოდა მოსკოვის სურვილისგან, გვემუქრებოდნენ, რომ შუქისა და სითბოს გარეშე დავრჩებოდით. დღეს ჩვენ ალტერნატივებს ვაშენებთ. რუმინეთთან იგეგმა კიდევ ორი ახალი ურთიერთდაკავშირება — ბელცი-სუჩავა და შტრაშენი-გუტინაში, რომლებიც ევროპველი და ამერიკელი პარტნიორების მხარდაჭერით განხორციელდება.
მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იშრომა ამ პროექტის განხორციელებისთვის და იმ პარტნიორებს, რომლებიც ჩვენ გვერდით დგანან. ჩვენ მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადავდგით ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობისთვის. არავის აღარ შეუძლია ჩვენი დაშანტაჟება, შუქის ჩაქრობა და გათბობის გამორთვა“, – განაცხადა მაია სანდუმ.
ვულკანეშტი-კიშინიოვის ელექტროგადამცემი ხაზი ელექტროენერგიის პირდაპირ რუმინეთიდან კიშინიოვში მიწოდების საშუალებას იძლევა, დნესტრისპირეთის რეგიონში მდებარე მოლდავური სრეს-ის გვერდის ავლით.
მოლდოვის მთავრობაში ხაზს უსვამენ, რომ 15 მილიონი ევრო თავად ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის ღირებულება არ არის (ხაზის აგების პროექტი ცალკე ფინანსდება მსოფლიო ბანკის მიერ), არამედ ეს არის ევროკავშირის მაკროფინანსური დახმარების ტრანში, რომელიც პროექტის განხორციელებაზეა მიბმული. მოლდოვასთვის ევროკავშირის ზრდის გეგმის საერთო ბიუჯეტი 1,9 მილიარდ ევროს შეადგენს. ფინანსური მხარდაჭერა ეტაპობრივად ირიცხება. ამ დროისთვის მოლდოვას უკვე მიღებული აქვს 661 მილიონი ევრო.
