სკოლა 8 მოსწავლით, ჩამტვრეული იატაკი და მასწავლებლების დეფიციტი შუახევში - Batumelebi
ემიგრაცია • საჯარო სკოლები • შუახევი •
სოფელ კარაპეტის საჯარო სკოლა შუახევის მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
სკოლაში ამჟამად მხოლოდ 8 მოსწავლე სწავლობს.
ორსართულიანი ხის სკოლას რეაბილიტაცია სჭირდება. პირველ სართულზე სპორტდარბაზი 2010 წელს გაუკეთებიათ, თუმცა, როგორც სკოლის დირექტორი გვეუბნება, სამუშაოები იმდენად ცუდად შეასრულეს, რომ კედლები მალე დაზიანდა წყლისგან, რის გამოც, დალპა და დაობდა იატაკიც.
ახლა იატაკი მთლიანად ამორტიზებულია და სწორედ ამის შეცვლა იგეგმება, თუმცა სამუშაოების დაწყება ჭიანურდება.

ასე გამოიყურება კარაპეტის საჯაროს სკოლის სპორტდარბაზი
„ეს კედელი არც შელესილა თავის დროზე, ფანჯარა არ იყო გაკეთებული, რის გამოც წყალი და თოვლი შემოდიოდა და ფაქტობრივად უსარგებლოდ გვქონდა ამოდენა ფართი.
ვთხოვეთ განათლების სამინისტროს და ჩაგვსვეს პროექტში.
იატაკი ახალი უნდა დაიგოს, ზემოთ წყლის დასაწური მილი კეთდება, რომ წყალი აღარ შემოვიდეს შიგნით, შენობის გარე ფასადიც უნდა შეიცვალოს და მთლიანად თუნუქით შეიფუთება და სახურავიც უნდა გამოიცვალოს მთლიანად“- ამბობს სკოლის დირექტორი ვლადიმერ ზოიძე.

კარაპეტის საჯარო სკოლა
რამდენ ხანში უნდა დასრულდეს ეს სამუშაოები? – ვეკითხებით დირექტორს. მისი თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები აქამდეც უნდა დაწყებულიყო, მაგრამ „რატომღაც ვერ დაიწყეს“.
„კარგა ხნით ადრე, ერთი თვის წინ უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ვისაც აქვს ტენდერი მოგებული, ვერ გაართვა ალბათ თავი და ვერ მოიტანა მასალები დროულად. სახურავის გადახურვა გვიანდება თორემ აქ, შიგნით, ყოველთვის ვიმუშავებთ, თუნდაც გათოვდეს“ – გვეუბნება ის.
მისი თქმით, 7 ნოემბრის შემდეგ შესაძლოა თოვლი მოვიდეს სოფელში და თუ ამინდი გაუარესდა, „მაშინ სახურავზე მუშაობა ძალიან ძნელი იქნება“. დირექტორის თქმით, ბრიგადა შეიქმნა, სადაც ადგილობრივი კადრები დაასაქმეს.
გარდა ინფრასტრუქტურული პრობლემებისა, სკოლას სხვა გამოწვევაც აქვს.
„არ გვყავს მე-2, მე-4 და მე-9 კლასი. რადგან მცირეკონტინგენტიანი სკოლაა, არც ლაბორატორიები გვაქვს. უცხო ენას არასპეციალისტი მასწავლებელი ასწავლის. მაკლია დაწყებითის მასწავლებელი და ის ერთი მოსწავლეც გადაყვანილი გვყავს საგნობრივ სწავლებაზე. მაკლია ფიზიკის, ბიოლოგიის, ქიმიის, სახვითი ხელოვნების მასწავლებელი.
მიმართვა გაგზავნილი გვაქვს სამინისტროში და თითოქოს პროექტით უნდა გამოეგზავნათ მასწავლებლები. ვნახოთ, ველოდებით“ – გვეუბნება ვლადიმერ ზოიძე.
თავის დროზეც, 2003 წელს, ეს პატარა სკოლაც ადგილობრივების ინიციატივით აშენებულა. სახელმწიფომ 15 ათასი ლარი მოგვცა მხოლოდო – იხსენებს დირექტორი.
„სახურავი მოიტანეს მხოლოდ. დანარჩენი, სოფელმა მოიტანა მასალა, სოფლის ძალებით გავხერხეთ და ისე ავაშენეთ.
მანამდე კი გვქონდა ძალიან ძველი, შიფერით გადახურული სკოლა, როგორც ჩანს წყალმა იდინა-იდინა, კოჭები დაამტვრია და ერთ დილას, ჩამოქცეული დაგვხვდა“ – გვიყვება ვლადიმერ ზოიძე.
სკოლა სადაც ერთ დროს 80-მდე ბავშვი სწავლობდა, დღეს მილევად რეჟიმშია.

სოფელი კარაპეტი
სკოლის დირექტორის თქმით, არის სოფლები, სადაც კარაპეტზე ბევრად ცუდი მდგომარეობაა მოსწავლეების თვალსაზრისით.
„არის ისეთი სკოლები, რომლებსაც თითო მოსწავლე ჰყავთ. გომარდულში მაგალითად 1 ბავშვი ჰყავთ, სხეფში, გოგაძეები იყო ასეთი, კვიახიძეებშიც ძალიან ცოტა ბავშვი ჰყავთ და პრობლემის წინაშე დგას ყველა სკოლა“- ამბობს დირექტორი.
წელს, ანუ 2026 წლის ბოლომდე, წესით დაგეგმილი სამუშაოები სოფელ ქიძინიძეების საჯარო სკოლაშიც უნდა დასრულებულიყო, თუმცა სამუშაოების დაწყებას აქაც აგვიანებენ.

სოფელი ქიძინიძეები
ქიძინიძეების საჯარო სკოლაში 15 მოსწავლე სწავლობს.
„მომავალ წელს, მე მგონი, ჩავარდება [პირველი კლასი არ გვეყოლება]“- შიშობს სკოლის მასწავლებელი, ნარიმან გოგიტიძე.
სკოლის პირველ სართულზეა სოფლის საბავშვო ბაღიც, სადაც 1 ბავშვი დადის.
ამ სკოლაშიც წელს უნდა დასრულდეს გარკვეული სამუშაოები, თუმცა პროცესი ჯერ არ არის დაწყებული. „ფასადი უნდა გაკეთდეს, სახურავი უნდა შეიცვალოს, საპირფარეშო შიგნით გადავა და ფანჯრები გამოიცვლება“ – ამბობს ნარიმან გოგიტიძე.

ქიძინიძეების საჯარო სკოლა
მისი თქმით, სკოლის სახურავი დაჟანგულია და წყალი ჩადის. „თუ კარგი ამინდები წავიდა, მოესწრება სამუშაოები, თუ არადა და არ ვიცი მოესწრება თუ არა“.
მიგრაცია გაზრდილია სოფელ ქიძინიძეებშიც. ადგილობრივების თქმით, სოფელში დღეს არანაირი პერსპექტივა არ არის და აქ მცხოვრებლებიც ნელ-ნელა ტოვებენ სოფელს.
კიდევ ერთი სკოლა, სადაც გარკვეული სამუშაოებია დაგეგმილი წელს, სოფელი ოლადაურია. სამუშაოების დაწყებას ამ სკოლასაც უგვიანებენ.

ოლადაურის საჯარო სკოლა
„პირველ რიგში უნდა გაკეთდეს საცეცხლური, რომელიც შეშაზეა და ახლა ცენტრალურ გათბობაზე გადადის. სალიარკაზე იქნება გათბობა, რადგან შეშის მოტანა ძალიან გვიჭირს. როგორც გვითხრეს, 2 კვირაში უნდა მოაგვარონ საცეცხლურის საკითხი.
სააქტო დარბაზში და ცალკეულ კლასებში იატაკი გაკეთდება, ასევე უნდა გაკეთდეს ეზო, ბეტონი უნდა ამოიღონ და ახალი უნდა დაასხან“ – ამბობს სკოლის დირექტორი, გენადი მაკარაძე.
მოესწრება ამ სამუშაოების შესრულება წლის ბოლომდე? – ვკითხეთ მას.
„ცოტა გვიან მოვიდნენ და იმედია მოესწრება“ – გვეუბნება დირექტორი.

ოლადაურის სკოლაში 15 მოსწავლეა. ორი მოსწავლე სხვა სოფლიდან დადის. დირექტორის თქმით, არ ჰყავთ მე-2 და მე-8 კლასი.
„მშობელი რომ მიდის, თავისთავად შვილიც მიჰყავს ბათუმში. 120 კომლიდან 20 კომლია შემორჩენილი სოფელში. წელს კიდევ 2 ოჯახი აპირებს ქალაქში გადასვლას“ – ამბობს სკოლის დირექტორი.
სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, კარაპეტის, ქიძინიძეებისა და ოლადაურის სკოლების ნაწილობრივ რეაბილიტაციაზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 589 588 ლარი უნდა დაიხარჯოს. ტენდერში გამარჯვებულმა, ინდმეწარმე მანუჩარ დუმბაძემ სამუშაოები უნდა შეასრულოს ხელშეკრულების დადებიდან 3 თვის ვადაში.
ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ვადის ცვლილების (გაზრდის) საფუძველს არ წარმოადგენს მეტეოროლოგიური მოვლენები, და ასევე, ობიექტის მიმდებარედ მიმდინარე სხვა სამუშაოები. ხელშეკრულება 2026 წლის 22 ოქტომბერსაა გაფორმებული.
SAY.GE · ჩამტვრეული (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

