პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები

საპროტესტო აქცია გაიმართა ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლასთან. მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებლებმა 5 ნოემბერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში ვეღარ გაგრძელდებოდა. სხვა შემთხვევების მსგავსად, მიზეზად ამ შემთხვევაშიც დასახელდა…

ვეკუას სკოლასთან აქცია გაიმართა – ჯერ უცნობია სად გააგრძელებენ სწავლას ბავშვები
ფოტო: ნეტგაზეთი

06.11.202606.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

საპროტესტო აქცია გაიმართა ილია ვეკუას სახ. თბილისის 42-ე საჯარო სკოლასთან. მოსწავლეების მშობლებს კლასის დამრიგებლებმა 5 ნოემბერს მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ორშაბათიდან, 9 ნოემბრიდან, სასწავლო პროცესი სკოლის შენობაში ვეღარ გაგრძელდებოდა.

სხვა შემთხვევების მსგავსად, მიზეზად ამ შემთხვევაშიც დასახელდა ექსპერტიზის დასკვნა. მშობლებისთვის მიწოდებული ინფორმაციით, შენობის ავარიულობა მე-4 კატეგორიით შეფასდა.

მშობლები ითხოვენ, რომ თუ სკოლის შენობის დაცვლაა საჭირო, ბავშვებმა სწავლა ალტერნატიულ ფართში, პირველ ცვლაში გააგრძელონ, ისინი ეწინააღმდეგებიან ონლაინ სწავლებას და მეორე ცვლაში გადასვლას.

აქციის პარალელურად დღეს სასკოლო საზოგადოებას განათლების სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ. შეხვედრა ფაქტობრივად უშედეგოდ დასრულდა – სავარაუდოდ, კვირას, კიდევ ერთი შეხვედრის შემდეგ გადაწყდება ორშაბათს ბავშვები სად გააგრძელებენ სწავლას.

„[სამინისტროს წარმომადგენლებს] არაფერი ხელში არ უჭირავთ და მშობლებს გვთხოვენ, რომ ფართის მოძიებაში დავეხმაროთ.შევთანხმდით თითქოს, რომ ეს უნდა შედგეს ჩვენს შორის კომუნიკაცია და ეს ფართი ერთად მოვძებნოთ. 15 წელია ამ სკოლასთან მაქვს ურთიერთობა, ჩემი მესამე შვილი სწავლობს ამ სკოლაში და სკოლა წლებია ავარიულია და რა, ახლა გახდა საგანგაშო?! ორშაბათს სკოლაში არ უნდა მოხვიდეთ, ასე გვეუბნებიან, არის სამხარაულის დასკვნა, მეოთხე კატეგორიის დაზიანება, აქამდე სად იყვნენ?! ნოემბერია, შუა სასწავლო პროცესი“, – ამბობს „ნეტგაზეთთან“ მშობელი ნონა ცაბაძე.

კიდევ ერთი მშობელი, ეთერ ბუნტური გვეუბნება, რომ დღევანდელ შეხვედრაზე მათთვის არ წარუდგენიათ სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა. სკოლის საზოგადოება გეგმავს, რომ ალტერნატიული ექსპერტიზა ჩაატარონ:

„[გვითხრეს] დასკვნა გვაქვსო და კომპეტენციის ეჭვი არ არსებობსო. მე 1994 წელს დავამთავრე ეს სკოლა, მაშინაც იყო ავარიული, ისევე როგორც ამ ძველ უბანში ბევრი შენობა და ბევრი სკოლა. მშობლები შევიკრიბებით, სწრაფ რეჟიმში კერძო ექსპერტიზას სწრაფ რეჟიმში განვახორციელებთ – რა ვადა გვაქვს. […] დავდებთ ალტერნატიულ დასკვნას“.

სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების რეგიონული მართვის სამმართველოს უფროსმა, თამარ მენაფირემ შეხვედრის შემდეგ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა:

„ახლა არის სამუშაო პროცესი, სკოლასთან გვექნება დამატებითი კომუნიკაცია. სასკოლო საზოგადოება მიიღებს ინფორმაციას. მეტს ვერაფერს გეტყვით“.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია კვირას რომელ საათზე გაიმართება შეხვედრა და სად.

ქვეყნის მასშტაბით 10-ზე მეტი სკოლაა, სადაც სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა. მიზეზად დასახელდა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროდან შენობების ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით მიღებული დასკვნები. ზოგიერთ შემთხვევაში სამინისტროს მიერ შეთავაზებულ ფართსა და მოდელს პროტესტი მოჰყვა.

იხილეთ ასევე:

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: სალომე ჩიკვილაძე · გამოქვეყნდა 06.11.2026, 17:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ