პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ტრამპისა და პუტინის დიზელის შეთანხმება ფაქტობრივად ჩაიშალა
ფოტო: პუბლიკა

რუსეთის მიერ აშშ-ში დიზელის ექსპორტის შესახებ დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის მიღწეული შეთანხმება ჩაიშალა. რუსული დიზელით დატვირთულმა სამმა ნავთობტანკერმა, რომლებსაც ამერიკის პორტებში საწვავი უნდა ჩაეტაბათ, მარშრუტი შეცვალეს და აშშ-ის ნაცვლად სხვა მიმართულებით აიღეს გეზი. დასავლური მედიების შეფასებით, შეთანხმება, რომლის შესახებაც ტრამპმა 3 ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, ფაქტობრივად დასრულებულია.

შეთანხმება გასულ თვეში, აშშ-ში საწვავის ფასების მკვეთრი ზრდისა და ცხოვრების გაძვირებით გამოწვეული კრიზისის ფონზე გაფორმდა. ტრამპი აცხადებდა, რომ რუსული დიზელის იმპორტი ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, ფასებს შეამცირებდა. თუმცა ამ ნაბიჯმა რესპუბლიკელებს თავიდან ვერ აარიდა მარცხი შუალედურ არჩევნებში — დემოკრატებმა ქვეყნის მასშტაბით დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს.

გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, რუსეთიდან აშშ-ში დიზელის ჩასატანად სამი ტანკერი: Agioi Fanendes, Talisman და Leruo გაემგზავრა. თუმცა სამივე მათგანმა შეცვალა თავდაპირველი მარშრუტი.

მალტის დროშის ქვეშ მცურავი Agioi Fanendes, რომელიც 40 000 მეტრულ ტონა დიზელს გადაზიდავს, ტრამპისთვის პუტინთან მიღწეული შეთანხმების შესრულების ბოლო იმედი იყო.ნნგემი თავდაპირველად აშშ-ის სანაპიროსკენ მიემართებოდა, თუმცა მისი დანიშნულების ადგილად ამჟამად მითითებულია „ბრძანებების მოლოდინში“. კომპანია Kpler-ის ანალიტიკოსის, მეტ სმიტის განცხადებით, სულ რამდენიმე დღის წინ ტანკერის ნიუ-იორკში ჩასვლას 7-8 ნოემბრის შაბათ-კვირას ელოდნენ.

მეორე ტანკერმა, Talisman-მა, რომელიც საერთაშორისო სანქციების სიაშია, სანქტ-პეტერბურგის მიმდებარე ტერიტორია 22 ოქტომბერს დატოვა. ლა-მანშის სრუტის გავლის შემდეგ გემმა სამხრეთისკენ აიღო გეზი, შემოუარა ბისკაის ყურესა და პორტუგალიის სანაპიროს და გიბრალტარის სრუტის გავლით ხმელთაშუა ზღვაში შევიდა.

მესამე ტანკერი Leruo, რომელიც ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და აშშ-ის სანქციების ქვეშ იმყოფება, კვლავ ატლანტის ოკეანეში გადაადგილდება, თუმცა მისი ოფიციალური დანიშნულების ადგილი უკვე ბრაზილიაა. გემი ატლანტის ოკეანეში სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით გადაადგილდება.

მეტ სმიტის შეფასებით, დიდი ალბათობით, Agioi Fanendes-იც დიზელს აშშ-ის ნაცვლად სხვა ბაზარზე გაყიდის, ისევე როგორც დანარჩენი ორი ტანკერი.

მიუხედავად ამისა, მოსკოვი ტანკერების მარშრუტის შეცვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს. კრემლის წარმომადგენელმა და მოლაპარაკებების მონაწილე კირილ დმიტრიევმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ „აშშ-ისკენ მიმავალი ტანკერები კურსს ინარჩუნებენ“.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა კი გადაზიდვების დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს კომერციული საკითხია და მისი გასაჯაროება შეუძლებელია. „მთელი დიზელი თავის მყიდველს იპოვის“, – თქვა მან.

5 ნოემბერს დონალდ ტრამპი თეთრ სახლში კირილ დმიტრიევს შეხვდა. კრემლის წარმომადგენელი აშშ-ში იმყოფებოდა პირველი ლედის, მელანია ტრამპის მონაწილეობით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც აბუ-დაბიში რუსეთისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მომავალი კვირისთვის დაგეგმილ მოლაპარაკებებს წინ უძღოდა. ტრამპს ჟურნალისტებისთვის დმიტრიევთან შეხვედრის დეტალები არ გაუმხელია.

შეთანხმება, რომელიც თავიდანვე არამდგრადი იყო

გაერთიანებულ სამეფოში დაფუძნებული თავდაცვის საკითხებზე მომუშავე კვლევითი ინსტიტუტის, Royal United Services Institute-ის საზღვაო უსაფრთხოების სპეციალისტის, კევინ როულენდსის შეფასებით, თუ ტანკერები საბოლოოდ აშშ-ში დიზელს არ ჩაიტანენ, შეთანხმება პრაქტიკულად დასრულებულია.

„დიზელის შეთანხმება, პრაქტიკული თვალსაზრისით, მკვდარია. თეორიულად, ის შეიძლება კვლავ ძალაში დარჩეს, თუმცა არ მჯერა, რომ უახლოეს მომავალში აშშ-ის გავლით რუსული ნავთობის ან დიზელის მნიშვნელოვანი მოცულობა გადაიზიდება“, – განაცხადა როულენდსმა.

მისივე თქმით, სამივე ტანკერის მარშრუტი თავიდანვე არამდგრადი იყო.

შეთანხმების შესახებ 9 ოქტომბერს გამოცხადდა. ტრამპმა მაშინ სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ რუსული დიზელის იმპორტი ამერიკელებისთვის, განსაკუთრებით კი ფერმერებისთვის, მესაქონლეებისა და სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის, ფასების შემცირებას უზრუნველყოფდა.

ტრამპის განცხადების შემდეგ აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გამოსცა რეგულაცია, რომელიც ამერიკულ კომპანიებს არსებული სანქციების მიუხედავად რუსული დიზელის შეძენის, ტრანსპორტირების, გემებიდან გადმოტვირთვისა და იმპორტის უფლებას აძლევდა.

თავის მხრივ, მოსკოვმა დიზელის ექსპორტზე აკრძალვა გააუქმა. შეზღუდვა რამდენიმე თვით ადრე რუსეთში საწვავის დეფიციტის გამო დაწესდა, რომელიც უკრაინის მიერ რუსეთის ნავთობობიექტებზე განხორციელებულმა საჰაერო დარტყმებმა გამოიწვია.

შედეგად, სამმა ტანკერმა რუსეთი აშშ-ში დიზელის ჩატანის ოფიციალური მიზნით დატოვა. მათი გადაადგილების თვალყურის დევნება და მონიტორინგი შესაძლებელი გახდა ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კომპანიების საქმიანობის წყალობით, როგორიცაა Greenpeace და Kpler.

რატომ შეიცვალა ტანკერების მარშრუტი

ტრამპის გადაწყვეტილებამ რუსული დიზელის იმპორტის დაშვების შესახებ აშშ-ში პოლიტიკური სპექტრის ორივე მხარის პროტესტი გამოიწვია. ანალიტიკოსები ეჭვქვეშ აყენებდნენ შეთანხმების ეკონომიკურ მიზანშეწონილობასაც. მათი შეფასებით, რუსეთიდან დაპირებული რამდენიმე ასეული ათასი მეტრული ტონა დიზელი აშშ-ის მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ერთი დღის განმავლობაშიც კი საკმარისი არ იქნებოდა.

მიუხედავად ამისა, სამი ტანკერის ამერიკის პორტებში ჩასვლა ტრამპს საშუალებას მისცემდა, ეთქვა, რომ დანაპირები შეასრულა.

საკონსულტაციო კომპანია Enmetena Advisory-ის დამფუძნებლისა და წიგნის „ეკონომიკური ომი: უკრაინა და გლობალური კონფლიქტი რუსეთსა და დასავლეთს შორის“ ავტორის, მაქსიმილიან ჰესის განცხადებით, ტანკერების მარშრუტის შეცვლის ზუსტი მიზეზის დადგენა რთულია, თუმცა არსებობს რამდენიმე შესაძლო ახსნა.

პირველი მიზეზი რუსული დიზელის მყიდველებისთვის არსებულ სამართლებრივ და პოლიტიკურ რისკებს უკავშირდება, მიუხედავად იმისა, რომ ტრამპმა სანქციებიდან გამონაკლისის დაშვების დოკუმენტს ხელი მოაწერა.

საზღვაო უსაფრთხოების სპეციალისტის, კევინ როულენდსის განცხადებით, აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია საერთაშორისო შეთანხმების გაფორმება, თუმცა მის აღსრულებას ფედერალურ დონეზე ცალკეული შტატების გუბერნატორების წინააღმდეგობა შეიძლება შეხვდეს.

მაგალითად, ნიუ-ჯერსის დემოკრატმა გუბერნატორმა მიკი შერილი იმ პორტებს, რომლებიც რუსულ დიზელს მიიღებდნენ, სამართლებრივი დავითა და მილიონობით დოლარის ოდენობის ჯარიმებით დაემუქრა.

თავდაპირველი გეგმის მიხედვით, Agioi Fanendes-ს ტვირთი იმ პორტში უნდა ჩაეტანა, რომელიც ნაწილობრივ შერილის იურისდიქციაში ექცევა. ნიუ-იორკისა და ნიუ-ჯერსის პორტი ნიუ-იორკ-ნიუარკის მეტროპოლიურ რეგიონში მდებარეობს და ორივე შტატის ერთობლივი პორტების ადმინისტრაციის იურისდიქციაშია.

კიდევ ერთი პრობლემა აშშ-ში რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი სანქციების განსხვავებული სამართლებრივი რეჟიმებია. შეთანხმების მოწინააღმდეგეები ამტკიცებენ, რომ ტრამპის მიერ ხელმოწერილი ბრძანება არ ვრცელდება 2022 წლის კანონზე „რუსული ნავთობის იმპორტის შეწყვეტის შესახებ“ (Ending Importation of Russian Oil Act). აღნიშნული კანონის თანახმად, პრეზიდენტმა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციებიდან გამონაკლისის დაშვებამდე კონგრესის თანხმობა უნდა მიიღოს.

ჰესის განცხადებით, დამატებითი დაბრკოლებაა ევროკავშირისა და გაერთიანებული სამეფოს სანქციებიც. მისი შეფასებით, პირველ ორ ტანკერზე არსებული დიზელისთვის აშშ-ში მყიდველის პოვნა რთული აღმოჩნდა, რადგან არც ერთ კომპანიას არ სურდა სანქციების დარღვევის რისკის აღება.

სანქციები მოქმედებას იწყებს იმ შემთხვევაში, თუ სანქცირებული ნავთობის გარიგებაში ევროპული სუბიექტი: მზღვეველი, ბანკი ან სხვა შუამავალი მონაწილეობს.

ჰესის შეფასებით, თუ ტანკერების მარშრუტის შეცვლის მიზეზი სწორედ ეს იყო, მაშინ ეს „ევროპული პოლიტიკისა და სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ მიმართული ზომების გამარჯვებაა“.

ტრამპის დასუსტებული პოლიტიკური პოზიციაც შესაძლო მიზეზია

ტანკერების მარშრუტის შეცვლაზე შესაძლოა გავლენა აშშ-ში შეცვლილმა პოლიტიკურმა ვითარებამაც მოახდინა.

კევინ როულენდსის განცხადებით, მოსკოვმა გააცნობიერა, რომ დონალდ ტრამპმა პოლიტიკური ავტორიტეტი დაკარგა, ხოლო შუალედური არჩევნების შედეგებმა დაადასტურა, რომ ამერიკის პორტებში რუსული ტანკერების დაკავების რისკი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ეს კი კრემლისთვის მიუღებელი იქნებოდა.

მისივე შეფასებით, ისეთი გუბერნატორები, როგორიც მიკი შერილია, ახლა უფრო მეტად იქნებიან მზად, წინააღმდეგობა გაუწიონ დასუსტებული პრეზიდენტის გადაწყვეტილებებს.

კიდევ ერთი შესაძლო ვერსიაა, რომ ტანკერებს თავიდანვე არ ჰქონდათ განზრახული აშშ-მდე ჩასვლა.

საზღვაო უსაფრთხოების სპეციალისტი, დირკ ზიბელსი, რომელიც კომპანია Risk Intelligence-ში მუშაობს, ვარაუდობს, რომ ტრამპის გადაწყვეტილება მხოლოდ პოლიტიკური მიზნებით იყო განპირობებული და შუალედური არჩევნების წინ საწვავის ფასების შემცირებას ისახავდა მიზნად.

მისი თქმით, ტანკერების გამოსახულებები, რომლებიც თითქოს აშშ-ისკენ მიემართებოდნენ, ფინანსური ბაზრებისთვის კონკრეტული სიგნალის გაგზავნას ემსახურებოდა.

ამ ვერსიის მიხედვით, მოსკოვისთვის ტრამპთან შეთანხმების პოლიტიკური სარგებელი იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ რუსეთი მზად იყო, გემები თავდაპირველად აშშ-ის მიმართულებით გაეგზავნა, შემდეგ კი მათი მარშრუტი რეალური დანიშნულების ადგილებისკენ, მათ შორის ბრაზილიისკენ, შეეცვალა და დამატებითი სატრანსპორტო ხარჯებიც გაეღო.

„როგორც კი არჩევნები დასრულდა და ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, ამ ილუზიის შენარჩუნების მიზეზიც აღარ არსებობდა“, – განაცხადა როულენდსმა.

კევინ როულენდსის შეფასებით, საბოლოოდ, ტანკერების მარშრუტის შეცვლა ყველა მხარისთვის საუკეთესო შესაძლო შედეგია: აშშ თავიდან აიცილებს პრეზიდენტსა და დემოკრატებს შორის დაპირისპირების კიდევ ერთი მიზეზის გაჩენას, რუსეთი დიზელს სხვა ბაზრებზე გაყიდის, ევროპა კი ტრამპის რუსული დიზელის შეთანხმების ჩაშლას მიესალმება

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 06.11.2026, 20:53. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ