ლანჩხუთი წყალდიდობის შემდეგ: დატბორილი ქუჩები, ფეკალიები ეზოებში და მოუგვარებელი პრობლემები
უხვი ნალექის შედეგად ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ქუჩები და ეზოები დაიტბორა. მოსახლეობა წლებია ებრძვის კანალიზაციის პრობლემებს და გაუმართავ ინფრასტრუქტურას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს 5 ნოემბერს მოსულმა უხვმა ნალექმა სერიოზული პრობლემები შეუქმნა. ადიდებულმა ღელეებმა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობამ მრავალი ოჯახი დააზარალა, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლებიც კი. მერიის მიერ გააქტიურებულ ცხელ ხაზს მოქალაქეები უკმაყოფილებით შეხვდნენ, რადგან წლების განმავლობაში დაგროვილი ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავ მოუგვარებელი რჩება.
ქალაქის ანტისანიტარია და მოუგვარებელი კანალიზაცია
განსაკუთრებით მძიმე ვითარება შეიქმნა ქალაქ ლანჩხუთში, გია ურუშაძის ქუჩაზე, სადაც ყოველი წვიმის დროს კანალიზაციის ჭებიდან ფეკალური მასები ამოდის და მოსახლეობის ეზოებში იღვრება. ადგილობრივები წლებია უშედეგოდ აპროტესტებენ ამ მდგომარეობას. „სანამდე შეიძლება ასე იყოს და დედა უტიროს ჩვენს ეზოებს?! ფეკალიებში გვახრჩობენ ეს დამპლები, ხელფასებს იღებენ გემრიელად და არაფრის გამკეთებლები არიან“, – აცხადებენ აღშფოთებული მოქალაქეები, რომელთა თქმითაც, პრობლემის გადაჭრა საკანალიზაციო სისტემის სრულ გამოცვლამდე შეუძლებელია.
საცურაო მოედანი ქალაქის ქუჩებში
მძიმე მდგომარეობა იყო თამარ მეფის ქუჩის იმ ნაწილშიც, რომელიც რკინიგზის გადაღმა, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარედ მდებარეობს. მოქალაქეებს წყალში ცურვით უწევდათ გადაადგილება. „არ მოვიდნენ ახლა უცებ. თამარ მეფის ქუჩაზე, ქვევით სტადიონთან, ვერ გაივლით, გამოვცურე… ვინ არის გამკეთებელი? არც არავინ“, – აღნიშნავს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სახელმწიფო პროგრამით გადახურული სახლების პრობლემები
სტიქიის შედეგად დაზარალებულთა შორის არიან ის ოჯახებიც, რომელთა სახლებიც სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ახლახან გადაიხურა. ერთ-ერთი დაზარალებულის თქმით, სიხარული ნაადრევი აღმოჩნდა, რადგან სახურავიდან სამ ადგილას წყალმა ჟონვა დაიწყო და მეორე სართულიდან პირველზე ჩამოდის. პენსიონერი მოქალაქე საკუთარი სახსრებით შეკეთებას ვერ ახერხებს. ანალოგიურ პრობლემაზე საუბრობს კიდევ ერთი მოქალაქე, რომლის ჭერზე აკრული მასალა დიდთოვლობამ დააზიანა და ჩამოვარდა, ახლა კი ყოველ წვიმასა და ქარზე შიშში ცხოვრობს, მოხუცებულ დედას კი ალცჰაიმერი აქვს.
სოფლების იზოლაცია და გაუმართავი ინფრასტრუქტურა
უხვმა ნალექმა სოფლებშიც დიდი პრობლემები შექმნა. ადიდებულმა ღელეებმა ეზოები დატბორა, წყალი სახლებშიც შევიდა და რამდენიმე ადგილას მიწის ჩამოშლაც გამოიწვია. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოებში ნათლად ჩანს გაუმართავი სანიაღვრე არხები და დამწრეტი სისტემები. მოსახლეობა აცხადებს, რომ არხებს ან საერთოდ არ აკეთებენ, ან უხარისხოდ აშენებენ, რაც ყოველი გაწვიმებისას კატასტროფულ შედეგებს იწვევს.
აცანის „მუჭუტას“ უბნის მრავალწლიანი ტრაგედია
სოფელ აცანაში, „მუჭუტას“ უბანში, ყოველი წვიმა ნამდვილ კატასტროფად იქცევა. წლებია, სანიაღვრე არხების გაუმართაობის გამო, შიდა საუბნო გზები იტბორება და გადაადგილება შეუძლებელი ხდება. ადგილობრივი დავით ჩხაიძე აცხადებს, რომ სოციალურ ქსელში გავრცელებული დატბორილი ინფრასტრუქტურის ამსახველი კადრები მათი მწარე ყოველდღიური რეალობაა. მიუხედავად ადგილობრივი ხელისუფლებისადმი არაერთი მიმართვისა, პრობლემა წლების განმავლობაში რეაგირების გარეშე რჩება.
ისტორიული ხიდის ბედი და სატრანსპორტო კოლაფსი
პრობლემას ამწვავებს სტრატეგიული მნიშვნელობის საგზაო მონაკვეთის უფუნქციოდ დარჩენა. 1980-იან წლებში აგებული კაპიტალური ხიდი მდინარე აცაურაზე, რომელიც სოფელ მამათსა და ტელმანი-მუჭუტა-ეწერის უბნებს უმოკლესი გზით აკავშირებდა ზემო და ქვემო აკეთთან, გაგურსა და ჭანჭათთან, დღეს სრულად გამოუყენებელია. ეს კიდევ უფრო ართულებს ადგილობრივების გადაადგილებას და კომუნიკაციას.
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში არსებული ვითარება ნათლად აჩვენებს ინფრასტრუქტურის მოუგვარებელ პრობლემებს და ადგილობრივი მოსახლეობის მძიმე ყოფას, რომელიც წლების განმავლობაში უშედეგოდ ითხოვს ხელისუფლებისგან ქმედით ნაბიჯებს.
