შიო მესამე - უნდა უარვყოთ ყოველგვარი ცოდვა და მანკიერება ჩვენში, უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ სურვილზე, რომლებიც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება
ნამდვილი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ეძიებდეს ყოველთვის იმას, თუ რით ემსახუროს ღმერთს; ეცადოს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდეს. უნდა უარვყოთ ყოველგვარი ცოდვა
ნამდვილი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ეძიებდეს ყოველთვის იმას, თუ რით ემსახუროს ღმერთს; ეცადოს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდეს. უნდა უარვყოთ ყოველგვარი ცოდვა და მანკიერება ჩვენში, უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ სურვილზე, რომლებიც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა შიო მესამემ განაცხადა.მისი თქმით, ქრისტიანმა ადამიანმა უნდა დაითმინოს ყველა ის ყვედრება, შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა, რასაც ახორციელებს ცოდვისმოყვარე წუთისოფელი."ქრისტიანის ცხოვრება არა მხოლოდ ტაძრის კედლებში, არამედ ტაძრის გარეთაც დაკავშირებული უნდა იყოს ეკლესიურ ცხოვრებასთან. „ჭამთ, სვამთ თუ სხვა რამეს აკეთებთ, რასაც უნდა აკეთებდეთ, ღვთის სადიდებლად იქმოდეთ ამ ყველაფერს“ (1 კორ. 10, 31), – ბრძანებს იგივე მოციქული. ნამდვილი ქრისტიანი უნდა ცდილობდეს, ეძიებდეს ყოველთვის იმას, თუ რით ემსახუროს ღმერთს; ეცადოს, ყველაფერს ღვთის სადიდებლად აკეთებდეს. სწორედ ამას შეგვახსენებს დღეს წაკითხული სახარებაც. მოვისმინეთ უფალ იესო ქრისტეს სიტყვები: „თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს“ (ლკ. 9, 23). აი, ეს არის სულის გადარჩენის ერთადერთი გზა! რას ნიშნავს „უარყავ თავი თვისი“?! – ეს ნიშნავს, რომ უნდა უარვყოთ ყოველგვარი ცოდვა და მანკიერება ჩვენში, უარი უნდა ვთქვათ ყველა იმ სურვილზე, რომლებიც ღვთის ნებას ეწინააღმდეგება; როცა მე მინდა სხვა რამ, ვიდრე ის, რასაც მთხოვს უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუ ადამიანი მზად არის ასეთი უარყოფისთვის, ეს არის პირველი ნაბიჯი იმისკენ, რომ ნამდვილი ქრისტიანები გავხდეთ. რას ნიშნავს „აიღე შენი ჯვარი“?! – ეს ნიშნავს, რომ დავითმინოთ ყველა ის ყვედრება, შეურაცხყოფა, წინააღმდეგობა, რასაც ახორციელებს ეს ცოდვისმოყვარე წუთისოფელი მორწმუნის მიმართ. დავითმინოთ ასევე ის უხილავი ღვაწლი, შრომა, თუ გნებავთ, მოწამეობაც, როგორც წმინდა მამები ამას უწოდებენ, რაც ახლავს ჩვენს დაცემულ ბუნებასთან ბრძოლას, ჩვენს სხეულთან, ჩვენს ცოდვებთან, ჩვენს ვნებებთან ბრძოლას, ასევე, რაც ახლავს ბრძოლას ეშმაკთან და ბოროტ სულებთან, რომლებიც გააფთრდებით ებრძვიან ქრისტიანს. „აიღო ჯვარი“ ნიშნავს ასევე – სიმდაბლით, მორჩილებით მივიღოთ ღვთისაგან ჩვენი ცოდვების განსაწმენდელად, საკურნებელად მოვლენილი, დაშვებული მწარე წამლები სხვადასხვა განსაცდელის თუ მწუხარების სახით. რატომ ამბობს უფალი „ჯვარი შენი“? იგი ამბობს სიტყვას „შენ“. „ჯვარი შენი“ ნიშნავს, უნდა იტვირთო სწორედ ის, რაც ჩამოვთვალე და რასაც ეკლესიის მამები „მცირე ჯვრებს“ უწოდებენ – სწორედ ის ჯვარი, რომელიც შენია, მხოლოდ შენ დაგადო უფალმა და მხოლოდ შენ უნდა ზიდო. ვინც ტვირთულობს თავის ჯვარს ამგვარად – თავის უარყოფით, თავგანწირულად – ასეთი ადამიანი ურიგდება თავის თავს, თავის შინაგან თუ გარეგნულ გარემოებებს, თავის მდგომარეობას და მხოლოდ ასეთ ადამიანს შეუძლია გონივრულად და სწორად აიღოს ქრისტეს ჯვარი და შეუდგეს უფალს.და კიდევ ერთი, რაც მინდა ვთქვა, რასაც ამბობს უფალი იესო ქრისტე დღევანდელი სახარების ბოლოს. ეს ეპიზოდი მთავრდება შემდეგი სიტყვებით: „რას არგებს ადამიანს, თუ შეიძენს მთელ მსოფლიოს, თავის თავს კი დაკარგავს და ავნებს?!“ (ლკ. 9, 25), რას მისცემს კაცი თავისი სულის სანაცვლოდ?! ეს კი უკვე ეხება მათ შორის ისეთ ადამიანებს, ვინც ფიქრობს, რომ ცოდვის გზით, ცოდვის საშუალებით მიღებული შემოსავალი შეიძლება იყოს სასარგებლო ადამიანისთვის, ოჯახისთვის, თუ გნებავთ, ქვეყნისთვისაც. რა თქმა უნდა, ასე ფიქრი ძალიან დიდი შეცდომა და სულიერი ცხოვრების კანონების არცოდნაა, იმიტომ, რომ ასეთი შემოსავლით ვერავინ ვერ იხეირებს, ვერანაირ სარგებელს ვერ მიიღებს, არამედ, პირიქით, ასეთი შემოსავალი დასასჯელი ხდება იმ ადამიანისთვის, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს. ახლა აღარ ჩამოვთვლი, ამის ბევრი გზა და საშუალება არსებობს. მეტსაც გეტყვით, წმინდა ეკლესიის მამების სწავლებით, არა მხოლოდ ის ისჯება, ვინც ამ გზით იღებს შემოსავალს, არამედ უფრო მეტად ღვთისგან ისჯება ის ადამიანი, ვინც ხელს უწყობს და ახალისებს ამ ცოდვის არსებობას და ჩადენას. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, კარგად დავიხსომოთ უფალ იესო ქრისტეს ეს სიტყვები: „თუ ვინმეს უნდა მე გამომყვეს, უარყოს თავი თვისი, აიღოს თავისი ჯვარი და მე შემომიდგეს“ (ლკ. 9, 23). ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - განაცხადა პატრიარქმა შიო მესამემ.
SAY.GE · მანკიერება (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

