გაფრთხილება ამინდის გაუარესების შესახებ - მოსალოდნელია, შტორმი, ძლიერი თოვა
სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი ინტენსივობით.
"შესაძლებელია ელჭექი, ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმი, მაღალმთიან ზონებში ზოგან ძლიერი თოვა, ქარბუქი და ნისლი.
დიდთოვლობის, ქარბუქისა და ხილვადობის გაუარესების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია აჭარა-გურიის მდინარეებისა და მათი შენაკადების ქვემო წელში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ურბანულ ტერიტორიებზე ცალკეული ადგილების დატბორვა გამოიწვიოს (საფრთხის დონე - საშუალო)",- ნათქვამია ინფორმაციაში.


