პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

„ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ დადებითად ეკიდება ყველა „მეგობრულ რუსულ-ქართულ ინიციატივას“ და თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციის ნაცვლად, საელჩოს ქონის სურვილს გამოთქვამს. ზახაროვას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ფონდ „რუსებისა და…

„ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“ — ზახაროვა თბილისთან დიპლომატიურ ურთიერთობებზე
ფოტო: ნეტგაზეთი

06.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა ამბობს, რომ დადებითად ეკიდება ყველა „მეგობრულ რუსულ-ქართულ ინიციატივას“ და თბილისში რუსეთის ინტერესთა სექციის ნაცვლად, საელჩოს ქონის სურვილს გამოთქვამს.

ზახაროვას პრესკონფერენციაზე ჰკითხეს ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ფონდ „რუსებისა და ქართველების ერთობის“ ინიციატივებზე, რაზეც თქვა, რომ მიესალმება „ყველა სასარგებლო წამოწყებას“, რომელიც საგანმანათლებლო და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარებას ისახავს მიზნად და რომელსაც საზოგადოებრივი, სამეცნიერო და კულტურული წრეების წარმომადგენლები ახორციელებენ.

„მიგვაჩნია, რომ ახალი ფონდის საქმიანობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს ხალხებს შორის კავშირების შემდგომ გაფართოებაში. მზად ვართ, შევისწავლოთ ფონდის მიერ განსახორციელებელი კონკრეტული პროექტები, რათა განვსაზღვროთ მათთვის აუცილებელი მხარდაჭერის აღმოჩენის შესაძლებლობა. ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის. ამასთან დაკავშირებით შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენ ან საქართველოში ჩვენს ინტერესთა სექციას — რა თქმა უნდა, ვისურვებდი, მეთქვა საელჩო“, — განაცხადა ზახაროვამ.

მამუკა ფიფია არის ბიზნესმენი, რომელსაც რუსეთისა და საქართველოს ორმაგი მოქალაქეობა აქვს. ის ღიად პრორუსული პოლიტიკური პარტიის — „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ — ერთ-ერთი ლიდერია. იგი საჯარო სივრცეში ძირითადად ცნობილია კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერი განცხადებებით. მხარს უჭერს რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინაში. ფიფიას სახელი ასევე ფიგურირებდა აშშ-ის მიერ სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმეში, სადაც ფიფია დაცვის მხარის მოწმედ მოიაზრებოდა და ღიად დასტურდებოდა ფარცხალაძესთან მისი კავშირები. ცოტა ხნის წინ ფიფიამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც რუსეთის სამხედრო ფორმით ვარჯიშობს რუსულ ტანკზე და განაცხადა, რომ თუ საჭირო გახდება, რუსეთის მიერ წარმოებულ ომში წავა.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 06.11.2026, 16:48. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ