გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი Magna Charta Universitatum 2020-ის ხელმომწერი უნივერსიტეტი გახდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი Magna Charta Universitatum 2020-ის ხელმომწერ უნივერსიტეტთა საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდა
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი Magna Charta Universitatum 2020-ის ხელმომწერ უნივერსიტეტთა საერთაშორისო საზოგადოებას შეუერთდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ერთგულება აკადემიური თავისუფლების, უნივერსიტეტის ავტონომიისა და საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობის პრინციპებისადმი, - ამის შესახებ ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ხელმოწერის ოფიციალური ცერემონია 2026 წლის 16 ოქტომბერს ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში, ვილნიუსის უნივერსიტეტში, გაიმართა.
Magna Charta Universitatum 2020-ზე ხელმოწერით გრუნი საჯაროდ ადასტურებს, რომ უნივერსიტეტის განვითარება უნდა ეფუძნებოდეს საერთო აკადემიურ ღირებულებებსა და მათ განხორციელებას ყოველდღიურ პრაქტიკაში.
გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისთვის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია რამდენიმე მიმართულებით:
აკადემიური თავისუფლება და პასუხისმგებლობა —თავისუფალ, არგუმენტებულ დისკუსიაში მონაწილეობა და იდეების განვითარება;
ინსტიტუციური ავტონომია — უნივერსიტეტის დამოუკიდებელი და პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილებების მნიშვნელობის დადასტურება;
სტუდენტზე ორიენტირებული აკადემიური გარემო — მრავალფეროვნების პატივისცემა, სამართლიანი მიდგომები და უნივერსიტეტის ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობები;
საერთაშორისო თანამშრომლობა — საერთო ღირებულებების საფუძველზე უნივერსიტეტებს შორის დიალოგისა და გამოცდილების გაცვლის გაღრმავება;
საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობა — განათლებისა და კვლევის დაკავშირება საზოგადოების საჭიროებებთან.
გრუნი ამ პრინციპებს განიხილავს როგორც ორიენტირს სწავლების, კვლევის, მართვისა და საერთაშორისო ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის. ხელმომწერ უნივერსიტეტთა საზოგადოებაში მონაწილეობა ქმნის დამატებით სივრცეს გამოცდილების გაზიარებისა და ღირებულებებზე დაფუძნებული თანამშრომლობისთვის.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, Magna Charta Universitatum 2020-ზე ხელმოწერა მნიშვნელოვანი ეტაპია საერთაშორისო აკადემიურ საზოგადოებასთან ურთიერთობის გაღრმავებისა და იმ ღირებულებების განსამტკიცებლად, რომლებიც გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მისიას უდევს საფუძვლად.
Magna Charta Universitatum-ი უნივერსიტეტების ფუნდამენტური ღირებულებებისა და პასუხისმგებლობების განმსაზღვრელი საერთაშორისო დეკლარაციაა. დოკუმენტს პირველად 1988 წელს, ბოლონიის უნივერსიტეტის 900 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოეწერა ხელი. მისი განახლებული, 2020 წლის, ვერსია ინარჩუნებს თავდაპირველ პრინციპებს და ასახავს თანამედროვე უნივერსიტეტების უფრო ფართო საზოგადოებრივ პასუხისმგებლობას.
დეკლარაციის საფუძველია აკადემიური თავისუფლება, ინსტიტუციური ავტონომია, სწავლებისა და კვლევის ერთიანობა, თავისუფალი აზროვნება და ღია დიალოგი. იგი, ასევე, ხაზს უსვამს ინკლუზიურობას, თანასწორ შესაძლებლობებსა და უნივერსიტეტების პასუხისმგებლობას საზოგადოების კეთილდღეობისა და მდგრადი განვითარების მიმართ.
