Samsung-მა Apple-ის დასაკეცი iPhone ახალ სარეკლამო კამპანიაში გააშარჟა | Marketer
Samsung-მა Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს, ეკრანის პრობლემები მარკეტინგულ კამპანიაში გამოიყენა. კომპანიის ახალ სარეკლამო მასალებში,
Samsung-მა Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს, ეკრანის პრობლემები მარკეტინგულ კამპანიაში გამოიყენა. კომპანიის ახალ სარეკლამო მასალებში, რომლებიც Galaxy Z Fold8-ს უწევს პოპულარიზაციას, მინიშნებებია Apple-ის მოწყობილობებზე დაფიქსირებულ დაზიანებებზე.
კამპანიის ვიზუალურ მასალებზე ყოველდღიური სცენებია გამოსახული: ბავშვი ძაღლთან ერთად, გოგონა დონატით ხელში და სპირალური კიბე. თითოეულ ფოტოს შუაში ვერტიკალური ნაკეცი და მის გასწვრივ მკვეთრი, მანათობელი ხაზები კვეთს, რაც iPhone Duo-ს ეკრანებზე დაფიქსირებულ დაზიანებას მოგვაგონებს.
ვიზუალებს თან ახლავს ფრაზები: Folding is nothing new to us; Folding. We know a thing or eight. კამპანია კი პირდაპირი მოწოდებით სრულდება: „გადაერთე Galaxy Z Fold8-ზე“.
Samsung-ის ინფორმაციით, სარეკლამო კამპანია მობილური ბილბორდების საშუალებითაც გავრცელდა.
რა პრობლემას ეხმაურება Samsung?
კამპანიის საფუძველი Apple-ის პირველი დასაკეცი სმარტფონის, iPhone Duo-ს, ეკრანთან დაკავშირებული პრობლემებია. მოწყობილობის გაყიდვების დაწყებიდან მალევე მომხმარებლებმა ეკრანის ცენტრალურ ნაწილში ბზარებისა და მანათობელი ხაზების გაჩენის შესახებ დაიწყეს საუბარი. დაზიანებები უმეტესად ეკრანის დაკეცვის ადგილას ფიქსირდებოდა, რის გამოც სოციალურ ქსელებში ამ შემთხვევებს “Crackgate“ შეარქვეს.
Apple-მა 26 ოქტომბერს დაადასტურა, რომ პრობლემა მოწყობილობების მცირე რაოდენობას შეეხო და დაზიანებული ტელეფონების მფლობელებს AppleCare-ის მეშვეობით ჩანაცვლება შესთავაზა. კომპანიას პრობლემის კონკრეტული მიზეზი ან დაზიანებული მოწყობილობების ზუსტი რაოდენობა არ დაუსახელებია.
Samsung-ის გამოცდილება, როგორც მთავარი უპირატესობა
კამპანიის გზავნილი Samsung-ის დასაკეცი მოწყობილობების წარმოებაში დაგროვილ გამოცდილებას უკავშირდება. კომპანიამ პირველი Galaxy Fold 2019 წელს გამოუშვა, Galaxy Z Fold8 კი ამ ხაზის მერვე თაობას წარმოადგენს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ პრობლემების გარეშე Samsung-ის ისტორიაც არ დაწყებულა. პირველი Galaxy Fold-ის გაყიდვების დაწყებამდე კომპანიას მოწყობილობის დიზაინის შეცვლა მოუწია.
ამ კამპანიით Samsung საკუთარ გამოცდილებას Apple-ის პირველ მცდელობას უპირისპირებს და მომხმარებელს მიანიშნებს, რომ დასაკეცი სმარტფონების შექმნაში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.
Apple-სა და Samsung-ს შორის კონკურენტული სარეკლამო კამპანიები სიახლე არ არის. Samsung წლების განმავლობაში იყენებს ირონიულ გზავნილებს Apple-ის პროდუქტების გასაკრიტიკებლად და საკუთარ მოწყობილობებთან შესადარებლად. ახალი კამპანია ამ სტრატეგიის კიდევ ერთი მაგალითია. ამჯერად ბრენდმა კონკურენტის ტექნიკური პრობლემა საკუთარი პროდუქტის უპირატესობის წარმოსაჩენად გამოიყენა.
SAY.GE · გააშარჟა (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


