სამშაბათი, 3 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ქალების შრომას | Marketer

ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე მსჯელობისას ყურადღება ხშირად მილევად პროფესიებზე, ავტომატიზაციასა და მომავლის საჭირო უნარებზე მახვილდება. ნაკლებად განიხილება

როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ქალების შრომას | Marketer
ფოტო: მარკეტერი

ხელოვნური ინტელექტის გავლენაზე მსჯელობისას ყურადღება ხშირად მილევად პროფესიებზე, ავტომატიზაციასა და მომავლის საჭირო უნარებზე მახვილდება. ნაკლებად განიხილება ის, თუ რა ემართება სამუშაო ენერგიასა და საქმით მიღებულ კმაყოფილებას. ამასთან, კითხვები ზოგადად მომუშავე ადამიანების ირგვლივ ისმება, თითქოს შედეგი კაცებისა და ქალებისთვის თანაბარი იყოს. რეალობა განსხვავებულია. ქალები და კაცები სხვადასხვა სექტორში არიან წარმოდგენილნი, ორგანიზაციებში განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ და ერთი და იმავე საქმისთვის მათ განსხვავებულადაც აფასებენ. შესაბამისად, ტექნოლოგიური ტრანსფორმაცია ქალების დასაქმებაზე სრულიად სპეციფიკურ გავლენას ახდენს.

დადებითი მოლოდინები

სამუშაო ადგილების ზრდა დღეს დიდწილად იმ სექტორებში შეინიშნება, სადაც ტრადიციულად ქალები ჭარბობენ, და ეს სფეროები ალგორითმების პირდაპირი გავლენისგან შედარებით დაცულია. ჯანდაცვა და სოციალური ზრუნვა ახალი ვაკანსიების შექმნის მთავარ წყაროდ რჩება, რაც მოსახლეობის დაბერების გამო მომავალშიც გაგრძელდება. მზრუნველის ფუნქციას ენობრივი მოდელები ვერ ჩაანაცვლებს. ეს ფაქტორი ქალთა დასაქმებას იცავს, თუმცა ანაზღაურების საკითხს ვერ აგვარებს, რადგან მსგავსი შრომა კვლავ დაბალანაზღაურებადია და დიდწილად სახელმწიფო პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

ამავდროულად, ტექნოლოგიას შეუძლია შეამსუბუქოს ისეთი პოზიციების სიმკაცრე, რომლებიც თანამშრომლისგან ულიმიტო სამუშაო დროსა და ოფისში მუდმივ ყოფნას ითხოვს. იურისპრუდენციაში, ფინანსებსა და კონსულტირებაში მაღალი ანაზღაურება ხშირად უკავშირდება იმას, რომ ერთი კონკრეტული ადამიანი ფლობს კლიენტის მთელ ისტორიას. თუ ალგორითმები ამ ცოდნას გუნდისთვის მარტივად ხელმისაწვდომს გახდის, შეუცვლელობის ფაქტორი შემცირდება, რაც საქმეს უფრო მოქნილს გახდის მათთვის, ვისაც ოჯახური პასუხისმგებლობებიც აქვს.

კიდევ ერთი პოზიტიური ცვლილება რუტინული საოფისე საქმეების შემცირებაა. შეხვედრების ოქმების შედგენა, ჩანაწერების გაკეთება, განრიგის მართვა და წერილებზე პასუხი ის ამოცანებია, რომლებიც კარიერულ წინსვლას ნაკლბად უწყობს ხელს და ისტორიულად უფრო მეტად ქალებს ეკისრებათ. მათი ავტომატიზაცია ათავისუფლებს დროს უფრო თვალსაჩინო საქმეებისთვის. სამედიცინო სფეროშიც დოკუმენტაციის ელექტრონული მართვა ექთნებსა და ექიმებს საშუალებას აძლევს, მთავარ საქმეზე, პაციენტებთან ურთიერთობაზე გადაერთონ.

ტექნოლოგიები ამარტივებს მეწარმეობასაც. ქალების მიერ დაფუძნებულ სტარტაპებზე ვენჩურული კაპიტალის მხოლოდ 2% მოდის, რაც წლებია არ იცვლება. ციფრული დამხმარეების მეშვეობით დღეს ერთ ადამიანს შეუძლია ვებგვერდის გამართვა, ხელშეკრულებების მომზადება და მომხმარებლებთან კომუნიკაცია დიდი დანახარჯების გარეშე. შესაბამისად, ბაზარზე ერთი დამფუძნებლის მქონე სტარტაპების წილი საგრძნობლად იზრდება.

ამას ემატება ურთიერთობისა და თანაგრძნობის უნარების დაფასება. როდესაც ტექნოლოგია შემეცნებითი შრომის ტექნიკურ ნაწილს ითავსებს, იზრდება იმ თვისებების ფასი, რასაც მანქანა ვერ აკეთებს, როგორიცაა კოორდინაცია, ზრუნვა და კონტექსტის გათვალისწინებით გადაწყვეტილების მიღება. თუ ბაზარი ამ უნარებს სათანადოდ აღიარებს, მათი ანაზღაურებაც გაიზრდება.

საფრთხეები

დადებითი მოლოდინების პარალელურად, გამოწვევები საკმაოდ მძიმეა. ის ოფისის პოზიციები, რომლებსაც გენერაციული ალგორითმები ყველაზე მეტად ემუქრება, უმეტესად ქალებს უკავიათ. საერთაშორისო შეფასებებით, განვითარებულ ქვეყნებში ქალთა სამუშაო ადგილების 9.6% ტექნოლოგიური ჩანაცვლების მაღალი რისკის ქვეშაა, კაცების შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი მხოლოდ 3.5%-ია. მიზეზი საქმისწარმოებასა და დამხმრე ადმინისტრაციულ პოზიციებზე ქალების მაღალი კონცენტრაციაა. თვალსაჩინო მაგალითია მთარგმნელობითი სფერო, სადაც დასაქმებულთა უმრავლესობა ქალია და სადაც სამუშაო ადგილების კლებამ უკვე იჩინა თავი, დარჩენილი სპეციალისტები კი ხშირად მანქანური ტექსტების დაბალანაზღაურებად დამუშავებაზე გადადიან.

დამწყები პოზიციების გაქრობა კარიერულ კიბეს ძირს აცლის. წლების განმავლობაში ასისტენტისა თუ მდივნის პოზიცია უმაღლესი განათლების არმქონე ქალებისთვის სამსახურის დაწყებისა და დაწინაურების მთავარი გზა იყო, საიდანაც შესაძლებელი ხდებოდა ოფისის თუ საოპერაციო მენეჯერის პოზიციამდე მისვლა. ამ საფეხურების გაუქმება დასაქმების პირველად წვდომას საგრძნობლად ზღუდავს.

კვლევები იმასაც აჩვენებს, რომ ტექნოლოგიების გამოყენებისას ქალების კომპეტენცია საზოგადოების თვალში უფრო მკაცრად ზარალდება. იდენტური პროგრამული კოდის შეფასებისას, ქალის მიერ ალგორითმის გამოყენება მის პირად კომპეტენციას 13%-ით ამცირებდა, კაცის შემთხვევაში კი ეს კლება მხოლოდ 6% იყო. შეფასებისას იქმნება ვითარება, როდესაც ქალის მიერ ხელსაწყოს გამოყენება მანქანის დამსახურებად ითვლება, კაცის შემთხვევაში კი მის სწორ მიგნებად და უნარად ფასდება.

თავად მაღალანაზღაურებად ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში ქალების ჩართულობა კვლავ დაბალია. ახალი თანამშრომლების აყვანისას ამ სფეროში ქალებზე მხოლოდ 26% მოდის, მმართველ რგოლში კი მათი წილი 13%-ს არ აღემატება.

შესაბამისად, ხელსაწყოები იქმნება მონაცემებზე, რომლებიც ისტორიულ უთანასწორობას იმეორებს. ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ იდენტურ მონაცემებზე დაყრდნობით ხელფასის მოლაპარაკებისას ალგორითმები ქალებს უფრო დაბალი თანხის მოთხოვნას ურჩევენ, ვიდრე კაცებს. წარსულში მსხვილი კომპანიების ავტომატური შემრჩევი სისტემებიც კი ბლოკავდნენ რეზიუმეებს, სადაც სიტყვა ქალი ფიგურირებდა.

გარდა ამისა, ძველი საოფისე რუტინა ხშირად ახლით იცვლება. მანქანის მიერ შექმნილ შავ მასალას, შეცდომებსა და გამონაგონ მონაცემებს გადამოწმება და გასწორება სჭირდება, რაც დროს მოითხოვს და ეს დამღლელი გასუფთავების პროცესი ისევ იმ თანამშრომლებს ეკისრებათ, ვინც მანამდე რუტინულ საქმეს აკეთებდა.

ის სამუშაოები კი, რომლებსაც ალგორითმები ვერ ასრულებს, მკაცრი ელექტრონული კონტროლის ქვეშ ექცევა. ქოლცენტრებსა და შინმოვლის სფეროში, სადაც მომუშავეთა აბსოლუტური უმრავლესობა ქალია, სისტემები წამზომებით, ადგილმდებარეობის მუდმივი თვალთვალითა და მკაცრი გრაფიკებით მოქმედებს. თანამშრომლები ინარჩუნებენ სამსახურს, თუმცა კარგავენ დამოუკიდებლობას სამუშაო პროცესში.

უსაფრთხოების კუთხით კი უდიდეს საფრთხედ ყალბი ვიდეოების შექმნა იქცა. ინტერნეტში გავრცელებული გაყალბებული ვიდეოების სამიზნე თითქმის სრულად ქალები არიან. საჯარო სივრცეში მყოფი ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და დამფუძნებლები იმ რისკის წინაშე დგებიან, რაც კაცებს თითქმის არ ემუქრებათ, რის გამოც ბევრი ქალი იძულებული ხდება, საჯარო აქტივობა შეამციროს.

სამომავლო პერსპექტივა

უარყოფითი მხარეები დღეს უფრო მძიმედ იგრძნობა, რადგან საფრთხეები უკვე რეალობაა, დაწყებული სამუშაო ადგილების შემცირებით და ციფრული უსაფრთხოების რისკებით გაგრძელებული.

დადებითი შესაძლებლობები კი ჯერ კიდევ სამომავლო პირობებზეა დამოკიდებული. სამუშაო გარემოს შემსუბუქება მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კომპანიები პროცესბს მიზანმიმართულად გადააწყობენ, ხოლო ზრუნვისა და კომუნიკაციის უნარები მხოლოდ მაშინ დაფასდება, როცა დამსაქმებლები მათ რეალურ ღირებულებას აღიარებენ.

ვითარების შეცვლა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ კომპანიები სამუშაო პირობების, შეფასებისა და თანამშრომელთა შერჩევის დროს, და რამდენად შეუწყობს ხელს სახელმწიფო პოლიტიკა სოციალური სფეროს ღირსეულ დაფასებას.

წყარო: Fastcompany

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 03.11.2026, 16:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ