“რამდენ რუსს შეუძლია თქვას, რომ ამას გაბედავს?” - ინტერვიუ “ლამაზმანების არმიის” ლიდერის დედასთან
„ხალხო, დაგვეხმარეთ, ხალხო, დაგვინახეთ, მოგვისმინეთ“. - ითხოვს ევგენია იუსუპოვა, ბელგოროდელი მოხალისის, ნადინ გაისლერის დედა, რომლის შვილსაც 22-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ეს რუსეთის ფედერაციის არსებობის ისტორიაში არაძალადობრივი დანაშაულისთვის ქალის მიმართ გამოტანილი ყველაზე მკაცრი განაჩენია.
ნადინ გაისლერი (ნამდვილი სახელი და გვარია ნადეჟდა როსინსკაია; ნადინი დედის მხრიდან ბაბუის გვარს ატარებს) „ლამაზმანების არმიის“ დამაარსებელი და ლიდერია - ქალთა მოხალისეთა მოძრაობა ბელგოროდში უკრაინასთან ომის დაწყების შემდეგ შექმნა. „ლამაზმანები“ აგროვებდნენ ჰუმანიტარულ დახმარებას მოსაზღვრე რეგიონებში ომით დაზარალებული უკრაინელებისთვის, ოკუპირებულ ზონებში ჩატოვებული ცხოველები უსაფრთხო ადგილას გადაჰყავდათ და რაც მთავარია, უკრაინელ ლტოლვილებს ევაკუაციაში ეხმარებოდნენ - ოკუპირებული ტერიტორიებიდან უკრაინაში დაბრუნებაში.
გეისლერმა რუსეთი 2023 წლის მაისში, მუქარებისა და დაკავების საფრთხის გამო დატოვა და გარკვეული ხანი საქართველოშიც ცხოვრობდა. 2024 წლის იანვარში რუსეთში დაბრუნდა, 1 თებერვალს კი ბელგოროდში „ეფესბემ“ დააკავა. 2025 წლის ივნისში ახალგაზრდა ქალი დამნაშავედ ცნეს სახელმწიფო ღალატში, ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობასა და სახელმწიფოს უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისკენ საჯარო მოწოდებებში. თავად გეისლერი და მისი დაცვის მხარე უარყოფენ, რომ ინსტაგრამის ანგარიში, რომელზეც გამოქვეყნებული პოსტებიც საქმის აღძვრის საბაბი გახდა, მას ეკუთვნოდა.
გეისლერის ოჯახი - დედა და მამინაცვალი - რუსეთიდან ბელარუსში წავიდა, თუმცა, როგორც დედა ჩვენთან ინტერვიუში ჰყვება, იქაც კგბ-ს თანამშრომლების ძალადობასა და მუქარას შეეჯახნენ, შემდეგ კი ქვეყნის დატოვება მოსთხოვეს.
ახლა ნადინის დედა სომხეთში ცხოვრობს, მისი შვილი კი სასჯელს ალთაის მხარის კოლონიაში იხდის.
რადიო თავისუფლება: როდის და როგორ წახვედით რუსეთიდან?
ევგენია იუსუპოვა: 2025 წლის ივნისში. თავდაპირველად ბელარუსში, ქმრის ხანდაზმულ ნათესავებთან მოგვიწია წასვლა, მათ მოვლა სჭირდებოდათ. მაგრამ ბელარუსის კაგებე შემოვარდა ჩვენთან სახლში, ყველანი დაგვკითხეს, და მიუხედავად იმისა, რომ არანაირ საფრთხეს არ წარმოვადგენდით, ათი წლით გაგვაძევეს. კვირა-ნახევარი მომცეს, ჩემოდნები ჩაალაგეთ და წადით, თორემ იზოლატორში გამოგკეტავთ, მერე კი რუსეთში გადაგაგზავნითო.
საემიგრაციო სამსახურის მიერ გაცემულ საბუთში წერია, რომ არც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა მქონდა ჩადენილი, არც სისხლის სამართლის დევნა მიმდინარეობდა ჩემ წინააღმდეგ, არანაირი დარღვევა არ იყო, მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება ბელარუსის რესპუბლიკის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე მიიღეს. ბელარუსიდან სომხეთში წავედით.
რადიო თავისუფლება: ნადინის სასჯელი - 22 წელი - უპრეცედენტოა. როგორ მივიდნენ ვადამდე - რას ედავებიან და რა დაუმტკიცდა?
ევგენია იუსუპოვა: იმას ედავებიან, რომ უკრაინული პასპორტების მქონე ადამიანებს ეხმარებოდა. რუსეთში ეს დანაშაულია: ისინი მტრები არიან, ის კი მათ აჭმევდა, მკურნალობდა, დაბომბვის ზონებიდან გამოსვლაში ეხმარებოდა.
ამას გარდა, იყო ბრალდებები, რომლებიც წელიწად-ნახევრიანი გამოძიების განმავლობაშიც ვერ დაუმტკიცეს. დააბრალეს, რომ ინსტაგრამში ანგარიში შექმნა და ხალხს უკრაინის შეიარაღებული ძალების, კერძოდ, „აზოვის“ დაფინანსებისკენ მოუწოდებდა.
მას ეს ანგარიში არ შეუქმნია, მის შესახებ მხოლოდ სასამართლოზე გაიგო. სანამ საქმის განხილვა მიმდინარეობდა, მოვითხოვეთ, ამ ანგარიშის შესახებ რაიმე ინფორმაცია მაინც მოეცათ. გვითხრეს, ეს არხი, ეს გვერდი აღარ არსებობსო. გამოძიების მიმდინარეობისას „რატომღაც“ არსებობა შეწყვიტა.
რადიო თავისუფლება: ანუ მიუხედავად იმისა, რომ ბრალდებების მნიშვნელოვანი ნაწილი ვერ დაუმტკიცეს, ციხეში მაინც 22 წლით გაუშვეს. როგორ ფიქრობთ, რა ელის მას?
ევგენია იუსუპოვა: ბოლო სხდომა, რომელზეც განაჩენი გამოაცხადეს, აბსოლუტური ფარსი იყო, სიურრეალიზმი. შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავად მოსამართლეც კი შოკში იყო იმით, რის გაკეთებასაც სთხოვდნენ. იყო ასეთი ბრალეულობაც: თითქოს ჩემი შვილი უკრაინის რომელიღაც ქალაქში იჯდა და დრონებს მართავდა, რომლებიც ბელგოროდის თავზე დაფრინავდნენ. თავად მოსამართლემაც კი გაიკვირვა: ბრალს სდებთ, მაგრამ მის პასპორტში ერთი ბეჭედიც არ არის იმის დასტურად, რომ უკრაინაში იყოო. პასუხად მხრები აიჩეჩეს. რუსულ სასამართლოში ყველაფერი მოსულა, შეუძლიათ, ადამიანს უბრალოდ ბრალი წაუყენონ, მტკიცებულებები კი არ ჰქონდეთ. არ აქვთ და რა მერე, არც სჭირდებათ. აბრალებდნენ, რომ უკრაინაში ჩავიდა, დრონების მართვის რაღაც ტრენინგები გაიარა და მერე, თითქოს უკრაინის რომელიღაც ქალაქიდან, უშუალოდ ბელგოროდისკენ მიმავალ დრონებს მართავდა. ამ ბრალდებასთან დაკავშირებით გამოძიებამ საქმეში მოწმეებად ჩართო ხუთი ტყვედ ჩავარდნილი უკრაინელი სამხედრო, რომლებიც რუსეთის ციხეში ისხდნენ. თავისთავად ცხადია, როგორ დაამუშავებდნენ და რას იტყოდნენ ისინი.
რადიო თავისუფლება: როგორც მესმის, „ლამაზმანების არმია “ ნახევარდასთან, ლენასთან ერთად შექმნა. სად არის ახლა ლენა, რა ხდება მის თავს? რუსეთშია?
ევგენია იუსუპოვა: დიახ, ბელგოროდის ოლქშია. ახლა არაფერს აკეთებს, მშობლებთან ერთად ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს.
რადიო თავისუფლება: არაფერი ემუქრება?
ევგენია იუსუპოვა: არა. მისთვის რამის წაყენება რომ სდომებოდათ, მასაც გამოკეტავდნენ. როცა ნადინი დააკავეს, ერთდროულად მოვიდნენ, დილის რვა საათი იქნებოდა. „ეფესბეს“ ერთი ჯგუფი ჩვენთან მოვიდა, სოფელში, მეორე ნადინის ბინაში, მესამე კი მის დასთან.
სამივე მისამართზე ერთდროულად შემოცვივდნენ, ერთმანეთს ურეკავდნენ. კითხვას მისვამენ, ვპასუხობ, ისინი კი მაშინვე მეუბნებიან: „აი, თქვენმა ქალიშვილმა კი ახლა სულ სხვანაირად გვიპასუხა“, „აი, ელენა ეგოროვამ სწორედ ახლა სხვა პასუხი მოგვცა“. ასე მუშაობდნენ.
რადიო თავისუფლება: თქვენს შვილს 22 წლით ციხეში უშვებენ, მისი და კი იქ მშვიდად ცხოვრობს, არავინ აწუხებს...
ევგენია იუსუპოვა: იმიტომ, რომ მან ყველაფერი თქვა, რისი მოსმენაც უნდოდათ. თქვა, დიახ, უკრაინაში დავდიოდი, პროდუქტები და მედიკამენტები ჩამქონდა, „ლენტის მიღმა“, ანუ საზღვარგარეთაც ვიყავიო. ყველაფერი, რაც მისგან უნდოდათ, მიიღეს.
რადიო თავისუფლება: მაგრამ ნადინმაც ხომ იგივე აღიარა? 22 წლით ციხეში რატომ გაუშვეს, თუკი ორივე ერთსა და იმავეს აღიარებდა?
ევგენია იუსუპოვა: დიახ, მაგრამ „ლამაზმანების არმიაში“ ლენა უბრალოდ დამხმარის როლს ასრულებდა, საწყობში ნივთების, ორცხობილების, საფენების შეგროვებაში ეხმარებოდა. სერიოზულს არაფერს აკეთებდა, არც ხელმძღვანელობდა. ნადია კი, თუ რაიმე რთული საქმე იყო გასაკეთებელი, არავის ავალებდა, თვითონ მიდიოდა და აკეთებდა... ნადია იყო ამ წამოწყების სიმბოლო და სწორედ მისი ციხეში ჩასმა იყო მნიშვნელოვანი, თანაც ამ ხნით... ელენა მათთვის მხოლოდ მიზნის მისაღწევ ინსტრუმენტს წარმოადგენდა.
რადიო თავისუფლება: რამდენად ხშირად გაძლევენ შვილთან დაკავშირების უფლებას? ბოლოს როდის მოახერხეთ მასთან საუბარი ან შეტყობინებების გაცვლა?
ევგენია იუსუპოვა: პაემნები მხოლოდ ბელგოროდში გვქონდა. მერე, როცა ბელარუსში ვიყავით, კვირაში ერთხელ ტელეფონით ვლაპარაკობდით. ამას წერილებიც ემატებოდა.
ახლა შიპუნოვოში, ალთაის მხარეში იმყოფება. როცა კარცერიდან გამოვიდა, სადაც 46 დღე გაატარა, დამირეკა, სულ რაღაც 15 წუთით. ვკითხე, შვილო ისევ ისე დამირეკავ ხოლმე, როგორც ადრე?
მეუბნება - არა, ახლა პატიმრობის მკაცრ პირობებზე გადავყავართ. იქ დარეკვის უფლება არ გვაქვს, ზარები აკრძალულია. ეს სულ მცირე ერთი წელი გაგრძელდება. უბრალოდ, ვეხვეწე, ერთხელ მაინც მომეცით დედის ხმის გაგონების საშუალება, რომ დავრწმუნდე, ცოცხალია, არ მატყუებთ და ყველაფერი კარგად აქვს-მეთქი.
15 წუთი ვილაპარაკეთ. მოვასწარი მეთქვა, სად ვართ და რატომ. სულ ეს იყო, მეტს ტელეფონით ვეღარ ვილაპარაკებთ, მათთან ეს აკრძალულია.
მითხრა, სამედიცინო ნაწილის უფროსთან ცუდი ურთიერთობა მაქვსო. შიპუნოვოს კოლონიის მთავარმა ექიმმა უთხრა, შენი სამედიცინო საბუთები სულ „ფალშივკებია“, დიაგნოზები ყალბია და შენს მკურნალობას არ ვაპირებო: „თუ გინდა, დაწექი და მოკვდი, შენი არ მჯერა“. მერე კი ჩამწკრივებისას ყველას წინაშე აიძულა, მწყობრიდან გამოსულიყო და ყველაფერზე ელაპარაკა, რაც აწუხებდა, ყველა თავისი დიაგნოზი დაესახელებინა.
რადიო თავისუფლება: ვიცი, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს.
ევგენია იუსუპოვა: დიახ, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, მაგრამ ახლა ყველა წამალს ვეღარ მიიღებს. მაგალითად, ამიტრიპტილინი სჭირდებოდა, ამ ექიმმა კი აუკრძალა. ხერხემლის ზედა ნაწილში, კისრის მონაკვეთში აქვს პრობლემები. ეს ბავშვობიდან მოსდევს, პატარაობაში ძალიან აწუხებდა. როცა გაიზარდა, მასაჟებზე დადიოდა, მკურნალობდა და როგორღაც ისწავლა ამასთან გამკლავება. ახლა კი გამოდის, რომ მასაჟის გარეშეც დარჩა და მკურნალობის გარეშეც.
ქალური პრობლემებიც აწუხებს. ეტაპირებისას ძალიან გაუჭირდა: ყველა წამალი ჩამოართვეს და, ფაქტობრივად, გადარჩენისთვის იბრძოდა.
ახლა ცალკე საკანში მოათავსებენ, სადაც სამნი იქნებიან. ერთ-ერთი მათგანი, სხვათა შორის, ცნობილი პოლიტპატიმარი მარია პონომარენკოა. ცოტა დრო გვქონდა, მაგრამ ასე ამიხსნა: „დედა, ახლა ისეთივე პირობები მექნება, როგორიც საგამოძიებო იზოლატორში მქონდა. როგორც იქ ვიყავი, ახლაც ისე ვიქნები“.
რადიო თავისუფლება: როგორ ფიქრობთ, რუსეთის ხელისუფლება რას უპირებს?
ევგენია იუსუპოვა: იცით, იმაზე ფიქრიც კი მეშინია, კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ. მხოლოდ გულში, მუხლმოდრეკილი, ღმერთს ვევედრები, დახვრეტები ან კიდევ სხვა რამ არ შემოიღონ-მეთქი. აი, ამას ნამდვილად ვერ გადავიტან, ყველაზე მეტად სწორედ ამის მეშინია.
იმედი მაქვს, რომ მათ რაღაც გასაცვლელ მონეტად გამოიყენებენ, რომ მათ სანაცვლოდ მერე რაღაც პირობებს, შეღავათებს გამოივაჭრებენ. რაღაცის მიღწევას ეცდებიან, რაღაცის აღდგენას, თავის გამართლებას, როგორმე რეაბილიტაციას, საფასურს კი პოლიტპატიმრებით გადაიხდიან. ამის იმედი მაქვს.
აი, მაგალითად, როგორც ბელარუსში ალიაქსანდრ ლუკაშენკა მოიქცა. დაარქვით ამას ბაზარი, თუნდაც ვაჭრობა. შეიძლება ცუდიცაა, მაგრამ ადამიანებს სიცოცხლეს შეუნარჩუნებს.
რადიო თავისუფლება: ლუკაშენკამ სანქციების მოხსნა ითხოვა...
ევგენია იუსუპოვა: დიახ, დიახ. მან სანქციების მოხსნა მოითხოვა და ამის საფასური პოლიტპატიმრების გათავისუფლებით გადაიხადა.
რადიო თავისუფლება: იცოდით თქვენი შვილის საქმიანობის, „ლამაზმანების არმიის“ შესახებ? როგორ უყურებდით ამ ყველაფერს?
ევგენია იუსუპოვა: მან ადამიანები, ცხოველები, მოხუცები გადაარჩინა. თითქმის ოთხი ათასი ადამიანი მისი მადლიერია, გადარჩენილ ცხოველებს აღარც ვითვლი. ამ ადამიანებს ახსოვთ და იციან, რაც მან გააკეთა. განა ეს პატივისცემას არ იმსახურებს? განა ყველას შეუძლია ასეთი რამ? განა ამას უდიდესი პიროვნული სიმამაცე, ღირსება არ სჭირდება? რამდენ რუსს შეუძლია თქვას, რომ ამის გაკეთება ძალუძს, ამას გაბედავს?
რადიო თავისუფლება: პრეზიდენტ პუტინისთვის რაიმეს თქმის შესაძლებლობა რომ გქონდეთ, თქვენს შვილზე რას ეტყოდით?
ევგენია იუსუპოვა: ვეტყოდი: ღმერთმა განგიკითხოს. მიმაჩნია, რომ მას უფრო მაღალი და უფრო ჭეშმარიტი სასამართლო ელის, ვიდრე ის, რომლის წინაშეც ჩვენი შვილები წარდგნენ.
რადიო თავისუფლება: და რას ეტყოდით დასავლეთში ადამიანებს, მთავრობებსა და საზოგადოებებს თქვენი შვილის შესახებ, იმაზე, რაც ახლა მის თავს ხდება?
ევგენია იუსუპოვა: მინდა, პირველ რიგში ამ ადამიანებზე დაფიქრდნენ. მგონია, რომ მათზე ცოტას ზრუნავენ, მათ გადასარჩენად საკმარისს არ აკეთებენ. ისინი კი დღევანდელი რუსეთის ყველაზე ღირსეული ადამიანები არიან. ხომ გესმით, არა? საუკეთესო ადამიანები არიან. ყველა ვერ გააკეთებს იმას, რაც მათ შეძლეს. ისინი უნდა გადაარჩინოთ, როგორმე უნდა გამოიყვანოთ იქიდან, რადგან მათ გადარჩენა დაიმსახურეს.
როგორც ისინი იბრძოდნენ სხვებისთვის, ახლა თქვენც სცადეთ და მათთვის ისევე იბრძოლეთ. რაღაც მაინც გააკეთეთ. რუსეთში ძალიან ცოტა ადამიანმა გაბედა ეს და ჩემი შვილიც ერთ-ერთი მათგანია. ნუთუ არ დაიმსახურეს, რომ ახლა მთელი მსოფლიო მათ დასაცავად წამოდგეს ფეხზე?
თუ ამაზე დაწერთ, ეს ერთი წინადადებაც დაწერეთ, გთხოვთ: „ხალხო, დაგვეხმარეთ, ხალხო, მოგვისმინეთ, დაგვინახეთ, ხალხო, გთხოვთ“.
გახსოვდეთ, რომ მარტო ვერ გავუმკლავდებით ამ ყველაფერს - ჩვენ, დედები, მამები, უფლებადამცველები და მოხალისეები, მარტო ვერ გავუმკლავდებით. ჩვენ ცოტანი ვართ, ეს საკმარისი არ არის.
SAY.GE · გაბედავა (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე