„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვა. ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ პარტიის პრესსამსახურში დაუდაატურეს.
ოპოზიციის ალიანსის Facebook-გვერდზე გუშინ განახლებული ლოგო გამოქვეყნდა, რომელშიც „ნაციონალური მოძრაობის“ ლოგო აღარ ჩანს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დროებითი მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი ფავლენიშვილმა არაერთხელ თქვა, რომ ოპოზიციის ალიანსში შემავალ პარტიებთან გარკვეულ საკითხებზე უთანხმოებაა.
მისივე თქმით, ალიანსის წევრები „ნაციონალური მოძრაობისა“ და პარტიის ლიდერების ლანძღვით იყვნენ დაკავებული.
2026 წლის 2 მარტს 9 პროდასავლურმა პარტიამ დააფუძნა ოპოზიციის ალიანსი – ერთობა ერთად გამარჯვებისთვის! პარტიების განცხადებით, თანხმდებიან საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე.
ამჟამად ოპოზიციის ალიანში ერთიანდებიან: „ახალი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“, „დროა“, „ევროპული საქართველო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „თავისუფლების მოედანი“ და „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“.
პარტიების მთავარი მიზანია ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმის დასრულება, საქართველოს ევროატლანტიკური კურსის აღდგენა და დემოკრატიული მმართველობის, უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა კეთილდღეობის უზრუნველყოფა“.
„შეთანხმება ემყარება შემდეგ პრინციპებს:
• ერთობა ერთფეროვნების გარეშე:
ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე. ჩვენი ამოცანაა, როგორც ქვეყნის შიგნით ქართველ ხალხს, ისე ქვეყნის გარეთ საქართველოს მოკავშირეებს დავანახოთ, რომ წარმოვადგენთ ივანიშვილის ოლიგარქიული და ავტოკრატიული რეჟიმის დემოკრატიულ ალტერნატივას.
• დემოკრატიული ალტერნატივა:
პარტიები ვთანხმდებით, რომ ავტოკრატიულ რეჟიმს მხოლოდ მოქალაქეების ინტერესებზე ორიენტირებული დემოკრატიული ალტერნატივა დაამარცხებს. მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ალიანსი დაეფუძნოს მონაწილეების თანასწორობის პრინციპსა და გარე გავლენებისგან თავისუფალი ნების გამოხატვას.
• პოლიტიკური და საზოგადოებრივი კონსენსუსი:
მიზნად ვისახავთ საზოგადოების ფართო ჩართულობით დიდი პოლიტიკური და საზოგადოებრივი თანხმობის მიღწევას, რათა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების გზით დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი და ჩამოაყალიბოს დემოკრატიული კოალიციური ხელისუფლება, რომელიც გაატარებს აუცილებელ რეფორმებს.
შეთანხმების მონაწილე პარტიები ვთანხმდებით ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხიმგებლობას მათი დარღვევისთვის.
ოპოზიციის ალიანსი იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე“, – ნათქვამია ალიანსის 2 მარტის განცხადებაში.
ამავე თემაზე სხვა წყაროებში · 1
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ოპოზიციის ალიანსი დატოვანეტგაზეთი · 13:30
ამბის ყველა წყარო დროის მიხედვით → 

