ელენე ხოშტარია ღარიბაშვილს მხარდაჭერას უცხადებს
სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მისი განცხადებით, “დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია”. “მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! სანამ არ…
03.11.2026
სინდისის პატიმარი ელენე ხოშტარია რუსთავის ქალთა ციხიდან განცხადებას ავრცელებს და მხარდაჭერას უცხადებს ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც მისი განცხადებით, “დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია”.
“მხარდაჭერა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც დღეს პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია! სანამ არ შევეჩვევით იმას, რომ სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დადგეს სამართლებრივი მექანიზმებით და არა პოლიტიკური მოტივით თუ არაადამიანობით, მანამდე ერთ წრეზე ვივლით. ჩვენი ბრძოლა ცივილიზაციური ბრძოლაა.
ეს არ არის ბრძოლა ძალაუფლებისთვის. ეს არის ბრძოლა ადამიანზე ორიენტირებული სისტემის შექმნისთვის! აქედან გამომდინარე, ჩვენ, როგორც საზოგადოებას, ყოველთვის გვაქვს მორალური უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენ ჩვენი ფასეულობების ჩამოყალიბებისა და კრისტალიზაციის პროცესში ვართ. ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად დავუჭიროთ მხარი ჩვენს პოლიტიკურ ოპონენტებსა და მტრებსაც კი, რომელთაც უსამართლოდ ექცევა სისტემა.
ამგვარი მეთოდებით ბრძოლა რომ მიუღებელია, სწორედ იმ ადამიანებზე უნდა თქვას საზოგადოებამ, რომლებიც მათთვის სრულიად მიუღებელია. სწორედ ეს გამოგვარჩევს რუსებისგან და „ქოცებისგან“.
სწორედ ეს არის ჩვენი ძალა! ჩვენ არასდროს დავემსგავსებით მათ. შურისძიებაში და ძალადობაში მათ ვერ და არ შევეჯიბრებით. ჩვენ აუცილებლად მოვუგებთ მათ სიმართლის ძალით”, – აცხადებს ხოშტარია.
„ქართული ოცნების“ ყოფილ ლიდერსა და ყოფილ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს 24 აგვისტოს ახალი ბრალდება წარუდგინეს – განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ აღება. ის ბრალს არ აღიარებს და აპირებს სამართლებრივ ბრძოლას.
პროკურატურის თანახმად, ღარიბაშვილმა ქრთამის სახით აიღო 750 ათასი ლარი. მას ეს ფული უშუალოდ ჯუანშერ ბურჭულაძემ გადასცა. მუხლი, რომლითაც მას ბრალი წარუდგინეს, 11-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
პატიმრობაში მყოფი „ქართული ოცნების“ ყოფილი ლიდერი და ყოფილი პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი 17 აგვისტოს შემდეგ სოციალურ ქსელში წერილებს ავრცელებს. მისი მტკიცებით, „იძულებულს ხდიან“, რომ ბრძოლა დაიწყოს.
პირველად გამოქვეყნებულ პოსტში ყოფილმა პრემიერმა დაწერა, რომ ბიძინა ივანიშვილის დავალებით ციხეში მიიღო წერილი, სადაც კორუფციის ახალი საქმის თავის თავზე აღებას სთავაზობენ. ამავე განცხადებაში ღარიბაშვილი ამბობს, რომ მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ბიძინა ივანიშვილს და ხელისუფლებას ეკისრება.
18 აგვისტოს გამოქვეყნებულ პოსტში ის ივანიშვილის აღარ ახსენებს და ამბობს, რომ წინა დღით Facebook-ზე გამოქვეყნებული წერილი ივლისში „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ გაუგზავნა.
ღარიბაშვილი ჰყვება, რომ იმავე დღეს მდინარაძეს გააგებინა თავისი პოზიცია და „კიდევ ერთხელ დაუფიქსირა“, რომ არ აპირებდა პოლიტიკაში დაბრუნებას. წერილის მიხედვით, საპასუხოდ „მათ“ შეუთვალეს, რომ „მაინც რჩებოდა 1%-იანი რისკი იმისა, რომ პოლიტიკაში დაბრუნდებოდა.
ღარიბაშვილის მტკიცებით, კორუფციულ დანაშაულზე ბრალი სწორედ ამ რისკის დასაზღვევად წარუდგინეს. ღარიბაშვილს მდინარაძემაც უპასუხა.
20 აგვისტოს გამოქვეყნებულ წერილში ღარიბაშვილმა „ოცნებას“ მიმართა და თქვა, რომ მოუწყვეს „ბინძური პროვოკაცია“; „არაკაცური მახე“ დაუგეს; მოატყუეს და გაწირეს; აუწიოკეს ოჯახი; სახლში შეუვარდნენ მის მშობლებს; ასევე სიმამრის ოჯახს. ამავე წერილში ის ამბობს, რომ მეორედ მიიღო მინიშნება მამამისის დაჭერასთან დაკავშირებით.
ღარიბაშვილი პატიმრობა უკვე აქვს შეფარდებული სხვა საქმეზე – დაუსაბუთებელი შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ამ საქმეზე მას ბრალი აღიარებული აქვს და საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 5-წლიან პატიმრობაშია.


