ბათუმში ძაღლის საბელის ან ალიკაპის გარეშე გასეირნებისთვის მერია 150 ლარით დაგაჯარიმებთ - ახალი წესი - Batumelebi
ბათუმის მერია • მიუსაფარი ცხოველები •
ბათუმში, საზოგადოებრივ ადგილებში, მათ შორის, პარკებსა და სკვერებში ძაღლის გასეირნება დასაშვებია მხოლოდ მოკლე საბლით ან ალიკაპით, მომეტებული რისკის ჯიშის ძაღლებისათვის კი სავალდებულო გახდა როგორც საბლის, ისე ალიკაპის გამოყენება.
პირი, რომელიც ამ წესს დაარღვევს, 150 ლარით დაჯარიმდება – ამ ინფორმაციას ბათუმის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ავრცელებს.
ქალაქის ტერიტორიაზე შინაური ბინადარი ცხოველების მოვლა-პატრონობისა და ყოლის წესი ბათუმის საკრებულომ 30 ოქტომბრის სხდომაზე დაამტკიცა.
კანონის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა კი ბათუმის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალა.
რას ითვალისწინებს რეგულაციები, რომლითაც შინაური ცხოველის ყოლა რეგულირდება:
„ცხოველის მეპატრონეს ეკრძალება საკუთრებაში კონკრეტულ მისამართზე ან/და ერთი საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ ფართზე/ტერიტორიაზე ერთდროულად 5-ზე მეტი ცხოველის (გარდა ამ ცხოველთა ნაშიერისა, რომელთა ასაკი არ აღემატება 6 თვეს) ყოლა, თუ ეს მისამართი ან/და ტერიტორია არ აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ცხოველთა თავშესაფრის მინიმალურ სტანდარტებს.
მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველის სათანადო კვება, დარწყულება, საძილე ადგილის გამოყოფა-მოწყობა, დათბუნება და განათება, ასევე ცხოველის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.
ქუჩაში ან პარკში ცხოველის გასეირნებისას მეპატრონე ვალდებულია მყისიერად დაასუფთაოს საზოგადოებრივი სივრცე, ცხოველის მიერ მისი დაბინძურების შემთხვევაში.
მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია, ცხოველთა ორთაბრძოლების გამართვა, არასამკურნალო მიზნით ან ფუნქციური დანიშნულების გარეშე ცხოველისთვის ვეტერინარული ოპერაციების ჩატარება, კერძოდ: ყურების კუპირება, კუდის კუპირება, ეშვების ექსტრაქცია, კლანჭების ოპერაციული ამოკვეთა, სმენის დაქვეითება და ხმის იოგების გადაჭრა.
ასევე აკრძალულია პოტენციურად მომეტებული რისკის ძაღლის გამრავლება, ნარევი (მეტისი) ცხოველის გამრავლება.
აკრძალულია ცხოველისადმი არასათანადო ან სასტიკი მოპყრობა ან ასეთი ქმედების ხელშეწყობა. აკრძალულია ცხოველის მიტოვება, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც არსებობს ცხოველის სათანადო მოვლა-პატრონობის ან/და მეპატრონესა და ცხოველს შორის თანაარსებობის შეუძლებლობის ობიექტური წინაპირობები.
აღნიშნულ შემთხვევაში მეპატრონე ვალდებულია უზრუნველყოს ცხოველისთვის ახალი მეპატრონის მოძიება და მისი რეგისტრაცია მონაცემთა ერთიან ბაზაში, ხოლო ახალი მეპატრონის მოძიების შეუძლებლობისას – გადაიყვანოს ცხოველი თავშესაფარში კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად“.
SAY.GE · ბათუმი (ადგილი) — დეტალები SAY.GE-ზე


