ქართული პრესის მიმოხილვა 02.11.2026
გია ხუხაშვილი - “თუ პარტიები აიკრძალა, სტრასბურგის სასამართლო დაივიწყეთ!” “ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი” მოსკოვში - “როგორც ჩანს, რუსეთი “ოცნებით” უკმაყოფილოა...” დიტო ჩუბინიძე - “14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს მე ვიყავი უკანასკნელი ყაჩაღი”
გია ხუხაშვილი - “თუ პარტიები აიკრძალა, სტრასბურგის სასამართლო დაივიწყეთ!”
“ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი” მოსკოვში - “როგორც ჩანს, რუსეთი “ოცნებით” უკმაყოფილოა...”
დიტო ჩუბინიძე - “14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს მე ვიყავი უკანასკნელი ყაჩაღი”
* * *
გია ხუხაშვილი - “თუ პარტიები აიკრძალა, სტრასბურგის სასამართლო დაივიწყეთ!”
“პროგნოზებისგან თავს შევიკავებ - არა მგონია თვითონ ივანიშვილი იყოს ჩამოყალიბებული იმაზე, თუ რომელი სცენარით განავითარებს ამ პროცესს. ეს დამოკიდებულია ძალიან ბევრ ფაქტორზე, რაც დიდწილად საგარეო-პოლიტიკურია. რის საშუალებასაც მისცემს ივანიშვილს ახალი მსოფლიო წესრიგი, იმ მიმართულებით იმოძრავებს. დარწმუნებული ვარ, არა აქვს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული და მიღების პროცესშია. მითქვამს და ახლაც გავიმეორებ: ივანიშვილი შესანიშნავი ტაქტიკოსი, მაგრამ ცუდი სტრატეგია. ერთადერთი შემთხვევა იყო, როდესაც საკუთარი ანალიზისა და პროგნოზის საფუძველზე სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო - ეს მოხდა 2022 წელს, უკრაინის ომის დაწყების შემდეგ. არადა, მისი პროგნოზი მცდარი აღმოჩნდა და გაება ისეთ ხაფანგში, რომლის მძევლადაც თვითონ იქცა. შესაბამისად, ის სტრატეგიულ ნაბიჯებს აღარ დგამს და ისევ ტაქტიკურ მონახაზებს მიჰყვება”, - აცხადებს ექსპერტი გია ხუხაშვილი გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “თუ პარტიები აიკრძალა, სტრასბურგის სასამართლო დაივიწყეთ!”
“თუ შევხედავთ, როგორ ვითარდებოდა ეს ე.წ. საკონსტიტუციო პროცესი თავიდან, ის მაქსიმალურად ცდილობდა პროცესის გაჭიანურებას. ამას ორი მთავარი მოტივი ჰქონდა: პირველი - მეტად დალაგებულიყო გლობალური საგარეო თემები და იმის მიხედვით ემოქმედა; მეორე - ამ თემით ზემოქმედება მოეხდინა ოპოზიციაზე, მოეხდინა პარტიების ნეიტრალიზება... ასეც მიდიოდა ყველაფერი, მაგრამ ამის შემდეგ რაღაც მოხდა, რამაც ის აიძულა, დაეჩქარებინა პროცესი ან გარკვეული ქმედებების იმიტაცია მაინც ეჩვენებინა. ეს ისევ საგარეო ფაქტორებს უკავშირდება. თუ თვალს გადავავლებთ ბოლო ერთი თვის განმავლობაში რუსულ-ევროპულ და რუსულ-ამერიკულ ურთიერთობებში მიმდინარე პროცესებს, ლოგიკას დავინახავთ. რუსეთის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო, მაგრამ ტრამპის ბოლო გადაწყვეტილებებმა თითქოს მას გაუხსნა შესაძლებლობის ფანჯარა, რომ შეენარჩუნებინა საკუთარი უძლეველობის მითი. ამასთანავე 3 ნოემბერს არჩევნებზე ეს ყველაფერი შეიძლება დასრულდეს - თუ ტრამპმა ორივე პალატა წააგო, მოხდება მისი პოლიტიკური “გაკოჭვა” და რუსეთისთვის დროებითი “თაფლობის თვე” დასრულდება. შესაბამისად, კრემლი ჩქარობს, რომ სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია, გავლენის სფეროების კონტროლს შეუქცევადი სახე მისცეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას გია ხუხაშვილი.
“თუ გადახედავთ ბოლო ერთ თვეს, რუსეთის არაერთი განცხადება მოვისმინეთ საქართველოს შესახებ, როგორც ეკონომიკაზე, ისე საზღვრების დემარკაცია-დელიმიტაციაზეც კი... ეს ოდიოზური პირი, ვინმე ფიფია აქტიურობს ძალიან და იმასაც კი ბედავს და ამბობს, რომ “ერთიან სახელმწიფოში” უნდა ვიცხოვროთ, სადაც ცალ-ცალკე სახელმწიფოებად მოიხსენიებს აფხაზეთს, ე.წ. სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს. ეს ყველაფერი ერთი დიდი სურათის ნაწილია. ამის დაჩქარება ხდება იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს კონტროლის მაქსიმალურად გაძლიერება და საქართველოს ხელისუფლებას მანევრის საშუალება შეეზღუდოს. პარადოქსია, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი კონსტიტუციის 78-ე მუხლს ყოველთვის იყენებდა რუსეთის პრესინგის პრევენციისთვის. ის ამბობდა, კი ბატონო, ლოიალური ვარ, მაგრამ არის ხელის შემშლელი ფაქტორები _ კონსტიტუცია, პარტიები, არა მაქვს კონსტიტუციური უმრავლესობა ამ ბარიერების მოსახსნელადო”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“ეს უნივერსალური არგუმენტი იყო მისთვის, რომ შეეჩერებინა რუსეთისგან ულტიმატუმების წამოყენება, მაგრამ ბოლო პერიოდში ზეწოლა ძალიან გაძლიერდა. ის დღესაც ცდილობს მანევრირებას. იმედი აქვს, რომ 3 ნოემბრის შემდეგ მეტი გარკვეულობა იქნება საერთაშორისო პოლიტიკაში. რომელ სცენარს აირჩევს საბოლოოდ - დატოვებს ამ თემას დასავლეთთან დიდი ვაჭრობისთვის, მიიღებს ნაწილობრივ გადაწყვეტილებას სასამართლოს დამოუკიდებლობის იმიტირებისთვის, თუ ბოლომდე გაჰყვება და პროდასავლურ ფლანგს მთლიანად გააუქმებს. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოცემულობა გვექნება რუსეთთან დაკავშირებით. სხვათა შორის, პრემიერ-მინისტრად კობახიძესაც ამის გამო იტოვებს. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ლურსმანი უკვე ჩაჭედებული აქვს მის პოლიტიკურ კუბოში, არ იცის, ვინ უნდა იყოს შემდეგი. მას ჯერ არა აქვს ჩამოყალიბებული, რა ტიპის პრემიერ-მინისტრი სჭირდება: ისეთი, რომელიც “ტრაქტატი 2”-ს მოაწერს ხელს, თუ შედარებით “დავარცხნილი”, რომელიც აზერბაიჯანის ტიპის ავტოკრატიას ჩამოაყალიბებს და დისტანციას შეინარჩუნებს რუსეთთან”, - მიიჩნევს ექსპერტი.
“მის პოლიტიკურ ცნობიერებაში დემოკრატიასა და დასავლეთზე საუბარი დახურულია. ის ოცნებობს ისეთ ურთიერთობებზე დასავლეთთან, როგორიც აზერბაიჯანს აქვს: კონტაქტები და სავაჭრო პარტნიორობა, მაგრამ არანაირი ინტეგრაციული პროცესი. ეს არის მისი იდეალური მოდელი, თუ, რა თქმა უნდა, არ გახდა იძულებული, პირდაპირ რუსეთის იმპერიაში რეინტეგრაციისკენ გადადგას ნაბიჯები, საითაც დღეს მივდივართ. თუმცა, თუ ივანიშვილს საშუალება მიეცა, არ გაუჭირდება პუტინის გადაგდებაც. მას “პატრონის გადაგდება” არასოდეს უჭირდა... მე არ ვიზიარებ კონცეფციას, რომ ის თავიდანვე რუსული პროექტი იყო. მასზე რუსულ პოლიტიკას აქვს სერიოზული გავლენა, მაგრამ არა აბსოლუტური. ქართველი საზოგადოება თეორიულად რუსეთთან რეინტეგრაციის წინააღმდეგია, მაგრამ ჩვენი საზოგადოებისთვის დამახასიათებელია ერთგვარი კონფორმიზმი, მათ შორის აგრესიული კონფორმიზმი. ფუჭი იმედებითა და ილუზიებით ვცხოვრობთ, - ეგება ასე არ მოხდესო, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინდიკატორი სახეზეა, საზოგადოება კი ამას კონსოლიდირებულად არ აპროტესტებს”, - დაასკვნის გია ხუხაშვილი.
“კონფორმიზმის გარღვევას სჭირდება ალტერნატიული ძალის ფორმირება, რომელიც ამ განწყობების კაპიტალიზაციას მოახერხებს. ეს როლი ეკუთვნის პოლიტიკურ ოპოზიციას, მაგრამ აქ დიდი პრობლემა გვაქვს. საკონსტიტუციო სასამართლოს მაგალითზე ეს ძალიან კარგად ჩანს: ოპოზიცია შევიდა სამართლებრივ პოლემიკაში, ამტკიცებს თავის სიმართლეს და იბრძვის სამართლიანობისთვის. ამას საკმაოდ კომპეტენტურად და კარგად აკეთებს, მაგრამ ოპოზიციის მიზანია აპელირება სიმართლეზე, კომპეტენციის გამოვლენა და საზოგადოებისთვის თავის მოწონება, მაგრამ ხელისუფლებას ეს მიზანი არა აქვს! ხელისუფლებას უკეთესად ესმის კონფორმიზმის ანატომია და სამიზნე საზოგადოების ფსიქოლოგია. მას არა აქვს მიზნად, რომ თავი მოაწონოს ვინმეს. მისი მიზანია ძალის დემონსტრირება. ისინი საზოგადოებას ეუბნებიან, ამათ რამდენიც არ უნდა ამტკიცონ სასამართლოში, რომ ორჯერ ორი ოთხია, მე მაინც ვიტყვი, რომ ორჯერ ორი ხუთია და ეს უნდა შეჭამოთ, სხვანაირად ცუდად გექნებათ საქმეო”, - განმარტავს რესპონდენტი.
“ისინი არ ცდილობენ რაციონალური არგუმენტებით ლაპარაკს. მაგალითად, გორდულაძე ყველა გამოსვლაში ამ პარტიებს მოიხსენიებს, როგორც “არაკონსტიტუციურს”, როცა გადაწყვეტილება მიღებულიც არ არის. მათი ამოცანაა საზოგადოების დაშინება, შიშისა და ნიჰილიზმის დანერგვა. ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს ეს მოცემულობა. არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მხოლოდ სიმართლეა საკმარისი ხელისუფლების შესაჩერებლად. უნდა დაიწყოს რეალური პოლიტიკური პროცესი - ძალის ფორმირება. კონფორმისტი თავის ბანაკს იცვლის მაშინ, როდესაც დაინახავს ალტერნატიულ ძალას. ის არ მსჯელობს მხოლოდ იმ პარამეტრით, ვინ მოსწონს და ვინ არა; მან უნდა დაინახოს ძალის ცენტრი, რომ გათავისუფლდეს შიშისა და ნიჰილიზმის მარწუხებისგან. ოპოზიცია იმდენად გაერთო სამართლებრივი დავით, რომ ამ ძალის ფორმირებაზე არ ზრუნავს. მაგალითად, საკონსტიტუციო სასამართლოს გარეთ 500 კაცი რომ იდგეს ქუჩაში - ხუთი პარტიაა და თითომ 100 კაცი რომ გამოიყვანოს, ადამიანები დაინახავდნენ, რომ პარტიებსა და ხალხს შორის არსებობს ბმა და ეს არ არის სტერილური პარტიული გარჩევა”, - თვლის ექსპერტი.
“სისტემური მუშაობაა საჭირო - არა მხოლოდ დარბაზში, არამედ ყველა ინსტრუმენტის ჩართვით. ხალხს უნდა დაანახო, რომ შენ მხარეს არა მხოლოდ სიმართლე, არამედ ძალაც არის და გაქვს უნარი, შეაჩერო ეს დამანგრეველი პროცესი. მარტო ყვირილი, ხელისუფლება ცუდია, საკმარისი არ არის... თუ მაინც აკრძალეს პარტიები სტრასბურგის თემა დაივიწყეთ! პარტიების აკრძალვის გადაწყვეტილება თავისთავად ნიშნავს, რომ ჩვენი და დასავლეთის ურთიერთობა შეწყდება და ფაქტობრივად, კონსტიტუციის მიღმა დავრჩებით. როდესაც დასავლური ვექტორი დახურულია, სტრასბურგი ან ჰააგა რა გადაწყვეტილებას მიიღებს, ამაზე ფიქრიც ზედმეტია. ეს გადაწყვეტილება შეიძლება ვიღაცისთვის გულის მოსაფხანად იყოს საინტერესო, მაგრამ პოლიტიკურად, როგორც კი დასავლეთის კარი დაიხურება, მეორე კარი გაიღება რუსეთისკენ! სხვა კარი არ არსებობს. ვიღაცები ქმნიან ილუზიას, რომ “მესამე გზა” ან დამოუკიდებელი არსებობა შესაძლებელია - არადა, ჩვენ არანაირი რესურსი არა გვაქვს, რომ ამ რთულ რეგიონში დამოუკიდებლად ვმართოთ პროცესები, ან დაბალანსებული პოლიტიკა გავატაროთ. ბალანსი არსებობდა მანამ, სანამ დასავლეთის კარი ღია იყო. როგორც კი ეს კარი დაიხურება, ბალანსზე ლაპარაკიც გაქრება”, - ამტკიცებს გია ხუხაშვილი.
“ავტორიტარულ სისტემის “ურჩხულს” სჭირდება მუდმივი კვება. ჩვენ არა გვაქვს ენერგეტიკული ან ბუნებრივი რესურსები, რომლებითაც სხვა ავტორიტარული ქვეყნები იკვებებიან. რაკი ცივილიზებული ეკონომიკის რეალური სექტორი და ბუნებრივი რესურსები არა გაქვს, იწყებ “რუხი ზონის” აღზევებას. ესენია: ქოლცენტრები; ფულის გათეთრება დეველოპერულ ბიზნესში, სათამაშო ბიზნესი - კაზინოები და ტოტალიზატორები, უკანონო ტრანზიტები და კონტრაბანდა... კომუნალური ტარიფების შენარჩუნებაც შესაძლებელი იყო, მაგრამ ხელისუფლებას რატომ უნდა დაეკარგა ეს შემოსავლები? არ ჯობია, გააძვიროს და ჩვენი ჯიბიდან ამოიღოს ფული? მერე მილიონერები აგვიხსნიან, როგორ დავზოგოთ კომუნალური გადასახადები... თან ამ დიფერენცირებული ტარიფის შემოტანას ფუთავენ “სოციალური სამართლიანობის” საბაბით - თითქოს ვინც ბევრს მოიხმარს, იმას მეტს გადაახდევინებენ. ნახავთ, ისეთ დაბალ ზღვარს დააწესებენ, ფაქტობრივად, ყველა ოჯახი გაძვირებულ კატეგორიაში აღმოჩნდება! ხალხს არსებული არაადეკვატურად მაღალი ტარიფებითაც ძლივს გააქვს თავი. ესენი საქართველოს უყურებენ სასახლეებიდან, საინტერესოა, რიგითმა ქართველმა რა უნდა ქნას? გამოდის, ზამთარში არ უნდა გათბეს”, - დასძენს ხუხაშვილი
“ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი” მოსკოვში - “როგორც ჩანს, რუსეთი “ოცნებით” უკმაყოფილოა...”
“ღიად პრორუსული პარტიის, “სოლიდარობა მშვიდობისთვის” ლიდერის, მამუკა ფიფიასა და სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიერ მოსკოვში დაფუძნებული “ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდის”, შესაძლოა, კრემლის ახალი პოლიტიკური პროექტის საფუძველი იყოს 2028 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ. ამის შესახებ ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს, რომლის აზრითაც, სავარაუდოდ, მოსკოვში “ქართულ ოცნებას” ბოლომდე არ ენდობიან. ფონდის პრეზენტაციაზე, რომელოც 28 ოქტომბერს მოსკოვში გაიმართა, ფიფიამ ფონდის დაარსების რამდენიმე მიზეზი დაასახელა. ორგანიზაციის საბოლოო მიზანი საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, ხოლო მოკლევადიან მიზნებს შორის დასახელებულია ქართულ-რუსული უნივერსიტეტის შექმნა, საქართველოში რუსული ენის შესწავლის ხელშეწყობა და ლომისის ეკლესიაში ღვთისმსახურების აღდგენა”, - წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით “როგორც ჩანს, რუსეთი უკმაყოფილოა “ოცნებით” და სხვადასხვა ვარიანტებს ჩხირკიდელაობს”, - რისთვის შექმნეს მოსკოვში “ქართველთა და რუსთა ერთობის ფონდი”.
“28 ოქტომბრის შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლები. გარდა ამისა, 31 ოქტომბერს რუსულ სამთავრობო გამოცემა “სპუტნიკში” ფიფიამ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, სადაც ფონდის დაარსებაში განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატ კაზბეკ ტაისაევს და “ესენგეს” საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ლეონიდ კალაშნიკოვს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდა რუსეთში საქართველოს ნაციონალურ-კულტურული ფედერალური ავტონომიის, ანუ ქართული დიასპორის პრეზიდენტი, ბიზნესმენი დავით ცეცხლაძე, “ჯორჯიან ეარვეისის” ყოფილი დირექტორი რომან ბოკერია. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი და კონფლიქტოლოგი, პაატა ზაქარეიშვილი არ გამორიცხავს, რომ ფონდი შეეცდება აქტიურად ჩაერთოს საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებში, თუმცა ფიქრობს, რომ ასეთ შემთხვევაში მას რეიტინგი არ ექნება”, - აღნიშნავს გამოცემა.
“გამორიცხული არაა, რომ ფონდი აქტიურად ჩაერთოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, მაგრამ საკითხავია, ვინ იქნება მათი ამომრჩეველი? ფაქტობრივად, ფარცხალაძე ასოცირებულია ივანიშვილთან. მის დროს იყო გენერალური პროკურორი. ამ მესიჯებს ასხედან ძალიან ბევრი პარტიები საქართველოში. ეს არის “ხალხის ძალა”, რომელიც რეალურად “ოცნების” ნაწილია, ასევე “ალტ-ინფო” და “პატრიოტთა ალიანსი”. მათი ადგილი არ არის საქართველოში. ეს კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის, უფრო სწორად, ფარცხალაძეებისა და ფიფიების. ისინი რაღაც ფულს აკეთებენ რუსეთში - ბიზნესები აქვთ, რაღაცას “ჩალიჩობენ” და უნდათ თავიანთ პატრონებს აჩვენონ, რომ ტყუილად არ ჭამენ პურს. ეს უფრო არის მათი ჯიბის ინტერესებია, რადგან თუ ვინმე ამის ამყოლი იყო, აძლევს ხმას “ქართულ ოცნებას”, - აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
„არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს კრემლის პროექტი იყოს, მაგრამ იმდენი პროექტია... ივანიშვილი არის ის, რაც მათ უნდათ, მაგრამ ბოლომდე არ გამოდის. ბევრ რამეზე აშკარად არ მიდის ივანიშვილი და ევაჭრება კრემლს. არ მიდის დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე, ოდეკაბეში შესვლაზე და ა.შ. როგორც ჩანს, რუსეთი უკმაყოფილოა “ოცნების” ასეთი მოქმედებებით და სხვადასხვა ვარიანტებს ჩხირკიდელაობს. ამ ვარიანტებს ასხედან ფიფია და ფარცხალაძე. ცდილობენ რაღაც სიცოცხლისუნარიანობა აჩვენონ რუსეთს, რადგან სხვაზე არ დადოს ფსონი. რეალურად ეს რუსეთის უსუსურობის გამოვლენაა, რომ ისეთი ძალა ვერ იპოვა საქართველოში, რომელიც მოახერხებდა რუსეთის ინტერესების სრულ დაკმაყოფილებას. არ გამოვრიცხავ, რომ ამ ძალამ 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, მაგრამ ეს იმას ნიშნავს, მათ “ალტ-ინფოს”, “პატრიოტთა ალიანსის” და “ხალხის ძალის” ხმებს უნდა დააჭირონ. ვერ ვხედავ მათ საქმიანობაში რაღაც ახალს, რეალურს, ეს ყველაფერი განმეორებაა”, - განაგრძობს რესპონდენტი.
“რაც შეეხება ლომისას საკითხს, ეს ქართველების მოსატყუებლადაა. ამ თემაზე დეტალურად რა ხდება არ ვიცი. ვიცი ის, რომ ლომისობისას ხელს არ უშლიან. ეს თემა წამოწეულია ქართველების მოსატყუებლად - ჯერ აგიკრძალავენ და მერე ნებას გრთავენ, თითქოს ბედნიერი უნდა იყო... იგივე გააკეთა (რუსეთმა), მაგალითად, ოლეშკში, ხერსონის ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ჯერ ოკუპაცია მოახდინა და მერე შეუშვეს (ჰუმანიტარული ორგანიზაციები). რუსეთმა ქულები დაიწერა, რომ აი, ჩვენ რა მაგრები ვართ, რა ჰუმანურები ვართ, ოკუპირებულ ქალაქში შევუშვი და მოხუცები გადავარჩენინეთ ამერიკელებს და უკრაინელებს. ამას აკეთებს ახლა რუსეთი ჩვენს მიმართებაშიც. ანუ აგიკრძალა ლომისის ტაძარში მისვლა, ახლა გვიშვებს და ბედნიერი უნდა იყო ამაზე?! ძალიან ცინიკურია და ვისაც ეს გაუხარდება, ნიშნავს, რომ პოლიტიკაზე საერთოდ წარმოდგენა არ აქვს”, - დასძენს პაატა ზაქარეიშვილი.
დიტო ჩუბინიძე - “14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს მე ვიყავი უკანასკნელი ყაჩაღი”
“ჩემს დაკავებას პოლიტიკურ დევნას ვუკავშირებ, ხელისუფლების ღალატს, ტერიტორიების გაყიდვას, საიდუმლო ხელშეკრულებებს და ქართველი ხალხის ზურგს უკან გაფორმებულ საიდუმლო შეთანხმებებს, რომლის ძალითაც, დიდი ალბათობით, საქართველომ უკვე დაკარგა დავითგარეჯის სადავო ტერიტორიების ნაწილი. ეს უკვე ცხადზე ცხადია. უცხო ქვეყნის ჯარი დგას იმ ტერიტორიებზე, ჩიჩხიტურის კოშკს უკვე შეცვლილი აქვს სახელი და ჰქვია “თურქულ-აზერბაიჯანული კეშიკ-ჩიგალი”, ხოლო აღდგომის ტაძარს, სადაც 1616 წლის აღდგომის ღამეს 6 000 ბერი შეაკვდა შაჰ-აბასს, უკვე ჰქვია “ალბან მებედი”. რუკებზე შეგიძლიათ ნახოთ, არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ყელში ვყავდით გაჩხერილი ჩემი საგაზეთო პუბლიკაციებით, ფეისბუკ-აქტიურობისა და აკადემიური მოღვაწეობის გამო”, - აცხადებს ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში სათაურით “14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს მე ვიყავი უკანასკნელი ყაჩაღი”.
“მიყურებდნენ გამადიდებელი შუშებით ტექნიკურ უნივერსიტეტშიც, სადაც რამდენიმე კაცს და ჩემს სტუდენტებს უხაროდათ ჩემი დანახვა, ახლა გავიგე, რომ სტატუსიც შეუჩერებიათ. არ ვიცი, სამუდამოდ თუ დროებით, მოუწვევიათ ეთიკის კომისიის სხდომა კანონდარღვევით. ამაზე პასუხს მოვთხოვ და კეთილი ინებონ, თავიანთი გაფუჭებული გაასწორონ, სანამ დავიწყებდე სამართლებრივ დავას ჩემს მეგობართან, უფლებადამცველ ზაზა ხატიაშვილთან ერთად. მოკლედ, ვფიქრობ, ეს იყო სპეცოპერაცია ჩემს წინააღმდეგ, ჩემი მუხლებზე დაყენება სურდათ. შემომიცვივდნენ ოჯახში: მოხუცი დედა, სიმსივნით ავადმყოფი, რამდენჯერმე მოკვდა და გაცოცხლდა. 14 კაცი ოთხი მანქანით შემოგვეჭრა, თითქოს უკანასკნელი ყაჩაღი ვიყავი, მკვლელი და ქვეყნის დამაქცევარი. გენერალური პროკურატურის თანამშრომლები მოვიდნენ, დამადეს ხელბორკილები, შემოდგომა ჩამამწარეს. ყვითლად მღვივარი ცოლიკაური ტალავერზე არ დამაკრეფინეს, ხელბორკილებით გამომათრიეს ეზოდან. მთელი ქუჩა ტიროდა. ბატონ ლაშა ნადარეიშვილთან, “ასავალ-დასავლის” მთავარ რედაქტორთან, დარეკვის უფლება არ მომცეს”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დიტო ჩუბინიძე.
“დააპატიმრეს ჩემი ტელეფონი, ლეპტოპი, თითქოს იქ დავითგარეჯის გაყიდვის რუკები მქონდა შენახული. ახლა გენერალურ პროკურატურაში უგდიათ, ალბათ დაძვრებიან ხვლიკებივით შიგნით. ეს კობახიძის გადაწყვეტილება არ არის, ეს არის ამ რეჟიმის სახის, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება. კობახიძე ამას ვერ გაბედავდა, ეს “რამბალკოშეს” მორიგი სათამაშო, კობახიძე ამის მქნელი ვერ არის. დიდი ალბათობით, არა იმის გამო, რომ მას სინდის-ნამუსი ან ბოროტების მასშტაბები არ ეყოფა, უბრალოდ, ბუნებით ლაჩარია და დაუკითხავად საპირფარეშოში ვერ შედის. ეს ეგრეთ წოდებული ჟურნალისტები კი სინამდვილეში ჩაკონვერტებული ნაძირალები არიან, სპეცსამსახურის თანამშრომლები, რომლებიც პირდაპირ იკვებებიან ვიღაცის კარმუშკიდან”, - მიიჩნევს რესპონდენტი.
“სამარცხვინო ჟურნალისტთა ფედერაცია, სპეცსამსახურების პირდაპირი ტროლი და მოსიარულე სირცხვილი ქართული ჟურნალისტიკისა გიორგი მამაცაშვილი, როგორც მეუბნებიან, კარდაკარ დაძვრებოდა ჟურნალისტებთან, ცნობილ ადამიანებთან და ეუბნებოდა: დიტო ჩუბინიძე არის სამშობლოს მოღალატე, მის შესახებ აქვთ ვიდეომტკიცებულებები, როგორ ღალატობს საქართველოს და ამიტომ არ დაიცვათ, პროტესტი არ გამოხატოთ, თორემ ეს მასალები გასაჯაროვდება და დიტო ჩუბინიძის დაცვის გამო ძალიან შეგრცხვებათო. ამას აკეთებდა ის, ნაცვლად იმისა, ჟურნალისტთა ფედერაციის თავმჯდომარე გამოსულიყო და ერთი პატიოსანი კაცის, საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორის, ისტორიკოსის, პუბლიცისტისა და პროფესორის, დიტო ჩუბინიძის ინტერესები დაეცვა. აი, ამას სჩადიოდა ეს ნაძირალა! ეს იყო გაფრთხილება ყველასთვის, რომ აჰა, თქვენ რამეზე ხმას ამოიღებთ? დიტო ჩუბინიძეს ხომ ხედავთ, რას ვუკეთებთ, `ქართული ოცნების~ ვირის აბანოში მივაბრძანებ, თქვენ უარესს გიზამთ”, - განაგრძობს ჟურნალისტი.
“ციხის თანამშრომლები, დაწყებული რიგითი ექიმით და დამთავრებული რიგითი ბადრაგით, ყველა ჩემი გულშემატკივარი იყო... ჩამომათრიეს, შემაგდეს კაპეზეში. წნევამ ამიწია. მომხედეს ექიმებმა, წნევის წამალი დამალევინეს. სამარტოო საკანში ვიყავი. მმეთვალყურეობდნენ ინტენსიურად, მშიოდა და საჭმელი ყელში არ გადამდიოდა, მეძინებოდა და ვერ ვიძინებდი. მეორე დღეს წამათრიეს. ზაზა ხატიაშვილს, ჩემს ძმას, მადლობა, გულის კარი გამეხსნა, რომ შემოვიდა და მითხრა: `დიტო, კაპიკი არ მინდა შენგან, ჩემი ძმა ხარ, გიცავ, არაფერი საჭირო არ არის, ნუ გეშინია!..~ მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ ნონა ფილაურს, რომელიც პირველი შემოვიდა ჩემთან, როგორც უფლებადამცველი, მაგრამ მერე ისე წარიმართა სიტუაცია, რომ ჩვენ ზაზასკენ გვქონდა ორიენტირი, იმიტომ, რომ თავიდანვე ესენი, ძაღლებივით რომ დაძრწოდნენ ჩემ გარშემო, რაღაცნაირად ერთხანს დაძაბეს სიტუაცია, მერე გაჩუმდნენ, როგორც იციან ხოლმე. კაციჭამია მხეცები რომ გაიტრუნებიან მსხვერპლის მოლოდინში, ისე გაჩუმდნენ და ამათი სიჩუმე საშინლად არ მომეწონა. სწორედ მაშინ ზაზა ხატიაშვილთან საგაზეთო ინტერვიუ მქონდა და ზაზას ვუთხარი: "ზაზა, რაღაცა თუ იქნება, ხო დამიცავ-მეთქი". "დიტო, რაზეა ლაპარაკიო!" ასე რომ, ზაზასთან თავიდანვე მქონდა ეს პირობა, რომ თუკი რაღაცა გართულდებოდა, ზაზა იქნებოდა ჩვენი უფლებადამცველი”, - განმარტავს დიტო ჩუბინიძე.
“დაჭერის მოლოდინს რაც შეეხება, არანაირი მუქარა არ ყოფილა, უბრალოდ, ყველას გვყავს შინაურები, ახლობლები, ზოგი პოლიციაში მუშაობს, ზოგი სუს-ში, საქართველო პატარა ქვეყანაა. ყველა მეუბნებოდა, შენი ტელეფონი ისმინება, გაკონტროლებენ, ჭკუით იყავი, რამე პროვოკაცია არ მოგიწყონო. დალევით მე არ ვსვამ, ქვეყანამ იცის. ნარკოტიკებს რომ არ ვეკარები, ესეც. ბიტკოინებში, ქოლცენტრებსა და რაღაცებში რომ არა ვარ ჩარეული და გარეული, ესეც ყველამ იცის. არც ლუდომანი ვარ. რომ ვერაფერი ქნეს, ადგნენ და სახლში შემომიცვივდნენ სოფელში და მოხუცი დედა კინაღამ ხელებში ჩამაკვდა. გადაიტანა თუ არა დედაჩემმა ეგ უბედურება, ეს კიდევ საკითხავია. დედაჩემი ახლა ჩემთან არის, თბილისში. შემოდგომაა, დიდი ოჯახი მაქვს, დიდი სახლი, ეზო-კარი სოფელში და მიხედვა სჭირდება, უნდა წავსულიყავი, მაგრამ ბიძაშვილები მიხედავენ, ყურძენიც დაწურეს, არ წააქცევენ იქაურობას. ამ გარეწრებმა ეს როგორ მომიწყვეს. საშინელება გამომატარეს”, - ამბობს რესპონდენტი და შეკითხვაზე - “ელოდებოდი აღმკვეთი ღონისძიების შეცვლას?” - პასუხობს:
“არ ველოდებოდი და ამაში დიდი წვლილი შეიტანა ამერიკაში მოღვაწე ქართველმა, რომლის ვინაობას ახლა არ დავასახელებ. ეს ის ქართველია, რომელიც ზვიად გამსახურდიამ გაზარდა, ეს ის ქართველია, რომლის იმედიც ყველა ქართველს უნდა ჰქონდეს, რომლის მომავალსაც არა მარტო დიდ ქართულ პოლიტიკაში ვხედავ - ის საერთაშორისო პოლიტიკის მოთამაშეა! მინდა მას მადლობა გადავუხადო. მან ფეხზე დააყენა სენატორები, კონგრესმენები. რამდენიმე კონგრესმენმა და სენატორმა დარეკა ამერიკის შეერთებული შტატებიდან. ტრამპის ადმინისტრაციაში გაისმა ჩემი სახელი და გვარი: “მისტერ ჩუბინიძე!” გეუბნებით ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე, დაირეკა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში, ძალიან მძიმე საუბრები იყო ონლაინჩართვით ამას მოჰყვა შედეგად ის, რომ გუშინწინ დილით შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელი შეხვდა თმაგაწეწილ კობახიძეს და გამომიშვეს! არ ველოდებოდი ამას, ბიჭები გამოსული ვიყავით “პრაგულკაზე”,
“ექვსი კაცი ვისხედით საკანში, აქედან სამი პროფესიონალი სპორტსმენი: ისაკო დევიძეს რა უნდა ციხეში, რომელიც მართლა სავსეა პატიოსნებით, საქართველოს ნაკრების წევრს კრივში, უწესიერეს ახალგაზრდას, რომელსაც “ბატონო დიტოს” გარეშე არ მოუმართავს ჩემთვის, უწესიერესი ბიჭები არიან: ჩემი კობა ჭუმბურიძე, საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრი თავისუფალ ჭიდაობაში, აკაკი ფიჩხაური, საათაშვილი, გერონტი ჯარიაშვილი, ყველანი დიდი პატივისცემით მომექცნენ... ამ ხელისუფლების მოყვანაში რომ დიდი წვლილი მაქვს, ეს ყველამ იცის... ბედი დამცინის, ნოდარ მელაძე და უკანასკნელი “ნაციონალები” მიცავენ და შაქარიშვილები და სუს-ის აგენტურა, ჯიბის პოლიტიკოსები კი... ნინო წილოსანისთვის და სხვებისთვის თურმე მე ვარ ნაძირალა. ყველას ყველაფერზე პასუხი გაეცემა. ყველას გამონათქვამი გულის ფიცარზე მაწერია და ამ გარეწრებს დედაჩემის, პატიოსანი პედაგოგის ციცინო ნიკოლოზის ასული სოფრომაძის ცრემლებს არ ვაპატიებ. ჩემი დაჭერა დაამთხვიეს პარტიების თემას, უნდოდათ ჩემი ამბავი გადაეფარათ პარტიების თემით, მაგრამ ვერ გადაფარეს. შხამიანი კბილები ჩადებული აქვთ და ეს შხამიანი კბილებია ახლა ამოსაცლელი და ამოეცლებათ. მოვუწოდებ სრულიად საქართველოს - საქართველოს მართავს ჯალალედინი და მთელი საქართველო უნდა აღდგეს მის წინააღმდეგ”, - დასძენს დიტო ჩუბინიძე.

