„საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“ ერთი წლისაა – ქართული ჩაის ისტორიული ადგილისა და გლობალური ბაზრისკენ მიმავალი
ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია – „საქართველო – ჩაის რესპუბლიკამ“ ოფიციალური პრეზენტაცია გამართა და განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მეწარმეებმა
ჩაის მწარმოებელთა ორგანიზაცია – „საქართველო – ჩაის რესპუბლიკამ“ ოფიციალური პრეზენტაცია გამართა და განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მეწარმეებმა საზოგადოებას გააცნეს დაარსებიდან დღემდე განხორციელებული საქმიანობის დეტალური ანგარიში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მიმდინარე წელს გერმანიაში, ბერლინსა და ჰამბურგში, გამართულ LEDP-ის ვიზიტის შედეგებს, სადაც გაერთიანების დელეგაციამ ქართული ჩაის გამოფენა-პრეზენტაცია გამართა და გაეცნო გერმანელ მწარმოებელთა ორგანიზაციების გამოცდილებას. გაერთიანების წარმომადგენლებმა ისაუბრეს ერთი წლის განმავლობაში თანამშრომლობის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებზე, ახალ სტრუქტურულ ცვლილებებზე და განვითარების სამომავლო სტრატეგიაზე.
„ჩვენი მიზანია, ქართულ ჩაის დავუბრუნოთ თავისი ისტორიული ადგილი როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე, გავაძლიეროთ ფერმერები და შევქმნათ მაღალი ხარისხისა და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის ერთიანი, თანამედროვე ბრენდ-ნარატივი“, – აცხადებენ ორგანიზაციის წევრები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს მთავრობის, პარლამენტის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელები, საერთაშორისო ორგანიზაციების, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა (SDC) და HELVETAS-ის წარმომადგენლები, დარგობრივი ექსპერტები, ფერმერები და ჟურნალისტები.

„საქართველო – ჩაის რესპუბლიკა“ შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) პროექტის – HELVETAS-ის მხარდაჭერით შეიქმნა და მიზნად ისახავს ქართული ჩაის პოპულარიზაციას, მაღალი ხარისხის სტანდარტების დამკვიდრებას, ადგილობრივი მწარმოებლების გაერთიანებასა და სექტორის კონკურენტუნარიანობის ამაღლებას.
HELVETAS-ის წარმომადგენლის, გვანცა ირემაშვილის თქმით, „საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ სამომავლო გეგმებში შედის ქართული ჩაის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ ბაზარზე: „ასეთი გაერთიანების შექმნის საჭიროება ჩაის სექტორში ნამდვილად იყო. ჩვენმა ორგანიზაციამ მუშაობა კვლევით დაიწყო და ამ პროცესში ბევრი პრობლემა აღმოვაჩინეთ. ფიქრისა და მუშაობის შემდეგ გადაწყდა, შექმნილიყო მსგავსი ტიპის ორგანიზაცია, რომელიც დღეს 35 მწარმოებელს აერთიანებს. ჩვენი მწარმოებლების პრიორიტეტები შემდეგნაირად არის დაყოფილი: გაყიდვები და კარგი ხარისხი, მიწოდების სტაბილურობა და სტანდარტიზაცია.

რეგიონული წარმომადგენლობები, ისევე როგორც ცენტრალური უწყებები, აღნიშნავენ, რომ ასეთ ერთიან სტრუქტურასთან გაცილებით მარტივია საუბარი, პოლიტიკის გატარება და სახელმწიფო პროგრამების შემუშავებაც. სწორედ აქ არის ჩვენი პროექტის როლიც, რომ შუამავლის ფუნქცია შევასრულოთ.
ორგანიზაციაში გაწევრიანების პროცესი სრულიად ღიაა და სურვილზეა დამოკიდებული. მომავალში, როდესაც ორგანიზაცია წევრებისთვის სერვისების მიწოდებას დაიწყებს, სურათი შეიცვლება, თუმცა ამ ეტაპზე წევრობა ნებისმიერი მსურველისთვის არის შესაძლებელი. „საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ სამომავლო გეგმებში შედის ერთიანი შეკვეთების მიღება და შესრულება, რადგან ამის მოთხოვნა ნამდვილად არსებობს. ამიტომაც დავიწყეთ მუშაობა საერთო სერვისცენტრის შექმნაზე“, – აღნიშნა გვანცა ირემაშვილმა.
იმისათვის, რომ ქართულმა ჩაიმ თანამედროვე გლობალურ ბაზარზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს, უმნიშვნელოვანესია არა მხოლოდ საერთაშორისო სტანდარტების შესწავლა, არამედ ადგილობრივი მწარმოებლების ერთიანი ძალისხმევა. სწორედ ამ გამოწვევებზე სამუშაოდ იყო საჭირო ერთიანი ძალები და ორგანიზაცია, რომელიც მწარმოებლებს გააერთიანებდა.
„საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ ერთ-ერთი წევრი კომპანია „ჩანიტის“ დირექტორი და თანადამფუძნებელი ვაკო სოსელია ქართულ ჩაიზე დიდ იმედებს ამყარებს და აცხადებს, რომ მომხმარებელი, რომელიც ქართულ ჩაის დააგემოვნებს, უპირატესობას აუცილებლად ხარისხს მიანიჭებს.
„წარმატებული იყო ეს ერთწლიანი ურთიერთობა „ჰელვეტასის“ პროექტთან, ახალი გაერთიანების ფარგლებში. ჩვენ, ბიზნესის წარმომადგენლებმა, ერთმანეთი უკეთ გავიცანით, ვიმუშავეთ საერთო სამომავლო გეგმებზე, დავამყარეთ კონტაქტები და გვქონდა გასვლითი შეხვედრები უცხოეთში. ასევე, მოხდა ჩვენი პროდუქციის პოპულარიზაცია ადგილობრივ ბაზარზეც და ვეცადეთ, ქართულ ჩაის ცნობადობა დაბრუნებოდა.
ქართული ჩაისთვის და პატარა საწარმოებისთვის საერთაშორისო ბაზარზე გასვლა დიდი გამოწვევაა დარგისთვის და გაერთიანება ამ საქმეში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ქართულმა ჩაიმ თავისი სახელი აუცილებლად უნდა დაიბრუნოს. ჩვენ ვცდილობთ, ამ ერთიანობით ვაჩვენოთ ქართველ მომხმარებელს, რომ ქართული ჩაი ნამდვილად პრემიუმ ხარისხისაა. ვცდილობთ საერთაშორისო ბაზარზე გასვლას და დამკვიდრებას. ჩვენი მიზანია ევროპული ბაზარი და აღსანიშნავია, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ქართული ჩაი, წარსული გამოცდილების ფონზე, ისევ პოპულარობით სარგებლობს.
ჩვენი კომპანიის უახლოესი გეგმა წარმადობის გაზრდაა – მინისაწარმო გვაქვს და თანდათან ვავითარებთ პლანტაციებსაც. გვაქვს 10 ჰექტარი პლანტაცია, რომელიც ახლა რეაბილიტაციის პროცესშია.

ჩვენი მიზანი გაყიდვების ზრდა და ახალი ბრენდის შექმნაა. ამ ეტაპზე ბევრი ახალი მყიდველი გამოიკვეთა და სწორი გეგმის საფუძველზე ვიწყებთ ახალ სეზონს, რაც კარგი საწინდარია და წარმატების იმედს გვაძლევს. ჩვენი ძირითადი მიმართულება ბიოჩაის წარმოებაა. მწარმოებლები მაქსიმალურად ვცდილობთ, ჩაის პლანტაციებს პირვანდელი სახე დავუბრუნოთ. მომხმარებელი ხარისხისკენ უფრო იხრება – ფასს ცოტა შიშით უყურებენ, თუმცა გასინჯვის შემდეგ ფასი უკვე პრობლემას აღარ წარმოადგენს“, – აცხადებს ვაკო სოსელია.
ერთიანი ძალისხმევით, საერთაშორისო მხარდაჭერითა და მწარმოებლების თავდაუზოგავი შრომით, ქართული ჩაი ახალი განვითარების ეტაპზე გადადის. „საქართველო – ჩაის რესპუბლიკის“ გარშემო გაერთიანებული მეწარმეები თანამედროვე სტანდარტების დანერგვითა და ხარისხზე ორიენტირებული მიდგომით მზად არიან, მსოფლიო ბაზარს კიდევ ერთხელ შეახსენონ ქართული პროდუქტის უნიკალურობა, ისტორია და ღირებულებები.
[პარტნიორის კონტენტი]


