საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე ჩინეთში საავტორო უფლებების საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს
საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე სამუშაო ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია, სადაც მონაწილეობს საერთაშორისო ფორუმში საავტორო უფლებების შესახებ, რომელიც ქალაქ დუნჰუანგში მიმდინარეობს. ღონისძიების მთავარი თემაა „საავტორო უფლებები და შემოქმედებითი ინდუსტრიები ციფრულ ეპოქაში: კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება და გლობალური შემოქმედებითობის გაძლიერება“.
ფორუმი მიზნად ისახავს საავტორო უფლებების, შემოქმედებითი ინდუსტრიებისა და ციფრულ ეპოქაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე საერთაშორისო დიალოგის გამართვას. ღონისძიებაში მონაწილეობენ სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელები, საავტორო უფლებების დარგობრივი სპეციალისტები, ასევე შემოქმედებითი ინდუსტრიების, აკადემიური წრეებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
ფორუმი მისასალმებელი სიტყვით გახსნეს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO) გენერალურმა დირექტორმა დარენ ტანგმა და განსუს პროვინციის სახალხო მთავრობის გუბერნატორმა კონგ შაოსიუნმა. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქპატენტის თავმჯდომარე სოსო გიორგაძე. მან ისაუბრა ხელოვნური ინტელექტის განვითარებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ გამოწვევებზე და აღნიშნა რომ ტექნოლოგიური პროგრესის პარალელურად აუცილებელია ისეთი სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება, რომლებიც უზრუნველყოფს ხელოვნური ინტელექტის კანონიერ გამოყენებას და ამავე დროს დაცული იქნება ავტორშემსრულებლების ეკონომიკური ინტერესები. სოსო გიორგაძემ ასევე, ყურადღება გაამახვილა საქართველოში საავტორო და მომიჯნავე უფლებების სფეროში განხორციელებულ რეფორმაზე, რის საფუძველზეც გაუმჯობესდა ჰონორარების შეგოვრებისა და განაწილების მართვის სისტემა.
ფორუმის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს საავტორო უფლებების ეკოსისტემების გაძლიერების საკითხი. ღონისძიების მონაწილეებმა, ასევე იმსჯელეს ციფრულ ეპოქაში შემოქმედებითი ინდუსტრიების ხელშეწყობაზე და იმ ძირითად მიმართულებებზე, რომლებიც დაეხმარება გლობალური შემოქმედებითი პროცესების განვითარებას.
ფორუმის მუშაობაში საქპატენტის თავმჯდომარესთან ერთად მონაწილეობს უწყების იურიდიული დეპარტამენტის უფროსი ანუკი ობოლაძე.
ფორუმი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციისა (WIPO) და ჩინეთის საავტორო უფლებების ეროვნული ადმინისტრაციის (NCAC) ორგანიზებით მიმდინარეობს.
SAY.GE · გიორგაძე (გვარი) — დეტალები SAY.GE-ზე

