ორშაბათი, 2 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ზელენსკი ამბობს, რომ პუტინთან თურქეთში შეხვედრისთვის მზადაა

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

ზელენსკი ამბობს, რომ პუტინთან თურქეთში შეხვედრისთვის მზადაა
ფოტო: პუბლიკა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ მზად არის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს თურქეთში შეხვდეს.

CNN Türk-თან ინტერვიუში ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი რუსეთთან მოლაპარაკებებში შუამავლის როლს შეასრულებს.

ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის ომი უნდა დასრულდეს და კონფლიქტის აქტიური ფაზა დიპლომატიურ პროცესში უნდა გადაიზარდოს.

„ამ ეტაპზე თურქეთის შუამავლობის იმედი მაქვს. ვფიქრობ, რომ ჩემი ურთიერთობა პრეზიდენტ ერდოღანთან და მისი ურთიერთობები ტრამპთან და პუტინთან შეიძლება სასარგებლო იყოს“, — განაცხადა ზელენსკიმ.

მისი თქმით, თურქეთში ლიდერების სამმხრივი შეხვედრის შესაძლებლობაც განიხილეს. ზელენსკის განცხადებით, თუ თურქეთი ასეთი შეხვედრის ორგანიზებას შეძლებს, უკრაინა ამას მიესალმება.

უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ტექნიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებები საკმარისი არ არის ომის დასასრულებლად და აუცილებელია იმ საკითხების განხილვა, რომელთა გადაწყვეტაც უშუალოდ ლიდერებს შეუძლიათ.

ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის სხვადასხვა ფორმატში, მათ შორის თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, არაერთი შეხვედრა გაიმართა, თუმცა ომი კვლავ გრძელდება.

მისი თქმით, ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი უპირობო და სრული ცეცხლის შეწყვეტა უნდა იყოს, რასაც მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი უნდა ახლდეს.

ზელენსკის განცხადებით, ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების, ქვეყნის აღდგენისა და ტერიტორიული საკითხების განხილვა.

ზელენსკიმ ინტერვიუში ისაუბრა უკრაინის მონაწილეობის მნიშვნელობაზეც შესაძლო საერთაშორისო მოლაპარაკებებში. მისი თქმით, უკრაინის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღება ქვეყნის მონაწილეობის გარეშე დაუშვებელია.

„უკრაინის გარეშე უკრაინის ბედს ვერ გადაწყვეტთ. ეს სამართლიანი არ იქნება და არანაირ შედეგამდე არ მიგვიყვანს“, — განაცხადა მან.

ზელენსკის თქმით, ომის დასრულების შესახებ შეთანხმება მხოლოდ იმ მოლაპარაკების მაგიდასთან შეიძლება შედგეს, რომელზეც კონფლიქტის მხარეები იქნებიან წარმოდგენილი. მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინის მონაწილეობის გარეშე ვერ გადაწყდება.

CNN Türk-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებებსა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებაზე.

ზელენსკის შეფასებით, რუსეთის მიმართ სანქციების მოხსნა სწორი მიდგომა არ არის. მისი თქმით, მოსკოვზე ზემოქმედებისთვის საჭიროა ძლიერი პასუხი და არა დათმობები.

უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ უკრაინის დარტყმები სამართლიანია და აღნიშნა, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის.

ზელენსკიმ ინტერვიუში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხზეც ისაუბრა. მან გამოთქვა მოსაზრება, რომ სავაჭრო გემების უსაფრთხოებისთვის ურთიერთშეთანხმების მიღწევა შესაძლებელია — უკრაინის პორტებში მიმავალ გემებს რუსეთი არ უნდა დაესხას თავს, ხოლო რუსეთის პორტებში მიმავალ გემებს უკრაინა არ უნდა დაესხას თავს.

უკრაინის პრეზიდენტი 31 ოქტომბერს სტამბოლში თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდა. მხარეებმა, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების თურქეთში გამართვის შესაძლებლობაც განიხილეს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 02.11.2026, 11:03. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ