“11 წლის წინ დატბორილ ტერიტორიაზეც ახალ ნაგებობებს ვხედავთ "- სპეციალისტები ვერეს ხეობაზე: "აუცილებელია ისეთივე მკაცრი დასკვნა, როგორიც შოვის ტრაგედიის შემდეგ გაკეთდა"
მე-19 საუკუნიდან დღემდე პატარა მდინარე ვერე არაერთხელ ადიდებულა. 2015 წლის ივნისში აქ ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც 21 კაცი შეიწირა, ახლა კი ტრაგედიის ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დგას! მოსახლეობა ჩივის, რომ მდინარე ვერეს მახლობლად კორპუსების აშენება სახიფათოა. ჩვენ დავინტერესდით…
მე-19 საუკუნიდან დღემდე პატარა მდინარე ვერე არაერთხელ ადიდებულა. 2015 წლის ივნისში აქ ტრაგედია დატრიალდა, რომელმაც 21 კაცი შეიწირა, ახლა კი ტრაგედიის ადგილას მაღალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსები დგას! მოსახლეობა ჩივის, რომ მდინარე ვერეს მახლობლად კორპუსების აშენება სახიფათოა. ჩვენ დავინტერესდით, როგორია სპეციალისტების აზრი ამ მტკივნეულ პრობლემაზე:
"ერთია, რა არის ლამაზი და მეორე - ამ სილამაზის მიღმა რა საფრთხე იმალება"
ლაშა სუხიშვილი, ილიას სახ. უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი:
- 2015 წლის 13-14 ივნისის სტიქიის შემდეგ სტიქიის არეალში მშენებლობები შეიზღუდა, მაგრამ არ შეჩერებულა. მართალია, უფრო ნელი ტემპით, მაგრამ ვერეს ხეობაში მშენებლობები მაინც მიმდინარეობს. არადა, სტიქიის შემდეგ აშშ-ის სატყეო სააგენტომ, გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან ერთად, დაწერა დასკვნა, სადაც საყურადღებო რეკომენდაციებია მოცემული. მასში შავით თეთრზე წერია, რომ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ზუსტად ვიცით, სად არის სტიქიის არეალი, არ უნდა გვეგონოს, რომ მასთან ახლოს უსაფრთხოდ ვართ... სამწუხაროდ, დღეს არა მარტო სახიფათო არეალების მიღმა, არამედ 11 წლის წინ დატბორილ ტერიტორიაზეც ახალ ნაგებობებს ვხედავთ. ამ ზონაში ისეთი სწრაფი განაშენიანება არ მიმდინარეობს, როგორც სხვა ადგილებში, მაგრამ მშენებლობა არ გაჩერებულა.
ჩვენ ამ მდინარის ნაპირზე უძველესი ნაშთები ვიპოვეთ და შევისწავლეთ. აღმოჩნდა, რომ მდინარე ვერე 2000-2600 წლის წინაც ასე იქცეოდა, რადგან ეს მთის მდინარეა და უეცარი ადიდება ახასიათებს. კვლევის შედეგებს სულ მალე გამოვაქვეყნებთ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ამ მდინარის ჭალებში და ნაპირებზე მშენებლობა ძალიან სარისკოა. როცა მდინარის ახლოს მშენებლობაზე ვსაუბრობთ, კალაპოტი და ჭალა უნდა გავმიჯნოთ: კალაპოტი არის ის ადგილი, სადაც მდინარე მიედინება, მისგან 2-3 მეტრის მოშორებით არის ჭალა, რომელიც დღეს უსაფრთხოა, მაგრამ ორი, ხუთი ან 50 წლის მერე აუცილებლად დაიტბორება. უფრო მეტიც, კლიმატური ცვლილებების გამო ჭალისპირა პირველი ტერასაც საფრთხის შემცველია. საზოგადოებამ ეს რომ იცოდეს, არ მოტყუვდებოდა იმით, რომ იქვე, ახლოს, მშვენიერი მინდორია. ერთია, რა არის ლამაზი და მეორე - ამ სილამაზის მიღმა რა საფრთხე იმალება.

- "ვერეს ხეობაზე ისეთი მკაცრი დასკვნა უნდა გაკეთდეს, როგორიც შოვზე"
ნინო ჩხობაძე, "მწვანეთა მოძრაობა-დედამიწის მეგობრების" თავმჯდომარე:
- საკითხის შეფასებისას ვერეს ხეობაში წითელი ხაზები გამოიყო, გეოლოგებმა რისკები შეაფასეს და დაადგინეს, რომ სადაც მეტი რისკია, იქ არაფერი არ უნდა აშენდეს. ყველაზე უსიამოვნო რამ სწორედ ამ წითელი ზონების დარღვევაა. ამ ადგილებში მშენებლობა ძალიან გააქტიურდა. გაურკვეველია, რა ტიპის სტანდარტები მოქმედებს, როცა ასეთ ადგილებში სხვადასხვა პროექტს ამტკიცებენ. ასოცირების შეთანხმების მიხედვით, ჩვენ გვქონდა ახალი სტანდარტები სამშენებლო ნებართვებზე, მაგრამ ეს ჯერ შემოღებული არ არის. რატომ? - სამშენებლო სექტორი მიიჩნევს, რომ ეს სტანდარტები მშენებლობას გააძვირებს. დღევანდელი სტანდარტები ბუნებრივი კატასტროფებისგან ვერ დაგვიცავს. ახალი სამშენებლო სტანდარტები ძალიან მკაფიო და მკაცრია, მაგრამ გარანტიას იძლევა, რომ მშენებლობა უსაფრთხო იყოს. სამწუხაროდ, ვერეს ხეობაში ეს ნებართვები უკვე გაცემულია და ჩვენ არ ვიცით, იქ რა შენდება და როგორ... მდინარე ვერეზე ვერავინ იტყვის, რომ არ ადიდდება. წინა საუკუნეში ის ორჯერ ადიდდა, ამ საუკუნეში - ერთხელ და არ ვიცით, კიდევ როდის ადიდდება, ამიტომ სამშენებლო ნორმებსა და სტანდარტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ახალი ნორმები 2023 წელს უნდა შემოგვეღო, მთელი პაკეტი მზად არის, მაგრამ ვერ შემოვიღეთ იმ მიზეზით, რომ მშენებლობას გააძვირებდა. ვერეს ხეობაზე ისეთი მკაცრი დასკვნა უნდა გაკეთდეს, როგორიც შოვზე: შოვში მშენებლობა კატეგორიულად აიკრძალა.
"მშენებლობის დაწყება ყველგან შეგვიძლია, მიწის ქვეშაც კი, მაგრამ უნდა ღირდეს" განაგრძეთ კითხვა
SAY.GE · სპეციალისტები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


