მსჯავრდებულებმა სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის სცენაზე წარადგინეს
№16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მონაწილეობით კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ გაიმართა.
წარმოდგენა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ორგანიზებით, საქართველოს კულტურის სამინისტროს სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“ საგრანტო პროექტის ფარგლებში, ა(ა)იპ „ინოვაციური შემოქმედების ცენტრის“ მხარდაჭერით დაიდგა.
პროექტის მიზანია მსჯავრდებულთა შემოქმედებითი პოტენციალის გამოვლენა, მათი უნარებისა და შესაძლებლობების განვითარება და კულტურულ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობის ხელშეწყობა. №16 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლზე მუშაობა რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. წარმოდგენის რეჟისურა, მუსიკალური და მხატვრული გაფორმება, ასევე, რეკვიზიტები თავად მსჯავრდებულებმა შექმნეს. კომედიური ჟანრის ერთმოქმედებიან სპექტაკლში 12 მსჯავრდებული და 6 პროფესიონალი მსახიობი მონაწილეობს.
მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა რესოციალიზაციას, გარე სამყაროსთან კონტაქტის შენარჩუნებას და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას. წარმოდგენის დასრულების შემდეგ მსჯავრდებულებს საქართველოს საპატრიარქოსგან საჩუქრად ჯვრები და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ შიო III-ის ხელმოწერით სიგელები გადაეცათ.
ღონისძიებას იუსტიციის მინისტრი პაატა სალია, მინისტრის მოადგილეები, სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელი, მოწვეული სტუმრები და მსჯავრდებულთა ოჯახის წევრები დაესწრნენ.
SAY.GE · გასაჭირი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე
