"დედა არასოდეს დაუძახია, მაგრამ პატარა ხელს რომ სახეზე ჩამომისვამს, ეს ჩემთვის ყველაფერია...“ - ელენესა და იოანეს სამყარო: რთული გზა, პატარა გამარჯვებები და ბედნიერება დიაგნოზს მიღმა
ზოგჯერ შვილებისგან იმაზე მეტს მოვითხოვთ, ვიდრე საჭიროა. ვუწესებთ სტანდარტებს, ვუქმნით ჩარჩოებს და როდესაც ისინი ჩვენს მოლოდინებს ვერ ამართლებენ, ხშირად იმედგაცრუებას ვგრძნობთ. თუმცა არსებობენ დედები, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ ბედნიერება ყოველთვის იდეალურ პირობებში როდია. ზოგჯერ ის მოცემულობის…
ზოგჯერ შვილებისგან იმაზე მეტს მოვითხოვთ, ვიდრე საჭიროა. ვუწესებთ სტანდარტებს, ვუქმნით ჩარჩოებს და როდესაც ისინი ჩვენს მოლოდინებს ვერ ამართლებენ, ხშირად იმედგაცრუებას ვგრძნობთ. თუმცა არსებობენ დედები, რომლებიც გვაჩვენებენ, რომ ბედნიერება ყოველთვის იდეალურ პირობებში როდია. ზოგჯერ ის მოცემულობის მიღებაში, უპირობო სიყვარულსა და პატარა გამარჯვებებით ტკბობაში იმალება.
ელენესა და მისი სამი წლის ვაჟის, იოანეს, დედა-შვილური ამბავი ამის საუკეთესო მაგალითია.
იოანეს ცერებრალური დამბლის დიაგნოზი აქვს. ელენე ფიქრობს, რომ მისი შვილის მდგომარეობა მშობიარობისას ექიმების არასწორ გადაწყვეტილებებს უკავშირდება. იოანეს სოციალურ ქსელებში ბევრი იცნობს. ელენეს მრავალრიცხოვანი აუდიტორია ჰყავს, დედა-შვილის ვიდეოებს კი საზოგადოება განსაკუთრებული ინტერესითა და ემოციებით ხვდება. ალბათ იმიტომ, რომ მათი ყოველი გამოჩენა უპირობო სიყვარულის, გულწრფელი ემოციებისა და ერთად ყოფნით მიღებული სიხარულის ნამდვილი ზეიმია.
-
მოდით, უფრო ახლოდან გავიცნოთ იოანე და მისი არაჩვეულებრივი დედა - ელენე კუტალაძე.
- ელენე, თავიდან დავიწყოთ, როგორი იყო ორსულობის პერიოდი, იცოდით, რომ ბავშვს პრობლემა ექნებოდა?
- ორსულობის დროს არანაირი გართულება არ მქონია. მშობიარობა 40-ე კვირაზე დამეწყო. ბავშვი დაახლოებით 3 850 გრამს იწონიდა და ჩემი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, ეს საკმაოდ დიდი წონა იყო. ექიმს საკეისრო კვეთა შევთავაზე, თუმცა რატომღაც საჭიროდ არ ჩათვალა და ბუნებრივი მშობიარობა დამაჩქარებლის დახმარებით დავიწყეთ. დილის 11 საათიდან საღამოს რვის ნახევრამდე, პრაქტიკულად, ყველა მეთოდი სცადეს, რომ იოანე ბუნებრივი გზით დაბადებულიყო. საღამოს ცხრის ნახევრამდე ექიმს სამჯერ ან ოთხჯერ შევთავაზე საკეისრო კვეთის გაკეთება, თუმცა უარს მეუბნებოდა იმ მიზეზით, რომ ბავშვი უკვე დაბადების პროცესში იყო და საკეისროს გაკეთება აღარ შეიძლებოდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ეს ასე არ ყოფილა. მშობიარობის პროცესში გამოიყენეს ვაკუუმ-ექსტრაქცია და მუცელზე ზეწოლაც ხდებოდა. დაახლოებით საათ-ნახევრის განმავლობაში ამ მეთოდის გამოყენებას ცდილობდნენ. საბოლოოდ, იოანე ღამის 12 საათსა და 26 წუთზე დაიბადა.

ამ დროისთვის ჩემი არტერიული წნევა უკვე უკონტროლო გახდა. ექიმებს უთქვამთ, რომ მდგომარეობა სიცოცხლისთვის საშიში იყო და საშვილოსნოს გახეთქვის რისკიც არსებობდა. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდა სასწრაფო საკეისრო კვეთა. საოპერაციოში გადამიყვანეს, ზოგადი ანესთეზია გამიკეთეს და იოანეც დაიბადა.
- როგორი იყო ბავშვის მდგომარეობა დაბადებისას?
- იოანე ასფიქსიით დაიბადა. ჩემი ინფორმაციით, მშობიარობის გაჭიანურებისას ბავშვი ჟანგბადის ნაკლებობას განიცდიდა. ვერ იტირა, მაშინვე ინტუბაცია გაუკეთეს და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე გადაიყვანეს. შემდეგ ბავშვთა ნეონატოლოგიურ განყოფილებაში, რეანიმაციაში გადაიყვანეს.
მეორე დღეს ექიმი ვნახე და მითხრა, რომ ვითარება არც ისე რთული იყო. ვაკუუმის გამოყენების მცდელობის შედეგად ბავშვს თავზე ჰემატომა განუვითარდა. მითხრეს, რომ ამის გამო კლინიკაში რჩებოდა. იოანე პირველად მესამე დღეს ვნახე. ის კვლავ ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო შეერთებული და დამოუკიდებლად სუნთქვა არ შეეძლო. ასევე, ნაზოგასტრალური ზონდი ჰქონდა, რადგან წოვის რეფლექსი არ ჰქონდა განვითარებული, დამოუკიდებლად წოვა არ შეეძლო. ჩაუტარეს ელექტროენცეფალოგრამა და, თუ სწორად მახსოვს, ცხრა-ათი დღის ასაკში კვლევამ გულყრის ეპიზოდები აჩვენა.
ამის გამო თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარეს. ზუსტად 20 დღის იყო იოანე, როდესაც კვლევის პასუხი მივიღეთ. სწორედ მაშინ გავიგე, რომ საქმე მქონდა ცერებრალურ დამბლასთან.
- ე.ი. თქვენ მიგაჩნიათ, რომ ეს დიაგნოზი სამშობიარო გართულებამ გამოიწვია?
- დიახ. იოანეს ჯანმრთელობის სხვა პრობლემა არც მუცლად ყოფნის პერიოდში ჰქონია და არც მანამდე. ჩემი ინფორმაციით, ჟანგბადის ნაკლებობამ თავის ტვინის გარკვეული უბნები დააზიანა და ამ დაზიანებამ გამოიწვია ცერებრალური დამბლა.
- როგორ შეხვდით დიაგნოზს?
- პირველი შვიდი-რვა წუთი, ალბათ, მხოლოდ ვტიროდი. შემდეგ კი საკუთარ თავს დავპირდი, რომ ეს განაჩენი არ იქნებოდა და ყველაფერს გავაკეთებდი, რათა იოანეს განვითარებისთვის მაქსიმალური შესაძლებლობა ჰქონოდა და საზოგადოების სრულფასოვანი წევრი გამხდარიყო.
იმ დღიდანვე დავიწყე ყველა შესაძლო თერაპიისა და მკურნალობის გზის მოძიება. ვცდილობდი გამერკვია, რა სჭირდებოდა ბავშვს, როგორ შემეძლო მისი დახმარება.

კლინიკიდან იოანე ორთვენახევრის ასაკში გამოვიყვანეთ. წოვის რეფლექსი არ უვითარდებოდა და მთელი ამ დროის განმავლობაში ნაზოგასტრალური ზონდით იკვებებოდა. ნაზოგასტრალური ზონდით კვება სახლში გავაგრძელეთ და ზონდის ჩადგმაც თავად ვისწავლეთ. ზოგჯერ ბებია უდგამდა, ზოგჯერ - მე. შემდეგ კლინიკას მივაკითხე და მისმა ხელმძღვანელმა მითხრა, რომ ეს გენეტიკური დაავადება იყო და კლინიკა არაფერ შუაში გახლდათ.
ამაზე არ გავჩერდი. გენეტიკური კვლევა გერმანიაში გავაგზავნე. მიღებული პასუხის მიხედვით, გენეტიკური მიზეზი გამოირიცხა.
- კლინიკას პასუხი არ მოსთხოვეთ?
- კვლევის პასუხი კლინიკას წარვუდგინე და ვუთხარი, რომ სასამართლოში ვიჩივლებდი. საბუთებიც წამოვიღე, მაგრამ საბოლოოდ ჩივილი ვერ მოვახერხე.
დრო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. იოანეს კვება ზონდით ხდებოდა, მაგრამ გვთავაზობდნენ გასტროსტომის გაკეთებას, რათა საკვები უშუალოდ კუჭში მოთავსებული მილის მეშვეობით მიეწოდებინათ. გერმანიაში, თურქეთსა და ავსტრიაში სპეციალისტებთან კონსულტაციებიც გვქონდა. გერმანიიდან და ავსტრიიდან ექიმები ჩამოვიდნენ, რომლებთანაც ვიზიტზე ჩავეწერეთ. სხვადასხვა სპეციალისტისგან მოვისმინეთ, რომ ბავშვის პირით კვების დაწყების მცდელობა უშედეგო იქნებოდა, დროს ვკარგავდით და უმჯობესი იყო გასტროსტომის გაკეთება. თუმცა მე მჯეროდა, რომ იოანეს დახმარება თერაპიებითაც შეიძლებოდა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ საკმაოდ ჯიუტი ადამიანი ვარ. მჯეროდა ჩვენი თერაპევტების და გადავწყვიტე, რომ გასტროსტომას არ გავუკეთებდით და ბავშვს დამოუკიდებლად კვებას ვასწავლიდით.
სწორედ ამის გამო გადავდე სამართლის ძიების საკითხიც. იმდენი ბრძოლა გვქონდა გადასატანი, რომ იოანე ამ მდგომარეობიდან გამოგვეყვანა ...

- იოანეს კვებაზე მუშაობა როდის დაიწყეთ?
- კლინიკაშივე დავიწყეთ, თუმცა ძირითადი მუშაობა დაახლოებით ორთვენახევრის ასაკში, სახლში დაბრუნების შემდეგ გავაგრძელეთ. გვყავდა ძალიან კარგი თერაპევტი, რომელიც იოანესთან წოვის რეფლექსის განვითარებასა და კვების საკითხებზე მუშაობდა. პარალელურად ფიზიკური თერაპიაც დავიწყეთ.
ექვსი თვის ასაკში ნაზოგასტრალური ზონდი მოვხსენით და იოანემ დამოუკიდებლად კვება დაიწყო.
მანამდე ერთი წვეთი წყალიც რომ მიმეცა, ხშირად გადასცდებოდა. ვნატრობდი, ოღონდ ორი-სამი წვეთი წყალი ჩამესხა პირში, რომ პირი მაინც დამესველებინა მისთვის, მაგრამ ესეც კი სიცოცხლისთვის საშიში იყო, რადგან შეიძლებოდა გადასცდენოდა. ექვსი თვის ასაკში კი უკვე შეძლო დამოუკიდებლად კვება. ჩვეულებრივად, კოვზით დავიწყეთ ფაფების მიცემა. წყლის დალევაც ნელ-ნელა ისწავლა. თავიდან შპრიცით ვაძლევდით მცირე რაოდენობით, შემდეგ კი ბოთლზე გადავედით.
დღეს იოანეს დამოუკიდებლად შეუძლია სხვადასხვა კონსისტენციის საკვების მიღება, გადაცდენის გარეშე. ის წყალს ფინჯნიდან სვამს და ჩვეულებრივად იკვებება, როგორც მე და თქვენ. ჩვენმა ძალისხმევამ, ოჯახის მხარდაჭერამ და თერაპევტების შრომამ შედეგი გამოიღო.
- როგორ შეიცვალა იოანეს ფიზიკური შესაძლებლობები თერაპიის დაწყებიდან დღემდე?
- ფიზიკური თერაპია დაბადებიდან მალევე დავიწყეთ და დღემდე არ შეგვიწყვეტია. დავდივართ ცენტრში და ყოველდღიურად ვვარჯიშობთ. იოანეს ოთხივე კიდურზე ძალიან გამოხატული კუნთოვანი ტონუსი ჰქონდა. ასევე, აღენიშნებოდა ასიმეტრიული დაჭიმულობა. მას დამოუკიდებლად ჯდომა არ შეეძლო, ხელებზე დაყრდნობის უნარი არ ჰქონდა და ბარძაყის სახსრის დისპლაზიაც ჰქონდა.
ერთი წლის ასაკში სხეულის ასიმეტრიული დაჭიმულობა მნიშვნელოვნად შემცირდა. ნელ-ნელა კისრის კონტროლიც გაუუმჯობესდა და ხელებზე დაყრდნობაც ისწავლა. დღეს შეუძლია გვერდულად დაჯდომა და რაიმეზე დაყრდნობით ჯდომა. რამდენიმე წამით დამოუკიდებლად ჯდომასაც ახერხებს. თუმცა გარკვეული სირთულეები კვლავ გვაქვს. იოანეს მხედველობის ნერვი დაზიანებული არ აქვს, მაგრამ აღენიშნება ასტიგმატიზმი და საგნებზე მზერის დაფიქსირება უჭირს. ხედავს, თუმცა ერთსა და იმავე საგანზე მზერის ხანგრძლივად შეჩერება არ შეუძლია. ეს ფიზიკურ თერაპიაშიც გვირთულებს მუშაობას, რადგან მოძრაობების შესრულებისას ვიზუალური კონცენტრაციაც მნიშვნელოვანია.
- რა მოლოდინები გაქვთ? რას ამბობენ სპეციალისტები და თერაპიების დახმარებით მაქსიმალურად რისი მიღწევა შეგიძლიათ?
- იცით, როგორ გითხრათ? თავის ტვინი ძალიან რთული და ბოლომდე შეუსწავლელი ორგანოა. წინასწარ ვერავინ განსაზღვრავს, რას შეძლებს ბავშვი სამი, ხუთი, ათი ან თხუთმეტი წლის ასაკში. იოანეს საკმაოდ რთული მდგომარეობა აქვს, მაგრამ ვერავინ მეტყვის, რა რესურსი ექნება ხუთი წლის შემდეგ. ჩვენ უბრალოდ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, და შედეგს ველოდებით.
თქვენ რომ გენახათ იოანე ერთი წლის ასაკში და შეადაროთ ახლანდელ მდგომარეობას, იტყოდით, რომ ეს ორი სრულიად განსხვავებული ადამიანია. იოანე იმდენად ინერტული იყო, იმდენად გაფანტული, რომ თითქოს არაფერი აინტერესებდა. ამიტომ მის შეგრძნებებს ჩავეჭიდე - იმას, რასაც ის აღიქვამდა, და სწორედ იქიდან დავიწყეთ მუშაობა. მთელი ოჯახი ჩავერთეთ ამ პროცესში. ხან ხმების თეატრს ვიყენებდით, ხან შეგრძნებით თამაშებს და ასე მივედით კომუნიკაციამდე.
- რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს შემთხვევაში ოჯახის სხვა წევრების ჩართულობა ?
- ძალიან მნიშვნელოვანია. იოანეს ძალიან კარგი მამა ჰყავს - საოცარი ადამიანია. არასდროს უგრძნობინებია ჩემთვის, რომ იოანე განსხვავებულია ან სადმე ვერ წავიყვანთ მისი მდგომარეობის გამო. მან იოანე ზუსტად ისეთი მიიღო, როგორიც არის.

ადრე იოანეს სუნთქვის პრობლემები ჰქონდა და ძალიან ხმაურიანად სუნთქავდა. ადამიანს შეიძლებოდა ხუთი-ექვსი მეტრის მანძილიდანაც გაეგონა მისი სუნთქვა, თითქოს ხვრინავდა. მამამისს ამის გამო არასდროს ჰქონია კომპლექსი და არც ის უგრძნია, რომ ამის გამო სადმე არ უნდა წავსულიყავით.
მახსოვს, პირველად აბასთუმანში ვიყავით დასასვენებლად. იოანეს ხმაურიანი სუნთქვა იქ მყოფ ბავშვებსაც შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. მკითხეს, რატომ სუნთქავდა ასე და ავად ხომ არ იყო. იმ დროს 24 წლის ვიყავი და არ ვიცოდი, ბავშვებისთვის როგორ ამეხსნა ეს ყველაფერი. ამიტომ ვუთხარი, რომ იოანე დინოზავრი იყო და ასეთ ხმებს გამოსცემდა. ბავშვებს ეს იმდენად მოეწონათ, რომ სიცილით გაიქცნენ მშობლებთან და უთხრეს, ჩვენც გვინდა, იოანესავით დინოზავრები ვიყოთო. ჩემმა მეუღლემაც იუმორით მიიღო ეს ამბავი. თითქოს აღმოვაჩინე ღილაკები, რომლებზე დაჭერითაც შემეძლო, სიტუაცია უფრო მარტივად და სახალისოდ მექცია.

იოანეს ბევრი რამ არ შეუძლია, მაგრამ მასაც ჩვეულებრივად უყვარს თამაში, სიცილი და ჩახუტება. ისიც ისეთივე ბავშვია, რომელსაც სითბო, სიყვარული და ადამიანებთან ურთიერთობა სჭირდება. როდესაც ოჯახი გვერდში გიდგას, როდესაც გეხმარებიან და პატარა წინსვლაზეც კი თანახმა არიან, ამითაც ბედნიერები არიან, მერე თითქოს უფრო მარტივია, გაუმკლავდე ამხელა პრობლემას და ბევრ რამეზე არ იფიქრო, უბრალოდ იმოქმედო.
ყველა მნიშვნელოვანია - ბებია, ბაბუა, ყველა დამხმარე რგოლი. დამიჯერეთ, მხოლოდ მე ვერაფერს გავაკეთებ, მაგრამ მთავარი პასუხისმგებლობის მატარებელი მაინც მშობელია.
- საზოგადოების დამოკიდებულებაზე მინდა გკითხოთ, ყოფილა შემთხვევა, როცა ამას თქვენთვის გული უტკენია?
- დედა, რომელიც ამ გზაზე დგას და თან ზურგს უკან სიბრალულის ან შეშფოთების გამომხატველი სიტყვები ესმის, ძალიან რთულ მდგომარეობაშია.
ეს კიდევ ცალკე ტვირთი და პრობლემაა, რომელსაც უნდა გაუმკლავდე. იმ ადამიანს კი, რომელიც ამ ხმებს გამოსცემს, ამით არაფერი ემატება, გარდა იმისა, რომ თავად აკლდება. რატომ უნდა თქვა ასეთი რამ? რატომ უნდა ატკინო ადამიანს გული შენი ფრაზით, თუნდაც უნებლიედ? შეიძლება ადამიანმა რაღაც გაუაზრებლად, უცებ თქვას, მაგრამ იცით, ამ გაუაზრებელ სიტყვასაც თავისი შედეგი მოჰყვება. არც ის არის სწორი, როცა ამბობენ: "ვაიმე, საწყალო, რა გჭირს? რატომ, შვილო? შენ ხომ ასეთი კარგი ხარ და რატომ გყავს ასეთი შვილი?“
მე ჩემი შვილი ისეთი მიყვარს, როგორიც არის. არ ვთვლი, რომ მე ჩემი შვილისთვის ზედმეტად კარგი ვარ ან ჩემი შვილია ჩემთვის ცუდი. ჩვენ ერთმანეთს ვავსებთ. მე ის მიყვარს და მივიღე ისეთი, როგორიც არის. ვიღაცისთვის ბედნიერებაა, როცა მისი შვილი დადის, ელემენტარულ რაღაცებს აკეთებს. იოანეს ასაკისთვის შესაფერისი მაგალითი რომ მოვიყვანო: ვიღაცისთვის ბედნიერებაა, როცა ბავშვი ეზოში ჩადის, ველოსიპედზე ჯდება, ბაღში მიდის და ზეიმებზე გამოდის.
მაგრამ ჩემთვის იცით, რა არის ბედნიერება? იოანეს რომ ვეტყვი, აბა, გამარჯობა მითხარი-მეთქი, ან ხელი ამიწიე-მეთქი, და ის ხელს რომ მიწევს, ეს ჩემთვის მთელი სამყაროსხელა ბედნიერების ტოლფასია.
არ ვიცი, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ არ მჭირდება არავის შეცოდება. თანაგრძნობა სხვა არის და შეცოდება - სხვა. ღმერთმა იცის, რომ ამ სამი წლის განმავლობაში არასდროს დამისვამს კითხვა: რატომ მე? რატომ დამემართა ეს მე? უბრალოდ, ასე მოხდა, მივიღე ეს მოცემულობა და ვეძებ გზას, რომ ცხოვრება გავიუმჯობესო მეც, ჩემმა შვილმაც და ჩემმა მეუღლემაც. ჩვენ არაფერს ვიკლებთ, დავდივართ ყველგან, სადაც გვსურს.
- როგორი დამოკიდებულება იქნებოდა თქვენთვის საზოგადოების მხრიდან ყველაზე მისაღები?
- მე არ ვამბობ, რომ ადამიანებმა ინტერესი არ უნდა გამოხატონ ან არ უნდა იკითხონ, რატომ არის ბავშვი ასეთ მდგომარეობაში, მაგრამ მთავარია, ეს კორექტულად გააკეთონ. კითხვას წინ არაფერი უდგას, ყველა კითხვაზე შეიძლება პასუხის მიღება - უბრალოდ, გააჩნია, როგორ დასვამ კითხვას და რამდენად დაიცავ კორექტულობას.
მიმაჩნია, რომ პირიქით, მეტი უნდა იცოდნენ, რადგან ამ შემთხვევაში თავადაც გამონახავენ გზებს, რომ ამ ბავშვებთან კონტაქტი და კომუნიკაცია დაამყარონ. მე არაფერს ვმალავ. შემიძლია, ხმამაღლა ვისაუბრო იოანეს თითოეულ დეტალზე. ვფიქრობ, როცა იოანეს შეხვდები, არ უნდა იკითხო, მაგალითად, "ვერ დადის?“ - უბრალოდ, ხაზი გაუსვი იმას, რისი გაკეთებაც ბავშვს შეუძლია.
შეაქე იმის გამო, რომ ხელი კარგად აგიწია ან გამარჯობა გითხრა. ყურადღება გაამახვილე მის შესაძლებლობებზე.
- თქვენს ვიდეოებს რომ ვუყურებ, მიკვირს, საიდან მოდის ეს უშრეტი ენერგია, ამდენი ახალი იდეა, თამაში თუ სხვადასხვა აქტივობა. ოდესმე იღლებით?
ბავშვებთან ურთიერთობისას დაღლას ვერ ვგრძნობ. მათთან ერთად ყველაფრის გაკეთება შემიძლია. ფსიქოლოგია მაქვს დამთავრებული, ასევე სკოლამდელი აღზრდა. ალბათ, ცოდნაც დამეხმარა, მაგრამ, ძირითადად, უბრალოდ ჩემი შვილის საჭიროებებს მივყევი.
შეიძლება სადღაც მივდიოდე და თან გონებაში უკვე ვგეგმავდე, შემდეგ რა უნდა ვითამაშო იოანესთან. ვფიქრობ, როგორ შეიძლება ერთი უბრალო ნივთისგან მთელი სპექტაკლი დავდგა. უბრალოდ დავდივარ და ამაზე ვფიქრობ. ამას სპეციალურად არ ვაკეთებ.
იცით, როდის ვიღლები? როცა დავწვები და საკუთარ თავს ვკითხავ: დღეს იოანეს რა ვასწავლე? ახალი რა გავაკეთეთ? თუ ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს და ვხვდები, რომ არაფერი გაგვიკეთებია, სწორედ მაშინ ვიღლები.
- რას ეტყოდით იმ დედებს, რომლებიც ახლა იწყებენ იმ გზის გავლას, რომელსაც თქვენ უკვე სამი წელია გადიხართ? რა იქნება თქვენი მთავარი გზავნილი მათთვის?
- მარტივი ნამდვილად არ არის. ვერ ვიტყვი, რომ არაფერია და უბრალოდ უნდა გააგრძელონ ცხოვრება. ასე ნამდვილად არ ხდება, რადგან ყველამ ვიცით, რამდენად რთულია ეს გზა.
მე ბედნიერი ვარ და ხშირად ასეთ განწყობაზე ვარ, მაგრამ როცა ღამე მოდის, არსებობს ერთი წამი, სანამ დაიძინებ, როცა მარტო რჩები საკუთარ თავთან... და იმ მომენტში მართლაც ძალიან რთულია. ეს გარდამავალი წამი უმძიმესია, მაგრამ ამ მდგომარეობაში დიდხანს ვერ დარჩები - ვერც საკუთარი თავისთვის და ვერც შენი შვილისთვის.
მესმის, რომ ეს მარტივი არ არის, მაგრამ ხელის ჩაქნევა უფრო რთულია. რთულია ის შედეგებიც, რომლებიც დანებებას მოჰყვება. ბრძოლა შეიძლება რთული იყოს, მაგრამ ის ერთი პატარა, თითქოს უმნიშვნელო წინსვლაც კი იმდენად დიდი ბედნიერების მომტანია, რომ ადამიანს მთელ დაღლას ავიწყებს.

შეიძლება გარკვეული შედეგები ვერ მივიღო. მე არ ვამბობ, რომ იოანე ზუსტად ისეთი იქნება, როგორიც ქუჩაში მოსიარულე სხვა ბავშვები არიან. ამის გარანტიას ვერც ვერავინ მომცემს. არც საკუთარ თავს დავაკისრებ ისეთ დიდ ვალდებულებას, რომ აუცილებლად ესა და ეს უნდა გავაკეთო.
არის რაღაცები, რაც ბოლომდე არ მიდის, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ შევეცდები, ჩემი შვილის ცხოვრების ხარისხი გავაუმჯობესო. არ მინდა, ის იმ მდგომარეობაში დარჩეს, რომელშიც დაიბადა,
ჩემს შვილს ჩემთვის დედა არასდროს დაუძახია, მაგრამ როცა სადღაც გასული ვარ და სახლში დაბრუნებისას, ერთი თვალით გამომხედავს და თავისებურად დამიძახებს, ხელში ავიყვან და თუნდაც თავის პატარა ხელს სახეზე ჩამომისვამს - ეს ჩემთვის დედის დაძახებაც არის, მამის დაძახებაც, ლექსის მოყოლაც და სიმღერის შესრულებაც.
შეიძლება სხვამ რაღაცას საერთოდ არ მიაქციოს ყურადღება, მაგრამ მე შემიძლია ბედნიერება იქ ვიპოვო, სადაც არავინ ეძებს.
SAY.GE · დაუძახია (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

