შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

20 წუთში გაძარცული კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟა და მოპარული 6.3 მილიარდი - პირველადი შეფასებით, კვალი ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან მიდის: დეტალები

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე რეკორდული კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, ჰაკერებმა 6.3 მილიარდი დოლარის მოპარვა შეძლეს. თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor დგას. გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა…

20 წუთში გაძარცული კრიპტოვალუტის უდიდესი ბირჟა და მოპარული 6.3 მილიარდი - პირველადი შეფასებით, კვალი ჩრდილოეთ კორეელ ჰაკერებთან მიდის: დეტალები
ფოტო: ამბები

მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს კრიპტოვალუტის ბირჟა Binance-ზე რეკორდული კიბერშეტევა განხორციელდა, რომლის შედეგადაც, ჰაკერებმა 6.3 მილიარდი დოლარის მოპარვა შეძლეს. თავდასხმის უკან, სავარაუდოდ, ჩრდილოეთ კორეის ცნობილი ჰაკერული დაჯგუფება TraderTraitor დგას.

გამოძიების ერთ-ერთი ვერსიით, თავდამსხმელებმა შესაძლოა Binance-ის თანამშრომლის ლეპტოპზე მოიპოვეს წვდომა, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ შეტევას რამდენიმე შესაძლო წყარო ჰქონდა.

  • Binance-ის თავდაპირველი ინფორმაციით, კიბერშეტევა შესაძლოა ერთ-ერთი ინჟინრის ლეპტოპის გატეხას უკავშირდებოდეს. მოგვიანებით კომპანიამ დამატებითი დარღვევის წერტილებიც გამოავლინა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ თავდასხმა შესაძლოა რამდენიმე ეტაპად და სხვადასხვა პირის მონაწილეობით განხორციელდა.

კომპანია Blockaid-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იდო ბენ-ნატანმა, რომელიც თავდასხმას ერთ-ერთი პირველი გამოეხმაურა, არ გამორიცხა, რომ ჰაკერებს Binance-ის შიგნით დახმარება ჰქონოდათ. ამასთან, ბენ-ნატანი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელებმა ხელოვნური ინტელექტიც გამოიყენეს.

ჰაკერებმა Binance-ის სისტემაში შეღწევა 50-ზე მეტჯერ სცადეს. საბოლოოდ კი, კრიპტოანგარიშებიდან თანხების გატანის პროცესი დაახლოებით 20 წუთში განახორციელეს და მოპარული აქტივების სხვადასხვა ქსელში გადატანა დაიწყეს.

Binance-ის თანააღმასრულებელმა დირექტორმა, რიჩარდ ტენგმა, განაცხადა, რომ თავდამსხმელებმა კვალის დასაფარად თვითგანადგურების მექანიზმიც გამოიყენეს, რამაც კომპანიისთვის მომხდარის გამოძიება და ჰაკერების მიკვლევა გაართულა.

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტების განმარტებით, მსგავსი თავდასხმების დროს ჰაკერები, ძირითადად, ორ მეთოდს იყენებენ: სოციალურ ინჟინერიას და უშუალოდ პროგრამულ სისტემებში შეღწევას. პირველ შემთხვევაში ისინი თანამშრომლებს ატყუებენ, მაგალითად, ყალბი ელექტრონული წერილებით ან LinkedIn-ის შეტყობინებებით, რათა მათ პაროლები ან კომპანიის სისტემებზე წვდომა გაუმჟღავნონ. მეორე შემთხვევაში კი ბირჟის პროგრამულ უზრუნველყოფაში არსებულ სისუსტეებს ეძებენ და ცდილობენ, ტრანზაქციების უსაფრთხოების მექანიზმები გვერდი აუარონ.

Binance-ზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ჯგუფი TraderTraitor მანამდეც არაერთ მასშტაბურ კიბერდანაშაულთან იყო დაკავშირებული. მათ შორისაა გასულ წელს კრიპტოვალუტის ბირჟა Bybit-ზე განხორციელებული თავდასხმა, რომლის შედეგადაც დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი მოიპარეს.

იმ დროისთვის ეს კრიპტოინდუსტრიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბურ ძარცვად ითვლებოდა.

კრიპტოვალუტის მოპარვის შემდეგ ჰაკერების მთავარი მიზანი თანხების კვალის დამალვა და მათი გათეთრებაა. ამისთვის ისინი მოპარულ აქტივებს სხვადასხვა ციფრულ საფულესა და სავაჭრო პლატფორმაზე ანაწილებენ. მიუხედავად იმისა, რომ ბლოკჩეინზე ყველა ტრანზაქცია აღირიცხება და თანხის გადაადგილების მიკვლევა შესაძლებელია, მისი დაბრუნება გაცილებით რთულია. ცენტრალიზებულ კრიპტობირჟებსა და სტაბილური კრიპტოვალუტების გამომცემლებს გარკვეული აქტივების გაყინვა შეუძლიათ, თუმცა ეს ავტომატურად არ ნიშნავს, რომ მოპარული თანხა მფლობელს დაუბრუნდება.

წყარო

Ა
წყარო ამბები · ambebi.ge ავტორი: AMBEBI.GE · გამოქვეყნდა 31.10.2026, 13:40. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ