შაბათი, 31 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“

მონრეალში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და კანადამ გამოაცხადეს, რომ ქმნიან ახალ ალიანსს მომავლისთვის. ევროკავშირის თანახმად, მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი ალიანსის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცის ჩამოყალიბება…

ევროკავშირი და კანადა აცხადებენ, რომ ქმნიან „ალიანსს მომავლისთვის“
ფოტო: ნეტგაზეთი

31.10.202631.10.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

მონრეალში გამართულ სამიტზე ევროკავშირმა და კანადამ გამოაცხადეს, რომ ქმნიან ახალ ალიანსს მომავლისთვის.

ევროკავშირის თანახმად, მრავალწლიანი სტრატეგიული პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი ალიანსის მიზანია თანამშრომლობის გაღრმავება და საერთო კეთილდღეობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების სივრცის ჩამოყალიბება.

„ეს არის მომენტი, როდესაც მკაფიო ხედვითა და ამბიციით უნდა ვიმოქმედოთ. ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სტრატეგიული თვალსაზრისით უფრო მჭიდრო თანამშრომლობით, კანადა და ევროკავშირი ნდობასა და საერთო ღირებულებებზე დაფუძნებულ „მომავლის ალიანსს“ ქმნიან, რომელიც დღევანდელი გამოწვევებისა და შესაძლებლობების მასშტაბს შეესაბამება და გააძლიერებს თავისუფლებას, კეთილდღეობასა და უსაფრთხოებას, რასაც ჩვენი მოქალაქეები ელიან და იმსახურებენ. ერთად ჩვენ უფრო ძლიერები ვართ“, — ნათქვამია სამიტის განცხადებაში.

ალიანსმა უნდა გააძლიეროს თანამშრომლობა ექვსი მიმართულებით:

  • ვაჭრობა და მარეგულირებელი ორგანოების თანამშრომლობა;
  • ციფრული ტექნოლოგიები, კვლევითი და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები;
  • კრიტიკული რესურსები და ენერგეტიკა;
  • ფინანსური მომსახურება და ბაზრები;
  • უსაფრთხოება და მზადყოფნა;
  • ხალხთაშორისი კავშირები.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ იმუშავებენ ევროკავშირისა და კანადის კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირებისკენ და 2027 წლის ევროკავშირისა და კანადის სამიტამდე განსაზღვრავენ კანადის ევროკავშირთან კიდევ უფრო მჭიდრო ასოცირების კონცეფციას, რაც სრულუფლებიან წევრობაზე ნაკლებად ღრმა ფორმას გულისხმობს.

16 სექტემბერს, ევროპარლამენტის წინაშე ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი გამოვიდა ინიციატივით, კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდეს.

ფორმულირება მოულოდნელი აღმოჩნდა წევრი ქვეყნებისთვის, რამეთუ ის შეთანხმებული არ ყოფილა, ასევე, ბუნდოვანია, რას გულისხმობს ასოცირებული წევრობა, რადგან ასეთი არც ევროკავშირის ხელშეკრულებებით არის გათვალისწინებული და არც პრეცედენტი ჰქონია.

მანამდე გერმანია გამოვიდა უკრაინისთვის ასოცირებული წევრობის წინადადებით, რაც ეტაპობრივი ინტეგრაციის კონკრეტულ ზომებს მოიცავდა, თუმცა კიევმა ეს იდეა უარყო და განაცხადა, რომ მას მხოლოდ ევროკავშირში სრული ინტეგრაცია სურდა.

კანადა EU-ის პირველი „ასოცირებული წევრი“? რას (არ) ნიშნავს ბრიუსელის ახალი ინიციატივა

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: ნინო ჩიჩუა · გამოქვეყნდა 31.10.2026, 13:21. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ