ბიწაძის ოჯახის კომპანიას მერიამ საკუთარი წილიდან ბინები დაუთმო სანაპიროზე - 1 კვ. მეტრი 890 დოლარად - Batumelebi
ალიანს ჯგუფი • ბათუმის მერია • ბათუმის საკრებულო • მშენებლობა ბათუმში • პარტია
„ალიანს ჯგუფის“ დამფუძნებლის, გია ბიწაძის მეუღლის, მედეა ბოჭორიშვილის კომპანიას ბათუმში, თამარის დასახლებაში უკვე დამტკიცებული სამშენებლო პროექტის ფარგლებში კ2 კოეფიციენტის გაზრდისთვის დაწესებული ნამატი ფართობის 10 პროცენტის მერიისთვის გადაცემა არ სურს. შპს „სიფერლიმ“ მერიას სანაცვლოდ თანხის გადახდა შესთავაზა. ამას კანონიც უშვებს.
მედეა ბოჭორიშვილის კომპანიამ – შპს „სიფერლიმ“ და მერმა, გიორგი ცინცაძემ შესაბამისი ხელშეკრულება უკვე გააფორმეს და კომპანია 1კვ.მეტრში 890 დოლარი გადაიხადა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ბათუმში, არათუ ზღვის სანაპიროზე, არამედ გარეუბნებშიც კი, დიდი ხანია ამ ფასად შავ კარკასსაც ვეღარ იყიდი, არათუ თეთრ კარკასს. ეს მერიამაც კარგად იცის და მედეა ბოჭორიშვილმაც.
ვინ დარჩა ამ გარიგებით მოგებული – კომპანია თუ მუნიციპალიტეტი?
ბათუმის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად [რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის, ასევე სამშენებლო კოდექსებს და სხვა მთელ რიგ კანონებს ეყრდნობა], ასეთი შეთავაზების შემთხვევაში სამშენებლო კომპანიამ გადასაცემი ფართობის, თითოეული კვადრატული მეტრის ფასი, საბაზრო ღირებულებით, ბიუჯეტში სამშენებლო ნებართვის მიღებამდე უნდა გადაიხადოს.
ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც ბათუმის მერმა, გიორგი ცინცაძემ და მედეა ბოჭორიშვილის კომპანიამ შპს „სიფერლიმ“ გააფორმეს, საუბარია თამარის დასახლებაში დაგეგმილ პროექტზე. უკვე დამტკიცებული განაშენიანების დეტალური გეგმის მიხედვით, კომპანია, სანაპიროზე, ზღვის, ქალაქისა და მთის ხედებით 3 ცათამბჯენის მშენებლობას გეგმავს.
პირველი 47 სართულიანი კორპუსის მშენებლობის ნებართვა უკვე გაცემულია.

მონიშნულია მიწის ნაკვეთი, სადაც შპს „სიფერლი“ სამი 60-სართულიანი ცათამბჯენის აშენებას გეგმავს
ხელშეკრულების თანახმად, რომელიც მხარეებს შორის გაფორმდა, კომპანიას პროექტის კ2 კოეფიციენტის გაზრდის სანაცვლოდ მუნიციპალიტეტისთვის ნამატი ფართობის 10 პროცენტი უნდა გადაეცა.
თუმცა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ამ ბინებს მერიას არ გადასცემს და ბიუჯეტში გადაიხდის შესაბამის ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში, ბათუმის საკრებულოს დადგენილების თანახმად, საცხოვრებელი ბინების ფასი დაითვლება არა შავი, არამედ თეთრი კარკასის ღირებულებით, ოღონდ საანგარიშო ფართობის არა 10, არამედ 4 პროცენტიდან.
თითოეული კვადრატული მეტრის საბაზრო ღირებულება კი განისაზღვრება უფლებამოსილი პირის აუდიტორული ან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.
ბათუმის მერისა და მედეა ბოჭორიშვილის კომპანიის მიერ გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, შპს „სიფერლიმ“ მერიას წარუდგინა შპს „KPMG“-ს დასკვნა, რომლის მიხედვითაც, 1 კვ.მეტრი თეთრი კარკასის ღირებულება 890 აშშ დოლარია.
შეთანხმებული არქიტექტორული პროექტის კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ნამატი ფართობი კი 31 090,31 კვ.მეტრია, რომლის 4 პროცენტიც არის 1243.62 კვ.მეტრი. შესაბამისად, კომპანიამ ბიუჯეტში 1 მილიონ 106 821,8 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი გადაიხადა.
დოკუმენტის თანახმად, რომელიც „ბათუმელებმა“ მოიპოვა, კომპანიას ბიუჯეტში გადახდილი აქვს 2 მილიონ 921 234. 78 ლარი.
თუმცა, ბათუმში, ზღვის სანაპიროზე, ერთი კვ.მეტრის ფასი 890 დოლარი დიდი ხანია აღარ არის. ეს მერიამაც კარგად იცის და მედეა ბოჭორიშვილმაც.
ამის დასადასტურებლად შორს რომ არ წავიდეთ, თავად „ალიანს ჯგუფის“ და მისი შვილობილი კომპანიების პროექტების ფასებიც კმარა, რაც კომპანიისავე ვებგვერდზეა გამოქვეყნებული: ზღვასთან ახლოს, ერთი კვ.მეტრის ფასი მაღალ სართულებზე 3000 დოლარს აღემატება, როგორც ბათუმში, ასევე ქობულეთში. დაბალ სართულებზე კი, მაგალითად, ქობულეთში 1800 დოლარიდან იწყება და იზრდება.
ბათუმში დაახლოებით 3 ათასამდე ოჯახია, ვინც მერიისგან შეღავათიან ფასად ბინის მიღებას ითხოვს. თუმცა, უცნობია, კ2 კოეფიციენტის გაცემის სანაცვლოდ მერიამ თავის საბინაო ფონდში რამდენი ბინა მიიღო ან ვის გადასცემს ამ ბინებს. უკვე მესამე წელია მერიას არც იაფი სახლის მშენებლობა დაუწყია. ჯერჯერობით მერიას ტენდერი არც ბიზნესმენ გალიფ ოზთურქისთვის ჩამორთმეული კორპუსების საცხოვრებლად გადაკეთებაზე გამოუცხადებია.
___
„ალიანს ჯგუფის“ და მასთან დაკავშირებული კომპანიების დირექტორები და პარტნიორები „ოცნების“ მხარდამჭერები და შემწირველები არიან. „ოცნების“ აქტიური შემწირველია გია ბიწაძის შვილი თემურ ბიწაძე.
სამშენებლო კომპანია „ალიანსის“ დამფუძნებლის შვილმა „ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა, ნანა ბიწაძემ კი 15 000 ლარი. საერთო ჯამში, თემურ ბიწაძის შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 205 000 ლარია, ნანა ბიწაძის შენატანი კი 25 000 ლარი.
„ალიანის“ ბიზნესპარტნიორმა ბესიკ ჟღენტმა „ოცნებას“ 2026 წლის მარტში 60 000 ლარი შესწირა, სულ მისი შენატანი „ოცნების“ ანგარიშზე 300 000 ლარზე მეტია.


