„ჩვენ მოგვკლეს. გაზეთი აღარ არსებობს“ - რუსეთში დაიხურა „ნოვაია გაზეტა“ - Batumelebi
მედია • რუსეთი •
ცნობილი რუსული გამოცემა „ნოვაია გაზეტა“ დაიხურა. განცხადება ამის შესახებ გაზეთის სარედაქციო ჯგუფმა დღეს, 30 ოქტომბერს გაავრცელა.
„ნოვაია გაზეტა“, რომლის 6 ჟურნალისტი, მათ შორის ანა პოლიტკოვსკაია, მოკლეს სხვადასხვა წლებში, აცხადებს, რომ გაზეთი მოკლა რუსეთის ხელისუფლებამ.
„ბათუმელები“ სრულად გთავაზობთ „ნოვაია გაზეტას“ სარედაქციო წერილს.
„ჩვენ მოგვკლეს.
9 ნოემბერს შუქს ჩავაქრობთ სახლში, სადაც 30 წელი ვცხოვრობდით, სერვერებს გამოვრთავთ და წავალთ.
გაზეთი აღარ არსებობს. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა რედაქციას საქმიანობის შეწყვეტა აიძულეს.
ქვეყანასთან და მის მოქალაქეებთან ერთად ოცდაათ წელზე მეტი ხნის ცხოვრება ჩვენთვის ქუჩაში დასრულდება, საარსებო წყაროს გარეშე, რეპრესიების მუდმივი საფრთხის ქვეშ.
ჩვენი სიცოცხლის წლები ბედნიერი იყო – შემოქმედებითი და იმედიანი, მკითხველებით, მეგობრებით, ტექსტებით, ფილმებით. ზოგჯერ ეს წლები სასოწარკვეთილად მწარე იყო.
მწარე, რადგან სწორედ ამ რეჟიმის მმართველობის დროს და არა განგსტერულ 1990-იან წლებში, პოლიტიკური მოტივებით, პროფესიული და სამოქალაქო მოვალეობის შესრულების გამო მოკლეს ჩვენი კოლეგები: იგორ დომნიკოვი, იური შჩეკოჩიხინი, ანა პოლიტკოვსკაია, სტას მარკელოვი, ანასტასია ბაბუროვა და ნატალია ესტემიროვა.
გამოსახლების წერილთან ერთად გაგვიუქმეს დონაციის სისტემა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა ჩვენი მკითხველებისგან შემოწირულებები მიგვეღო. ანუ ყოველგვარი საარსებო წყარო წაგვართვეს. სრულად.
ეს კოორდინირებული ქმედებაა. ვერავის დაარწმუნებს ბანკების თავის მართლება, რომ ისინი შიდა კორპორაციული წესების საფუძველზე მოქმედებენ. ეს გარე წესებია, დადგენილი რეპრესიული სახელმწიფო აპარატის, „ეფესბეს“ თანამშრომლების მიერ, რომლებმაც ყველა ორგანიზაციაში შეაღწიეს. ისინი ქვეყანას თავის საკუთრებად თვლიან.
საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ჩვენ, ისევე როგორც სხვა ჟურნალისტებს, წაგვერთვა შესაძლებლობა გვესაუბრა ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვანი და ტრაგიკული მოვლენების შესახებ. მიიღეს კანონები, რომლებმაც ქვეყანაში ცენზურა დააბრუნა. შემდეგ ეს ცენზურა ადამიანის ცხოვრების პრაქტიკულად ყველა სფეროზე გავრცელდა.
ხელისუფლებამ დაბლოკა ჩვენი ყველა ონლაინ რესურსი. სახელმწიფომ წაგვართვა სტამბა, ხოლო სხვა სტამბებში დასაქმებულმა სპეცსამსახურების ოფიცრებმა და ცენზორებმა უარი თქვეს გაზეთის გამოცემაზე. ჩვენი მრავალი თანამშრომელი იძულებული გახდა წასულიყო ქვეყნიდან.
შემდეგ სახელმწიფომ გააუქმა ჩვენი მედიის რეგისტრაცია, რამაც წაგვართვა საარსებო წყაროს შოვნის უფლება.
გაზეთის მთავარ რედაქტორს, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატ დიმიტრი მურატოვს თავს დაესხნენ, რის შედეგადაც იგი ლამის დაბრმავდა. სისხლის სამართლის საქმე არ აღძრეს, მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავეების შესახებ ცნობილია.
შემდეგ ჩვენს ჟურნალისტებს „უცხოეთის აგენტები“ შეარქვეს, მთავარი რედაქტორიდან დაწყებული.
შემდეგ რედაქციის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ადმინისტრაციული საქმეები აღიძრა.
ჩეჩნეთში ჩვენი სარედაქციო სვეტის ავტორი ელენა მილაშინა გაიტაცეს და სასტიკად სცემეს.
გაზეთის მმართველი რედაქტორი, ოლეგ როლდუგინი, მძევლად აიყვანეს და ჟურნალისტად მუშაობაში დაადანაშაულეს. სასამართლო პროცესი მალე იქნება.
„ნოვაია გაზეტას“ ოფისებში რამდენიმესაათიანი ჩხრეკა ჩატარდა, ასევე – მთავარი რედაქტორის ბინაში.
წელს, სექტემბერში, მთელი რედაქციის პერსონალი „უცხოელ აგენტად“ გამოაცხადეს, სიაში ასზე მეტი ადამიანი ჩაწერეს – ჟურნალისტები და ავტორები.
თითქმის ხუთი წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სპეცსამსახურების ალყაში მუშაობა.
და ახლა – მორჩა. ჩვენ „მკვლელ ზონაში“ აღმოვჩნდით.
ეს მხოლოდ ჩვენი პირადი ისტორია არ არის. ესა ქვეყნისა და საზოგადოების ისტორია, რომელსაც ზუსტად ასე ანადგურებენ.
ამას აკეთებენ „ეფესბე“, იუსტიციის სამინისტრო, პროკურატურა და სხვები, რომლებმაც სახელმწიფო პრივატიზება მოახდინეს და ძალაუფლება მიითვისეს. ეს არ არის საბჭოთა რესენტიმენტი – მისი აბრის ქვეშ თითქმის აშენდა სამხედრო დიქტატურა.
ისინი ამბობენ, რომ კონსტიტუციურ წესრიგს იცავენ. არა, ეს არაკონსტიტუციური წესრიგია. იმიტომ, რომ კონსტიტუცია გაუპატიურებულია, ნაცემი, პირაკრული და დიდი ხნით ციხეშია ჩაგდებული.
ისევე, როგორც საკუთარი ქვეყნის ათასობით მოქალაქე, რომლებიც უბრალოდ მის დებულებებს მისდევდნენ. ისევე, როგორც ქვეყნის ათიათასობით სხვა მოქალაქე, რომლებიც იძულებულნი გახდნენ დევნილები გამხდარიყვნენ, სახლები დაეტოვებინათ და გაურკვევლობაში გაქცეულიყვნენ.
შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ ახლა არ არის სტალინური 1937 წელი და რომ რეპრესიებს რაღაცნაირად „ციფრული ხასიათი“ აქვს. ეს სახელმწიფო რეპრესიებია. და ადამიანები, და არა რიცხვები, იღუპებიან ციხის საკნებში. წერტილი.
ადამიანის სიცოცხლემ დაკარგა აზრი და გაუფასურდა.
სიტყვა „კონსტიტუცია“ სარკაზმსა და სიცილს იწვევს. ყველაში. მოსამართლეებშიც კი. განსაკუთრებით მოსამართლეებში. არავის სჯერა, რომ ეს ქვეყნის ფუნდამენტური კანონია და პრეზიდენტი მასზე იფიცებოდა. გაითვალისწინეთ, რომ ოფიციალურმა პროპაგანდამ დიდი ხანია შეწყვიტა პრეზიდენტის კონსტიტუციის გარანტად მოხსენიება.
ქვეყანაში ადამიანის უფლებები და თავისუფლებები ლიკვიდირებულია და მათი დაცვა დანაშაულთან გაიგივდა. არჩევნები და არჩეული ორგანოები ფაქტობრივად გაუქმდა. საჯარო ინსტიტუტები გაუქმდა. სინდისის თავისუფლება და ადამიანის ღირსება გათელეს. პირადი ცხოვრება ბინძური ხელებით ამოატრიალეს.
განა დღეს დაცინვად არ ჟღერს კონსტიტუციის 29-ე მუხლი: „ცენზურა აკრძალულია“? სასამართლოები განადგურებულია კანონთან და კანონის უზენაესობასთან ერთად. პრინციპების ქონა ახლა სახელმწიფოს ღალატია.
მაგრამ ღალატია, როცა სახელმწიფო ღალატობს საკუთარ კონსტიტუციას. და ეს ღალატი მიმდინარე დანაშაულია, რომელიც ახლა მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება.
„ნოვაია გაზეტას“ მკვლელობა ამის კიდევ ერთი დასტურია.
ჩვენ სწორედ ამაზე ვწერდით მთელი ამ წლების განმავლობაში. სანამ შეგვეძლო. ამიტომაც მოგვკლეს.
მადლობა ყველას, ვინც მოგვისმინა“.
წერილი „ნოვაია გაზეტას“ ვებგვერდზე რედაქტორთა ჯგუფის სახელით გამოქვეყნდა.
„ნოვაია გაზეტა“ იყო ცნობილი რუსული დამოუკიდებელი გამოცემა, რომლის მთავარი რედაქტორი დიმიტრი მურატოვი 2021 წელს ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი გახდა.
რუსეთში დაწესებული ცენზურისა და რეპრესიების გამო, რედაქციის ნაწილმა მუშაობა ევროპაში განაგრძო სახელით „ნოვაია გაზეტა ევროპა“.
ამავე თემაზე:
„ნოვაია გაზეტას“ რედაქტორი ნობელის პრემიის მედალს ყიდის უკრაინის დასახმარებლად
