2025 წელს მენეჯერების საშუალო ხელფასი ₾3,609 იყო – კაცების ანაზღაურება ქალებისას 59%-ით აღემატებოდა
ფოტო: Getty Images (Mohd Izzuan) სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მენეჯერების პოზიციაზე იყო და 3 609 ლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი არაკვალიფიციურ მუშაკებს ჰქონდათ…
კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი
ფოტო: Getty Images (Mohd Izzuan)
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებულთა შორის ყველაზე მაღალი საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი მენეჯერების პოზიციაზე იყო და 3 609 ლარს შეადგენდა. ყველაზე დაბალი ანაზღაურება კი არაკვალიფიციურ მუშაკებს ჰქონდათ – თვეში საშუალოდ 1 132 ლარი.

სქესის მიხედვით, ხელფასებს შორის განსხვავება ყველა ძირითად პროფესიულ ჯგუფში შეინიშნებოდა – კაცების საშუალო ანაზღაურება ქალებისას აღემატებოდა. ყველაზე დიდი სხვაობა მენეჯერების პოზიციაზე დაფიქსირდა: ქალების საშუალო თვიური ხელფასი 2 713 ლარს, კაცების კი 4 312 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ამ პოზიციაზე კაცების ანაზღაურება ქალებისას დაახლოებით 59%-ით აჭარბებდა.

საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 26 671 ლარი იყო. ამ თანხის 97.4% შრომის ანაზღაურებაზე მოდიოდა, დარჩენილი 2.6% კი სხვა დანახარჯებს მოიცავდა, მათ შორის სოციალურ უზრუნველყოფას, კადრების მომზადებასა და გადამზადებას, კულტურულ-საგანმანათლებლო და გამაჯანსაღებელ ღონისძიებებს.
საქმიანობის სახეების მიხედვით, ერთ დაქირავებით დასაქმებულზე საშუალო წლიური დანახარჯი ყველაზე მაღალი საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სფეროში დაფიქსირდა და 51 494 ლარი შეადგინა. ყველაზე დაბალი მაჩვენებელი კი სხვა სახის მომსახურების სფეროში იყო – 14 537 ლარი.
სექტორების მიხედვით, სახელმწიფო დამსაქმებლების საშუალო წლიური დანახარჯი ერთ დაქირავებით დასაქმებულზე 23 329 ლარს შეადგენდა, არასახელმწიფო სექტორში კი ეს მაჩვენებელი 28 353 ლარი იყო. შესაბამისად, სახელმწიფო სექტორში სამუშაო ძალაზე გაწეული საშუალო წლიური დანახარჯი არასახელმწიფო სექტორის მაჩვენებელზე 17.7%-ით ნაკლები იყო.
SAY.GE · მენეჯერები (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე



