პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

როგორ გაუმკლავდება ევროპული ავტოინდუსტრია საკუთარი დიზაინის ისტორიით ჩინური ბრენდების კონკურენციას | Marketer

თანამედროვე ქალაქებში ავტომობილების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდა. აეროდინამიკურმა მილებმა და ხარჯების მკაცრმა გათვლებმა ქუჩები ერთნაირი,

როგორ გაუმკლავდება ევროპული ავტოინდუსტრია საკუთარი დიზაინის ისტორიით ჩინური ბრენდების კონკურენციას | Marketer
ფოტო: მარკეტერი

თანამედროვე ქალაქებში ავტომობილების ერთმანეთისგან გარჩევა თითქმის შეუძლებელი გახდა. აეროდინამიკურმა მილებმა და ხარჯების მკაცრმა გათვლებმა ქუჩები ერთნაირი, უსახური ფორმებით აავსო.

ამ ფონზე ევროპაში საინტერესო ტენდენცია იკვეთება. ტრადიციული ავტომწარმოებლები საკუთარი ისტორიის გამორჩეული სილუეტების გაცოცხლებას შეუდგნენ. პარიზის ავტოსალონზე Citroën-მა ლეგენდარული 2 CV მოდელის ელექტრონული ვერსია და პატარა ფურგონი წარმოადგინა. Renault-მ R8 Gordini და E-Space კონცეპტები გამოფინა, რითაც უკვე გაყიდვაში არსებულ რეტრო ხაზებს ახალი მოდელები შემატა.

ეს ავტომობილები დიდ ინტერესს იწვევს როგორც უფროს თაობაში, ისე ახალგაზრდებში, რომელთაც ერთფეროვანი თანამედროვე დიზაინი მობეზრდათ. ბევრისთვის ეს არის ისტორია და მკაფიო ხასიათი. დიზაინის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ მემკვიდრეობა და ბრენდის წარსული ემოციური მიზიდულობის ძლიერი იარაღია. ეს უპირატესობა ახალ მოთამაშეებს, განსაკუთრებით კი ჩინურ კომპანიებს, საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ ბრენდის ისტორიული ხაზი ბაზარზე მთავარ განმასხვავებელ ფაქტორად იქცა.

ავტომწარმოებლებიც თანხმდებიან, რომ წარსულის გამოცდილება დიდი აქტივია, თუმცა მასთან სიფრთხილეა საჭირო. მთავარი მიზანი ძველი მანქანების ნოსტალგიით გამეორება კი არა, მათი თანამედროვეობისთვის ხელახლა შექმნაა.

წარსულის არქივების გაცოცხლება

ძველ კატალოგებში ყველაზე დიდი ენთუზიაზმით Renault იქექება. 1972 წლის ჰეჩბეკის ელექტრონული ვერსია Renault 5 E-Tech ევროპაში წლის პირველ ნახევარში ყველაზე გაყიდვადი პატარა ელექტრომობილი გახდა. მისი საწყისი ფასი საფრანგეთში 24 990 ევროა და გაყიდვებმა უკვე ასი ათასს გადააჭარბა.

მის პარალელურად განახლდა Renault 4 E-Tech, რომლის სვლის მარაგიც 415 კილომეტრამდე გაიზარდა. ბაზარზე შემოდის ახალი Twingo E-Tech, რომელიც 1992 წლის ქალაქის ცნობილი მანქანის ფორმებს იმეორებს და მისი ფასი 19 490 ევროდან იწყება.

კომპანია სპორტულ ექსპერიმენტებსაც არ ერიდება. ოთხმოციანი წლების რალის ავტომობილი ელექტრონულ მინი-სუპერქარად გადაკეთდა, 1964 წლის კლასიკური სედანი კი 270 ცხენის ძალის მქონე დაბალ ორადგილიან კუპედ გარდაიქმნა. მწარმოებელმა ბოლო წლებში ხელოვნების ნიმუშებად ქცეული არაერთი ერთჯერადი ვერსია გამოუშვა, რამაც ინტერნეტში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

არქივების გადასინჯვა Citroën-მაც დაიწყო. კომპანია ევროპული ავტოისტორიის ერთ-ერთ უდიდეს სიმბოლოს, 2 CV მოდელს მიუბრუნდა, რომელიც პირველად 1948 წელს გამოჩნდა და წარმოებაში ათწლეულების განმავლობაში დარჩა. ახალი ვერსია ბაზარზე 2028 წლისთვის გამოვა, ევროპაში აეწყობა და მისი საწყისი ფასი დაახლოებით 15 000 ევრო იქნება. ის პატარა და ხელმისაწვდომი ელექტრომობილების ახალ ევროპულ სტანდარტს ერგება.

ნოსტალგიის ციკლი და რეალური მოთხოვნა

რეტრო დიზაინის ტალღა ათწლეულების წინ დაიწყო. დღეს ეს ინტერესი მათზეც გავრცელდა, ვინც ამ მანქანების გამოსვლის დროს დაბადებულიც არ იყო. ახალგაზრდები მშობლების ეპოქის ტექნოლოგიებით, ვინილის ფირფიტებითა და ძველი კამერებით ინტერესდებიან. გამოკითხვებით, ახალგაზრდების თითქმის ორ მესამედს ანალოგური ტექნიკა იზიდავს. მრგვალი ფარები და ისტორიული სილუეტები სწორედ ამ ენაზე მეტყველებს.

ავტოინდუსტრიის მკვლევართა ნაწილი მაინც სკეპტიკურად უყურებს იმ აზრს, რომ ავტომობილებში მოჩვენებითი ნოსტალგია გაამართლებს. ბევრს მიაჩნია, რომ ახალგაზრდა მომხმარებლები თანამედროვე ტექნოლოგიურ ბრენდებს, ავტონომიურ მართვას, აჩქარებასა და ციფრულ ეკრანებს უფრო მეტად აფასებენ.

ჩინური კომპანიების საფრთხე ევროპული ბაზრისთვის უკვე დიდი ხანია თეორიული აღარ არის. მიმდინარე პერიოდში ჩინურმა ბრენდებმა ევროპაში რეკორდული რაოდენობის ავტომობილები გაყიდეს და ბაზრის 12.7% დაიკავეს, რითაც იაპონურ მწარმოებლებს პირველად გადაუსწრეს. BYD-ის გაყიდვებმა ევროკავშირში Tesla-ს მაჩვენებლებსაც კი გადააჭარბა.

ევროპა ამ ვითარებას საპასუხო ნაბიჯებით ხვდება. შემუშავდა იმპორტის შეზღუდვის მექანიზმები, თუმცა ევროკავშირის ტერიტორიაზე აწყობილი მანქანები კვოტებში არ ხვდება, ჩინური ქარხნები კი ევროპაში უკვე იხსნება. პროგნოზების მიხედვით, უახლოეს წლებში ჩინური ბრენდები ევროპის ავტობაზრის 20%-ზე მეტს დაიკავებენ. მათი მთავარი უპირატესობა მხოლოდ დიზაინი არ არის, ჩინური ელექტრომობილები ევროპულ ანალოგებზე საშუალოდ 21%-ით იაფი ღირს.

ისტორია ფასის წინააღმდეგ

დიზაინის მემკვიდრეობა ბრენდს ვერ დაიცავს, თუ მომხმარებელს მანქანის ყიდვის შესაძლებლობა არ ექნება. ეს გაკვეთილი კარგად ახსოვს Honda-ს, რომლის რეტრო ელექტრომობილი ძვირი გამოდგა და მალევე მოიხსნა გაყიდვებიდან. მგსავსი სურათია ამერიკის ბაზარზეც, სადაც მაღალი ფასის გამო რეტრო სტილის ელექტრომოდელების გაყიდვები მკვეთრად შემცირდა.

თავად Renault-ს ოჯახშიც კი გაყიდვები არაერთგვაროვანია. როდესაც გარკვეული მოდელები მოწინავე ადგილებს იკავებს, შედარებით ძვირად შეფასებული რეტრო R4 ბაზარზე მოკრძალებულ შედეგებს აჩვენებს, რის გამოც მწარმოებელი უფრო იაფი ვერსიის გამოშვებას გეგმავს.

თანამედროვე Fiat 500 წლების განმავლობაში იმიტომ იყიდებოდა დიდი ტირაჟით, რომ ის პირველ რიგში კარგი და ხელმისაწვდომი პატარა მანქანა იყო, რასაც დამატებით მომხიბვლელი დიზაინი ამყარებდა. როგორც კი მემკვიდრეობა მოგებას წყვეტს, მასზე უარს მაშინვე ამბობენ. მაგალითად, Jaguar-მა ძველ იმიჯზე უარი თქვა, რადგან წარსულის დიდება ახალგაზრდა თაობაში აღარ მუშაობდა.

თავად დიზაინერებიც აღიარებენ, რომ რეტრო მიდგომას თავისი ლიმიტი აქვს და სიმბოლოები მარადიული არ არის. მომავლის ავტომობილი ტექნოლოგიებით იქმნება და არა წარსულის ისტორიებით.

სწორედ ამიტომ მწარმოებლები ხაზს უსვამენ, რომ ძველი მოდელების პირდაპირ ასლებს არ ქმნიან. Citroën-მა ახალი მოდელის დამუშავებისას უკანა ბორბლების ისტორიულ დაფარვაზე უარი თქვა, რათა მანქანას ზედმეტად ძველბური იერი არ მიეღო. წარმატებული მოდელები ცნობილ იერსახეს ინარჩუნებენ, თუმცა სწორ ზომასა და კონკურენტულ ფასს სთავაზობენ მყიდველს.

ყველაზე რთული ამოცანა წინ არის. ახალი სიმბოლოს ნულიდან შექმნა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ძველის განახლება. ამ ეტაპზე ისტორიული სილუეტები ევროპელ მწარმოებლებს დროსა და ყურადღებას აძლევს ჩინურ ექსპანსიასთან გასამკლავებლად. ნოსტალგიას შეუძლია მყიდველი სალონში მიიყვანოს, თუმცა მხოლოდ ეს გარიგებას ვერ დაასრულებს. საბოლოო გამარჯვებას ის მოდელები მოიპოვებენ, რომლებიც გამორჩეულ დიზაინს ხელმისაწვდომ ფასთან და რეალურ ტექნოლოგიურ ინოვაციებთან გააერთიანებენ, მიუხედავად იმისა, ახსოვს თუ არა ვინმეს მათი ისტორიული პირველსახე.

წყარო: Fastcompany

Მ
წყარო მარკეტერი · marketer.ge ავტორი: TamarMep · გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:41. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ