პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

საქსტატი: ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 11.1%-ით შემცირდა

ფოტო: georgia.travel სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია. საქსტატის…

საქსტატი: ერთ ვიზიტზე გაწეული საშუალო ხარჯი 11.1%-ით შემცირდა
ფოტო: Forbes Georgia

კითხვის სავარაუდო დრო 1 წუთი

ფოტო: georgia.travel

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული ვიზიტებისას გაწეულმა ხარჯებმა 5.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 8.2%-ით ნაკლებია. საქსტატის მონაცემებით, ამავე პერიოდში ერთ ვიზიტზე საშუალო ხარჯი წლიურად 11.1%-ით შემცირდა და 2 194.4 ლარი შეადგინა.

ხარჯების შემცირების პარალელურად, საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში გატარებული ღამეების საშუალო რაოდენობა გაიზარდა. 2026 წლის მესამე კვარტალში ერთ ვიზიტზე საშუალოდ 6.4 ღამე მოდიოდა, მაშინ როდესაც 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.3 ღამეს შეადგენდა. ზრდამ 2.2% შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში საქართველოში განხორციელებული ვიზიტების 76.7% განმეორებითი ხასიათის იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიზიტორთა უმრავლესობა ქვეყანაში პირველად არ იმყოფებოდა.

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოში საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების 3.1 მილიონი შემოსვლა დაფიქსირდა, რაც წლიურად 3.6%-იანი ზრდაა. ამ პერიოდში საერთაშორისო ვიზიტორებმა 2.6 მილიონი ვიზიტი განახორციელეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 3.3%-ით მეტია.

ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა. მესამე კვარტალში საქართველოში რუსეთიდან 596.8 ათასი ვიზიტორი შემოვიდა, რაც ვიზიტორთა მთლიანი რაოდენობის 26.7%-ს შეადგენდა. მეორე ადგილზე თურქეთი იყო 14.5%-იანი წილით, მესამეზე კი სომხეთი – 11%-ით. ვიზიტების რაოდენობის მიხედვითაც ლიდერობდნენ რუსეთის, თურქეთისა და სომხეთის მოქალაქეები, რომლებმაც შესაბამისად 695.8 ათასი, 398.1 ათასი და 316.2 ათასი ვიზიტი განახორციელეს.

ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი კი, 58.8%, დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. ყველაზე მეტი ვიზიტი თბილისსა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში დაფიქსირდა – შესაბამისად, 1.35 მილიონი და 1.29 მილიონი.

F
წყარო Forbes Georgia · forbes.ge ავტორი: იზა გვარამაძე · გამოქვეყნდა 30.10.2026, 17:19. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ