პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

გაზიც ძვირდება? – რამდენს მოვიხმართ, ვისგან ვყიდულობთ და რა დაგვიჯდება ახალი ტარიფი

2027 წლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბუნებრივი გაზი სავარაუდოდ გაძვირდება. სემეკი ახალ ტარიფებზე მსჯელობას დეკემბერში აპირებს. პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონის ძალით, მარეგულირებელს საფეხურებრივი ტარიფის დაწესების უფლება ენიჭება, შინაარსობრივად ისეთის როგორიც ელექტროენერგიაზეა. ამ ფორმულით…

გაზიც ძვირდება? – რამდენს მოვიხმართ, ვისგან ვყიდულობთ და რა დაგვიჯდება ახალი ტარიფი
ფოტო: ნეტგაზეთი

2027 წლიდან მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის ბუნებრივი გაზი სავარაუდოდ გაძვირდება. სემეკი ახალ ტარიფებზე მსჯელობას დეკემბერში აპირებს. პარლამენტის მიერ შეცვლილი კანონის ძალით, მარეგულირებელს საფეხურებრივი ტარიფის დაწესების უფლება ენიჭება, შინაარსობრივად ისეთის როგორიც ელექტროენერგიაზეა.

ამ ფორმულით, მეტი მოხმარება თითოეული კუბური მეტრის ფასს გააძვირებს.

“ნეტგაზეთმა” გააანალიზა როგორ გაიზარდა ბოლო წლებში გაზის მოხმარება სექტორების მხრივ, როგორ შეიცვალა იმპორტის სტრუქტურა, რატომ გაიზარდა რუსეთის წილი და რა გავლენას მოახდენს სხვა პროდუქციის ფასებზე გაზის გაძვირება.

გაზის მოხმარება სექტორების მიხედვით

ენერგიის მოხმარება გლობალურად წლიდან წლამდე იზრდება, გამონაკლისი არც საქართველოა, უფრო მეტიც, განვითარებად ქვეყნებში ზრდის ტემპი უმეტეს შემთხვევაში მსოფლიო საშუალოზე მაღალია.

საქართველოში მოხმარების ზრდის ტემპი არათანაბარია, რისი ერთ-ერთი მიზეზიც თბოსადგურებია. მაშინ როცა კლიმატური პირობების გამო, მდინარეების ჩამონადენი ბევრია და ჰიდროსადგურები მეტ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, თბოსადგურებზე დატვირთვა მცირდება, საპირისპირო შემთხვევაში კი მეტი დატვირთვით უწევთ მუშაობა.

ავტომობილებში თხევადი გაზის პოპულარობის ზრდამ ავტოგასამართი სადგურების მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების კლება გამოიწვია. ის ერთადერთი მსხვილი სექტორია რომლის წილიც სტაბილურად მცირდება.

მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის მოცულობა კი ცალკეული გამონაკლისების გარდა, მუდმივად იზრდება. ბოლო წლებში გაზიფიცირებული სოფლების რაოდენობა გაიზარდა, ამასთან უფრო მეტმა ოჯახმა გათბობისთვის შეშა გაზით ჩაანაცვლა. მოსალოდნელია, რომ ეს პროცესი შემდეგშიც გაგრძელდეს. 2024-2025 წლებში მოხმარებული გაზის ნახევარზე მეტი მოსახლეობაზე მოდიოდა.

ბუნებრივი გაზის მოხმარება (მლნ მ3)                                                                                                                                        წყარო: სემეკი

10 წელიწადში მთლიანი მოხმარება 40%-ით გაიზარდა, მათ შორის საყოფაცხოვრებო მოხმარება თითქმის გაორმაგდა (გაიზარდა 97%-ით), თბოსადგურების მოხმარება 12%-ით გაიზარდა (თუმცა პიკურ 2023 წელთან შედარებით 20%-იანი კლება ფიქსირდება) სხვა არასაყოფაცხოვრებო მოხმარება 29%-ითაა გაზრდილი, ავტოსადგურების მიერ შესყიდული გაზის მოცულობა კი განახევრდა.

ბუნებრივი გაზის იმპორტი ქვეყნების მიხედვით

საქართველო ბუნებრივ გაზზე მთლიანად იმპორტზეა დამოკიდებული. ადგილობრივი მოპოვების წილი მოხმარებაში 0.5%-ის ფარგლებშია და ბალანსზე ან ტარიფზე რაიმე გავლენის მოხდენა თეორიულადაც არ შეუძლია.

გაზის მთავარი მომწოდებელი აზერბაიჯანია, თუმცა ბოლო წლებში რუსეთის წილის მკვეთრი ზრდაც შეინიშნება.

ბუნებრივი გაზის იმპორტი (მლნ მ3) წყარო: სემეკი

2017 წლამდე საქართველო რუსეთისგან ტრანზიტის საფასურად, ნატურის სახით გატარებული გაზის 10%-ს იღებდა, რაც იმ დროისთვის წლიურად 140-210 მლნ კუბური მეტრი გამოდიოდა. 2017 წლიდან ხელშეკრულებაში ცვლილება შევიდა და ანაზღაურება მონეტიზირებული გახდა. ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია. ოპოზიციის მტკიცებით ცვლილებით საქართველოს მდგომარეობა უარესდებოდა, რასაც იმდროინდელი ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კატეგორიულად უარყოფდა. მონეტიზაციის ფორმაზე გადასვლისას საწყის ეტაპზე 2018 წელს რუსეთის წილი 2%-ს ჩამოსცდა, 2019 წლიდან კი სტაბილური ზრდა დაიწყო როგორც მოცულობითად, ასევე წილობრივად.

2007 წლამდე საქართველო გაზზე მთლიანად რუსეთზე იყო დამოკიდებული. 2006 წლის იანვარში, ორ ქვეყანას შორის მზარდი პოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, ჩრდილოეთ კავკასიაში მოწყობილი სავარაუდო დივერსიის შედეგად, ქვეყანა მთელი კვირა გაზის გარეშე დარჩა. ამასთან თუ 2005 წელს საქართველო 1000 მ3 გაზში $60-ს იხდიდა, 2006 წელს ფასი $110-მდე, ხოლო 2007 წელს $235-მდე გაიზარდა.

დღეს რუსეთის წილი გაზმომარაგებაში მართალია მესამედზე ნაკლებია, მაგრამ 28% უმნიშვნელოდ ვეღარ ჩაითვლება. 2025 წელს რუსეთისგან მოწოდებული გაზი ყველა თბოსადგურისა და ყველა გაზგასამართი სადგურისთვის იქნებოდა საკმარისი, რაიმე მიზეზით მისი უეცარი შეწყვეტა კოლაფსს ვერა, მაგრამ სერიოზულ პრობლემებს გამოიწვევს.

შაჰ-დენიზის გაზსადენიდან მიღებული გაზი

2006 წელს შაჰ-დენიზის, იგივე სამხრეთ კავკასიის ან ბაქო-თბილისი-ერზრუმის მილსადენის მშენებლობა დასრულდა. საწყის ეტაპზე მისი გამტარუნარიანობა წლიურად 9 მლრდ მ3-ს შეადგენდა, რომელიც მოგვიანებით 23 მლრდ მ3-მდე გაიზარდა. მილსადენი პრაქტიკულად სრული დატვირთვით მუშაობს. 2025 წელს მან 22.9 მლრდ მ3 ბუნებრივი გაზი გაატარა.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის მიერ მომზადებული დოკუმენტის (საქართველოს ბუნებრივი გაზის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ათწლიანი გეგმა 2019-2028) მიხედვით, შაჰ-დენიზის მილსადენიდან ტრანზიტის სანაცვლოდ საქართველოს 5%-ის შესყიდვის უფლება გააჩნია (ოფციური გაზი) დამატებით კიდევ 500 მლნ კუბური მეტრის შესყიდვის უფლება კი წელს იწურება..

ივნისში ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან მოლაპარაკებების შედეგად 20 წლიანი ხელშეკრულება კიდევ 20 წლით გახანგრძლივდა, მოცულობა ისევ 500 მლნ მ3 იქნება და ფასი ისევ სოციალური. ირაკლი კობახიძემ დაახლოებით იგივე ოქტომბერშიც გაიმეორა და დაბალ ფასსაც გაუსვა ხაზი. რამდენია „სოციალური ფასი“ და „დაბალი ფასი“ უცნობია. მოცულობა ცნობილია იგივეა, მაგრამ „ისევ სოციალური“ იმავე ფასს ნიშნავს თუ უფრო მაღალს, მაგრამ საბაზროზე დაბალს, მოგვიანებით გამოჩნდება.

დამატებითი და ოფციური გაზის სახით 2025 წელს საქართველომ აზერბაიჯანისგან 1.6 მლრდ მ3 ბუნებრივი გაზი მიიღო, ანუ დაახლოებით იმდენი, რაც საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვისაა საჭირო.

დამატებითი და ოფციური გაზი მლნ მ3

წყარო: სემეკი

ევროპის ქვეყნებთან გაფორმებული კონტრაქტების გამო, შაჰ-დენიზის მილსადენით გამავალ გაზს აზერბაიჯანი თითქმის მთლიანად თურქეთსა და ევროპას აწვდის, საქართველო კი ტრანზიტის სანაცვლოდ მისაღებ გაზს ძირითადად, ძველი საბჭოთა დროინდელი მილსადენით იღებს. ის ფაქტი, რომ აზერბაიჯანულ გაზზე ევროპიდან მოთხოვნა გაზრდილია, რუსეთის მიერ ხელახალი დივერსიის შემთხვევაში, რუსული გაზის აზერბაიჯანულით სწრაფი ჩანაცვლების შესაძლებლობებს ამცირებს.

რა ფასად ყიდულობს გაზს საქართველო?

მნიშვნელოვანი კითხვა – რა ფასად ყიდულობს საქართველო გაზს? კონტრაქტები გასაიდუმლოებულია, თუმცა შესყიდული მოცულობებიდან და გადახდილი თანხიდან გარკვეული დასკვნების გამოტანა მაინც შეიძლება.

2025 წელს საქართველომ 2.274 მლრდ მ3 გაზი აზერბაიჯანისგან $237 მლნ-დ შეიძინა, ეს ნიშნავს რომ 1000 მ3-ში $104 გადაიხადა, რუსეთისგან 886 მლნ მ3-ში კი $165 მლნ ანუ 1000 მ3-ში $186. აზერბაიჯანის შემთხვევაში მნიშვნელოვანია გაიმიჯნოს ტრანზიტის სანაცვლოდ მიღებული იაფი გაზი და კომერციული გაზი. ზუსტი ტარიფები უცნობია. წლების წინ, ოფციური და დამატებითი გაზის საფასურად $55 და  $64 სახელდებოდა, რომელიც შესაძლოა დაკორექტირდა. მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანული გაზის გასაშუალოებული ფასი რუსულისაზე ბევრად ნაკლებია, კომერციული აზერბაიჯანული გაზი სავარაუდოდ რუსულისაზე ძვირია, რაც რუსეთის წილის ზრდის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობა გახდა.

ტარიფები

თბილისში, სადაც „თბილისი ენერჯი“ ოპერირებს მოსახლეობისთვის ტარიფი 1 მ3-ზე 54 თეთრია. რეგიონებში „სოკარის“ აბონენტებისთვის გაზის ღირებულება 57 თეთრია.

ჯერ-ჯერობით უცნობია რა შეიძლება ჩაითვალოს მცირედ და რა ჭარბ მოხმარებად. იმის მიხედვით რამდენი სულია ოჯახში, რა არის სახლის ფართი, რა მასალითაა სახლი აშენებული და სად მდებარეობს, ქსელზე მხოლოდ გაზქურაა დაერთებული, ცხელი წყალიც, ერთი გამათბობელი თუ ცენტრალური გათბობა, თვეში მოხმარებული გაზის ოდენობა შეიძლება 20-30 კუბური მეტრი იყოს ან 400-500 კუბური მეტრი.

მაგალითად, ელექტროენერგიის შემთხვევაში, გამათბობლის მხოლოდ ერთ ოთახში ჩართვამაც კი შესაძლოა მომხმარებელი მესამე, ანუ ყველაზე ძვირიან ტარიფზე გადაიყვანოს. იმავე ლოგიკით სოფელში ორსართულიან სახლში, სადაც მხოლოდ ერთ ოთახშია გაზის გამათბობელი ჩართული, შეიძლება ის ჭარბ მოხმარებად ჩაითვალოს და ოჯახი შეძლებულად? ამ კითხვაზე პასუხი სემეკს ჯერჯერობით არ გაუცია.

აპრილში ელექტროენერგია უკვე გაძვირდა. გაზს გასათბობად მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი იყენებს ვიდრე დენს. შესაბამისად, თუ ელექტროენერგიის გადასახადი პირობითად 25-დან 30 ლარამდე გაიზარდა, ანუ 5 ლარით, გაზის იმავე პროცენტული სიდიდით გაძვირების შემთხვევაში ხარჯი შეიძლება 120-დან 150 ლარამდე გაიზარდოს, ანუ 30 ლარით.

გავლენა ინფლაციაზე

ხშირად არასაყოფაცხოვრებო ტარიფები ყურადღების მიღმა რჩება. არადა ამ ფასს ირიბად, მაგრამ მაინც მოსახლეობა იხდის. პროდუქციის დამზადების თვითღირებულების ზრდის დროს სარეალიზაციო ფასიც იზრდება ხოლმე. შეიძლება ფასის ზრდა დროში გადავადდეს და თვითღირებულების 15 თეთრით გაზრდისას სარეალიზაციო ფასი 10 თეთრით გაიზარდოს, მაგრამ ფასების ზრდის ალბათობა მაინც ძალიან მაღალია. ამას გარდა გაზრდილი ხარჯები ბიზნესს გაფართოების შანსებსაც უმცირებს.

1 მ3 გაზი თბილისში იურიდიული პირებისთვის ₾1.14 ღირს, რეგიონებში სოკარს ფასი მითითებული არ აქვს, თუმცა სემეკის 2025 წლის ანგარიშში საშუალო ფასად დასახელებულია ₾1.08 დღგ-ს გარეშე, რაც დღგ-ს ჩათვლით ₾1.27 გამოდის. იდეაში იურიდიული პირებისთვის გაზის ტარიფი დერეგულირებულია, თუმცა ინდივიდუალურ მოლაპარაკებას და ფასის დაწევას, როგორც წესი, ძირითადად მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები ახერხებენ.

უკვე გაძვირებულ ელექტროენერგიასა და უკვე გაძვირებულ საწვავს (ბენზინსა და დიზელს) თუ ბუნებრივი გაზიც დაემატა ეს ინფლაციურ რისკებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

Ნ
წყარო ნეტგაზეთი · netgazeti.ge ავტორი: გიორგი ელიზბარაშვილი · გამოქვეყნდა 30.10.2026, 16:52. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ