ყველაზე მოგებიანი ტურისტული სააგენტოები
წარმოგიდგენთ ყველაზე მოგებიანი ტურისტული კომპანიების ათეულს საქართველო მცირე და ღია ეკონომიკის ტურისტული ქვეყანაა, სადაც მომსახურების სექტორები დომინანტურია, აქტიური ტურისტული პერიოდი კი ზაფხულის სეზონს ემთხვევა. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურისტული ნაკადების ორგანიზებასა და მომსახურების…
საქართველო მცირე და ღია ეკონომიკის ტურისტული ქვეყანაა, სადაც მომსახურების სექტორები დომინანტურია, აქტიური ტურისტული პერიოდი კი ზაფხულის სეზონს ემთხვევა. როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი ტურისტული ნაკადების ორგანიზებასა და მომსახურების მიწოდებაში აქტიური როლი ტურისტულ სააგენტოებს აკისრიათ, რომელთა საოპერაციო მაჩვენებლები ბოლო წლებში მზარდია.
- დისქავერი
მარჟა: 65.5%
მოგება: ₾ 3.34 მლნ
შემოსავალი: ₾ 5.09 მლნ
აქტივები: ₾ 0.59 მლნ
შპს „დისქავერი“ 2001 წლის ბოლოს დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც ამ პერიოდიდან ოპერირებს ტურისტულ ბაზარზე. კომპანია 60-მდე ადამიანს ასაქმებს და საქართველოს ყველა საერთაშორისო აეროპორტშია წარმოდგენილი. „დისქავერის“ ირინა სერგეევა ხელმძღვანელობს, ხოლო 50%-50%-იანი მესაკუთრეები თეიმურაზ ბუზალაძე და ეკატერინე ჯამბაზიშვილი არიან.
- ჰორიზონტ-ეირი
მარჟა: 50.9%
მოგება: ₾ 0.29 მლნ
შემოსავალი: ₾ 0.57 მლნ
აქტივები: ₾ 1.38 მლნ
შპს „ჰორიზონტ-ეირის“ დირექტორი და 38%-იანი წილის მესაკუთრე თეიმურაზ ერგეშიძეა. კომპანიის 37% და 25% ქეთევან სადრაძეს და ნინო კალანდაძეს ეკუთვნით. კომპანია თითქმის 30 წელია, ქართულ ბაზარზე ოპერირებს. მისი ძირითადი ორიენტირი რუსულენოვანი ტურისტები არიან, რომელთაც „ჰორიზონტ-ეირი“ ყველა სეზონზე მრავალფეროვან ტურებს სთავაზობს.
- ვიზიტ ჯორჯია
მარჟა: 21.2%
მოგება: ₾ 5.02 მლნ
შემოსავალი: ₾ 23.70 მლნ
აქტივები: ₾ 18.24 მლნ
ალექსანდრე მამულაშვილის მიერ 1997 წელს დაფუძნებული „ვიზიტ ჯორჯია“ ყველაზე მსხვილი ტურისტული სააგენტოა, რომელიც ქართულ ბაზარზე ოპერირებს. სააგენტო ტურისტებს – ინგლისიდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, გერმანიიდან, ესპანეთიდან, რუსეთიდან, იაპონიიდან, ჩინეთიდან და სხვა ქვეყნებიდან – ათამდე სხვადასხვა სახის ტურს სთავაზობს.
- ჯუნი ტურსი
მარჟა: 13.8%
მოგება: ₾ 2.17 მლნ
შემოსავალი: ₾ 15.81 მლნ
აქტივები: ₾ 5.08 მლნ
შპს „ჯუნი ტურსის“ ძირითადი საქმიანობა მგზავრთა გადაყვანა, განთავსება და ტურებით უზრუნველყოფაა. კომპანია 2018 წელს ქალაქ ბათუმშია დაფუძნებული, რომელიც ისრაელელი ტურისტების მომსახურებაზეა ფოკუსირებული. კომპანიის 28%-28%-იან წილს იოსი იოსეფი და იაშუვო მანაშეროვი ფლობენ, ხოლო დანარჩენს სნირ იოსიფი (27%) და ლაშა სეფერთელაძე (17%) ინაწილებენ.
- რუსტარ ონლაინი
მარჟა: 10.6%
მოგება: ₾ 2.16 მლნ
შემოსავალი: ₾ 20.39 მლნ
აქტივები: ₾ 6.94 მლნ
შპს „რუსტარ ონლაინი“ 2016 წელს რეგისტრირებული ტურისტული კომპანიაა, რომელსაც დავით გაბადაძე ხელმძღვანელობს. „რუსტარ ონლაინის“ უმსხვილესი წილის მესაკუთრეები თათია ნონიაშვილი (30.72%) და ზურაბ ლეჟავა (30.33%) არიან. 15.36%-15.36%–ს ნუგზარ ნებიერიძე და რუსუდან მალაზონია ფლობენ. კომპანიაში მცირე წილებს დავით გაბადაძე და ამირან გურგენიძეც ფლობენ.
- ვოიაჟერი
მარჟა: 9.1%
მოგება: ₾ 1.89 მლნ
შემოსავალი: ₾ 20.78 მლნ
აქტივები: ₾ 3.14 მლნ
„ვოიაჟერი“ ტურისტულ სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა. კომპანიას სოფიკო აზარაშვილი ხელმძღვანელობს, ხოლო უმსხვილესი წილის მფლობელი ისმაილ მამედოვია (50%). აღსანიშნავია, რომ „ვოიაჟერის“ 10%-იანი წილის მესაკუთრე ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი და ამჟამად ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილია.
- აირესთ. ჯი
მარჟა: 8.3%
მოგება: ₾ 0.86 მლნ
შემოსავალი: ₾ 10.32 მლნ
აქტივები: ₾ 0.34 მლნ
შპს „აირესთ. ჯი“, რომლის დირექტორი და 100%-იანი წლის მფლობელი ბექა თუჯიშვილია, 2012 წელს დაფუძნდა. „აირესთ. ჯი“ საერთაშორისო ტურისტებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების მიწოდებაზეა ორიენტირებული. კომპანიის მომსახურება ფართო დიაპაზონისაა.
- კავკაზუს ტრაველი
მარჟა: 7.9%
მოგება: ₾ 0.89 მლნ
შემოსავალი: ₾ 11.24 მლნ
აქტივები: ₾ 1.94 მლნ
სამ ათწლეულზე მეტია, „კავკაზუს ტრაველი“ ტურისტულ ბაზარზე ოპერირებს, რომელიც უცხოელ მომხმარებელს ორგანიზებული ტურების მოწყობას და მათთვის საქართველოს ტერიტორიაზე ტურისტული პაკეტების მიწოდებას სთავაზობს. შპს „კავკაზუს ტრაველს“ მაია კიკნაძე (42.75%), სოფიო მამარდაშვილი (42.75%), ნიკოლოზ ერქომაიშვილი (9.5%) და მაია კიკნაძე (5%) ფლობენ.
- ნოვატური
მარჟა: 6.3%
მოგება: ₾ 0.26 მლნ
შემოსავალი: ₾ 4.22 მლნ
აქტივები: ₾ 2.29 მლნ
„ნოვატური“ საქართველოდან ტურისტებს უცხო ქვეყნებში ტურისტული სააგენტოს მომსახურებას სთავაზობს. კომპანიის ძირითადი არეალი საქართველო, თურქეთი და ეგვიპტეა. შპს „ნოვატურის“ 50%-ს ჯემალ ხურციძე ფლობს, მეორე 50%-ს თანაბრად ნინო ავალიშვილი და გიორგი თავაძე ინაწილებენ, კომპანიის დირექტორის პოზიციას კი მამუკა ჯიქია იკავებს.
- ეს სი თრეველი
მარჟა: 2.4%
მოგება: ₾ 0.40 მლნ
შემოსავალი: ₾ 16.41 მლნ
აქტივები: ₾ 3.18 მლნ
„ეს სი თრეველი“ 2009 წელს დაფუძნებული ტურისტული სააგენტოა, რომელიც დაახლოებით ათამდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია თბილისისა და ბათუმის ოფისების საშუალებით ოპერირებს. შპს „ეს სი თრეველის“ 100%-იანი წილის მფლობელი და ერთპიროვნული ხელმძღვანელი ნიკოლოზ მანჯგალაძეა.
მეთოდოლოგია
ტურისტული სააგენტოების რეიტინგისთვის გამოყენებულია 2024 წლის ფინანსური მაჩვენებლები, რომელთა წყარო ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის ანგარიშების პორტალში წარმოდგენილი ფინანსური და მმართველობითი ანგარიშგებებია. კომპანიები შერჩეულია საჯარო წყაროებიდან. მოგების მარჟა ნაჩვენებია დამეგვრამდე მოგების შემოსავლებთან ფარდობით.



