„ჩვენ მოგვკლეს“ — რუსული „Новая газета“ 9 ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „Новая газета“ 9 ნოემბრიდან მუშაობას შეწყვეტს. ამის შესახებ რედაქციამ 30 ოქტომბერს გამოაქვეყნა განცხადება სათაურით – „ჩვენ მოგვკლეს“.
რედაქციის განცხადებით, 9 ნოემბერს ისინი დატოვებენ მოსკოვში მდებარე შენობას, სადაც გაზეთი 30 წლის განმავლობაში მუშაობდა, გათიშავენ სერვერებს და შეწყვეტენ საქმიანობას.
„გაზეთი აღარ არის. რუსეთის ხელისუფლებამ და რუსეთის სპეცსამსახურებმა რედაქცია აიძულეს, მუშაობა შეეწყვიტა“, – წერს გამოცემა.
რედაქციის განმარტებით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა მოსკოვის ცენტრში, პოტაპოვსკის შესახვევში მდებარე ოფისიდან გამოსახლების შესახებ მიღებული შეტყობინება. ამასთან, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ, მათ ერთდროულად გაუთიშეს მკითხველების შემოწირულობების მიღების სისტემაც, რაც გამოცემას ფინანსური მხარდაჭერის საშუალებას აძლევდა.
„ეს კოორდინირებული მოქმედებაა. ვერავინ დაგვარწმუნებს ბანკების გამართლებაში, თითქოს ისინი ამას საკუთარი შიდა კორპორაციული წესებიდან გამომდინარე აკეთებენ. ეს გარე წესებია, რომლებიც სახელმწიფოს რეპრესიულმა აპარატმა დააწესა“, — ნათქვამია განცხადებაში.
„Новая газета“ წერს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ხელისუფლებამ დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლა გააძლიერა. გამოცემის ვებგვერდები დაიბლოკა, გაზეთს ჩამოართვეს მედიასაშუალების რეგისტრაცია და ბეჭდური ვერსიის გამოცემის შესაძლებლობა. რედაქციის არაერთი თანამშრომელი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა.
განცხადებაში ასევე საუბარია ჟურნალისტების დევნაზე. რედაქცია იხსენებს, რომ გამოცემის მთავარი რედაქტორი და მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი დმიტრი მურატოვი „უცხოეთის აგენტად“ გამოაცხადეს, მოგვიანებით კი იგივე სტატუსი თავად გამოცემასაც მიანიჭეს.
ჟურნალისტები ასევე იხსენებენ ჩეჩნეთში გამოცემის მიმომხილველ ელენა მილაშინას გატაცებასა და სასტიკ ცემას, ასევე რედაქციის ხელმძღვანელის ოლეგ როლდუგინის წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს.
მიმდინარე წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ „უცხოეთის აგენტების“ რეესტრში მთელი რედაქცია შეიყვანა. სიაში 100-ზე მეტი ჟურნალისტი და ავტორი მოხვდა.
რედაქცია განცხადებაში იხსენებს მოკლულ კოლეგებსაც: იგორ დომნიკოვს, იური შჩეკოჩიხინს, ანა პოლიტკოვსკაიას, სტას მარკელოვს, ანასტასია ბაბუროვასა და ნატალია ესტემიროვას. მათი თქმით, ჟურნალისტები პოლიტიკური მოტივით, პროფესიული და სამოქალაქო მოვალეობის შესრულების გამო მოკლეს.
„შეწყვიტეთ იმის თქმა, რომ ახლა სტალინური 1937 წელი არ არის და რეპრესიებს თითქოს მხოლოდ ციფრული ხასიათი აქვს. ეს სახელმწიფო რეპრესიებია. ციხის საკნებში ადამიანები კვდებიან და არა ციფრები“, – წერს რედაქცია.
გამოცემა რუსეთის ხელისუფლებას კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყანაში ფაქტობრივად განადგურებულია დამოუკიდებელი სასამართლო, არჩევნები და საზოგადოებრივი ინსტიტუტები.
„ეს მხოლოდ ჩვენი პირადი ისტორია არ არის. ეს არის ქვეყნისა და საზოგადოების ისტორია, რომლებსაც ზუსტად ასევე ანადგურებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.
„Новая газета“ 1993 წელს დაარსდა და რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ დამოუკიდებელ გამოცემად მიიჩნეოდა. 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, გაზეთმა ბეჭდური ვერსიის გამოცემა შეაჩერა. იმავე წლის სექტემბერში სასამართლომ გამოცემას მედიასაშუალების რეგისტრაცია გაუუქმა.
2024 წლიდან რედაქცია „Новая газета. Журнал“-ს გამოსცემდა, რომლის ტირაჟიც 999 ეგზემპლარი იყო. ეს იმ მაქსიმალურ ტირაჟს შეესაბამება, რომლის გავრცელებაც რუსეთში მედიასაშუალების რეგისტრაციის გარეშეა შესაძლებელი.
რედაქციის განცხადებით, მუშაობის შეწყვეტამდე გაზეთის ბოლო ნომერი მაინც გამოვა.
SAY.GE · მოგვკლეს (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

