პარასკევი, 30 ოქტომბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163 ათასით შემცირდა — რა კითხვები აქვს სოციალურ სამართლიანობის ცენტრს

პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის

9 თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 163 ათასით შემცირდა — რა კითხვები აქვს სოციალურ სამართლიანობის ცენტრს
ფოტო: პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ განცხადებით, 2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მკვეთრი შემცირება არაერთ კითხვას აჩენს და არსებობს რისკი, რომ სოციალურად დაუცველი ოჯახების ნაწილი საჭირო მხარდაჭერის გარეშე დარჩეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2026 წლის სექტემბრის მდგომარეობით, საარსებო შემწეობას 547 115 ადამიანი იღებდა. იანვარში ეს მაჩვენებელი 710 226 იყო. შესაბამისად, ცხრა თვეში დახმარების მიმღებთა რაოდენობა 163 111 ადამიანით, ანუ დაახლოებით 23%-ით შემცირდა.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ მიიჩნევს, რომ დახმარების მიმღებთა რაოდენობის კლება თავისთავად სიღარიბის შემცირებას ან სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესებას არ ნიშნავს.

ორგანიზაციის შეფასებით, სახელმწიფომ უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია არა მხოლოდ იმის შესახებ, რამდენი ადამიანი გამოირიცხა დახმარების სისტემიდან, არამედ იმის შესახებაც, როგორ შეიცვალა ამ ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და შეძლეს თუ არა მათ საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება.

„გადამწყვეტია არა ის, რამდენი ადამიანი ტოვებს დახმარების სისტემას, არამედ ის, რამდენად გაუმჯობესდა მათი მატერიალური მდგომარეობა, შეინარჩუნეს თუ არა წვდომა საბაზისო საჭიროებებზე და არსებობს თუ არა მათი ხელახალი გაღარიბების რისკი“, — წერს ორგანიზაცია.

რომელ რეგიონებსა და მუნიციპალიტეტებში შემცირდა დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყველაზე მეტად

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 2026 წლის იანვრიდან სექტემბრამდე ყველა რეგიონში შემცირდა.

  • ყველაზე მაღალი კლება რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში დაფიქსირდა — 35.6%.
  • შემდეგ მოდის გურია — 30.4%,
  • კახეთი — 28.6%,
  • სამცხე-ჯავახეთი — 28.3%,
  • მცხეთა-მთიანეთი — 27.3%,
  • იმერეთი — 27.1%,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 27%,
  • შიდა ქართლი — 26%,
  • აჭარა — 21.1%,
  • თბილისი — 17.5%,
  • ქვემო ქართლი კი — 15.9%.

მუნიციპალიტეტების მიხედვით, პროცენტულად ყველაზე მკვეთრი შემცირება ასპინძაშია — 44.7%. მას მოსდევს ცაგერი — 40.5%, ყვარელი — 38.5%, ონი და ბაღდათი — 37.9%, ჩოხატაური — 37.6%, ყაზბეგი — 36.7%, გურჯაანი და ვანი — 35.3%.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი ადამიანი დახმარების მიმღებთა სიიდან ზუგდიდში ამოირიცხა — 7 737 ადამიანი. გორში ეს მაჩვენებელი 6 485-ს, ბოლნისში 4 446-ს, რუსთავში 4 267-ს, ბათუმში კი 4 174-ს შეადგენს.

რას უკავშირდება დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირება

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ცხრა თვეში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ასეთი მასშტაბით შემცირება, ძირითადად, ორ პროცესს უკავშირდება: საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმებასა და სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივ გადამოწმებას.

ორგანიზაციის ანალიზით, დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირების 64% სწორედ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის გაუქმებას უკავშირდება.

ქვეპროგრამა სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის იყო განკუთვნილი, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 000-ს არ აღემატებოდა. პროგრამაში ჩართულ პირებს ყოველთვიურად მაქსიმუმ 300 ლარის ფულადი დახმარების მიღება შეეძლოთ.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის ინფორმაციით, 2022-2024 წლებში ამ მექანიზმით დაახლოებით 40 000-მა სოციალურად დაუცველმა ისარგებლა. პროგრამა 2026 წლიდან გაუქმდა.

ქვეპროგრამის მონაწილე ოჯახებს ოთხი წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებოდათ. თუმცა ამ შეღავათის მოქმედების პერიოდშიც მათი რაოდენობა თანდათან მცირდება.

კერძოდ, 2026 წლის იანვარში გარანტირებული სოციალურად დაუცველის სტატუსი 245 995 ადამიანს ჰქონდა, სექტემბერში კი ეს რიცხვი 141 653-მდე შემცირდა.

ორგანიზაციის განცხადებით, სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოქვეყნებული სტატისტიკიდან არ ჩანს, საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ოჯახების რა ნაწილი გამოირიცხა საარსებო შემწეობის სისტემიდან სრულად და რამდენს გაუგრძელდა დახმარების მიღება ჩვეულებრივი წესით.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიიჩნევს, რომ პროგრამის გაუქმების შედეგად ათასობით ადამიანი გარანტირებული სოციალური დახმარებისა და დამატებითი ყოველთვიური შემოსავლის გარეშე დარჩა. ამასთან, მთავრობისგან ამ დრომდე არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, რა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა აქვთ ყოფილ მონაწილეებს და იგეგმება თუ არა მათთვის ალტერნატიული მხარდაჭერის შეთავაზება.

ორგანიზაცია ასევე მიუთითებს, რომ 2026 წლის ბიუჯეტის მიღებისას ხელისუფლებამ დააანონსა სოციალურად დაუცველთა ღია შრომის ბაზარზე დასაქმების ხელშემწყობი ღონისძიებები, თუმცა უცნობია, როდის დაიწყება მათი განხორციელება.

ოჯახების მასობრივი გადამოწმება და მეთოდოლოგიის პრობლემები

საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების მეორე მნიშვნელოვან მიზეზად სოციალური სამართლიანობის ცენტრი სოციალურად დაუცველი ოჯახების მასობრივ გადამოწმებას ასახელებს.

მიმდინარე წლის თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ სოციალურად დაუცველი ოჯახების გადამოწმების დაწყება დააანონსა.

მაშინ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველთა ბაზაში ისეთი მოქალაქეებიც იყვნენ რეგისტრირებული, რომლებსაც სახელმწიფოსგან დახმარება აღარ სჭირდებოდათ. მისი განმარტებით, პანდემიის შემდგომ პერიოდში გადამოწმების პროცესი პრაქტიკულად შეჩერებული იყო, რის გამოც მისი განახლება აუცილებელი გახდა.

თუმცა სოციალური სამართლიანობის ცენტრი კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, რატომ არ ჩატარდა ოჯახების გადამოწმება პანდემიის დასრულებიდან ერთი ან ორი წლის შემდეგ და ხომ არ უკავშირდებოდა ამ პროცესის გადადება საარჩევნო ციკლს.

ორგანიზაცია პრობლემურად მიიჩნევს თავად ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მოქმედ მეთოდოლოგიასაც. მისი შეფასებით, არსებული სისტემა სიღარიბეში მცხოვრები ყველა ოჯახის იდენტიფიცირებას ვერ ახერხებს და საჭიროების მქონე შინამეურნეობების ნაწილს სოციალური მხარდაჭერის მიღმა ტოვებს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი მიუთითებს, რომ შეფასების მეთოდოლოგია ისეთ ცვლადებსაც ითვალისწინებს, როგორიცაა პარკეტის არსებობა ან კომუნალური გადასახადები, რომლებიც შესაძლოა ოჯახის რეალურ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ზუსტად ვერ ასახავდეს.

ორგანიზაციის ცნობით, რამდენიმე წლის წინ ჩატარებული კვლევების მიხედვით, სისტემის მიერ ყველაზე ღარიბი მოსახლეობის 20%-ის დახმარების სისტემიდან გამორიცხვის შეცდომის მაჩვენებელი 58%-მდე იყო. გაეროს ბავშვთა ფონდის 2023 წლის ანგარიშის თანახმად კი, მატერიალური და სოციალური დანაკლისის მქონე ბავშვების 47% სოციალური შემწეობის სისტემის მიღმა რჩებოდა.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასევე პრობლემურად მიიჩნევს იმას, რომ ქულის გამოთვლის კომპიუტერიზებული სისტემა ოჯახებს შეფასების შედეგის გასაჩივრების შეზღუდულ შესაძლებლობას უტოვებს, ხელახალი შეფასება კი მხოლოდ ერთი წლის შემდეგ არის შესაძლებელი.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს ოჯახებს დამატებითი სოციალური რისკების წინაშე აყენებს, რადგან მათი მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაშიც კი დახმარების ხელახლა მიღება შესაძლოა ხანგრძლივ პროცედურებთან იყოს დაკავშირებული.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ბიუჯეტის შემცირების შესაძლო ინტერესზეც საუბრობს

ორგანიზაცია დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირების შესაძლო მიზეზად საბიუჯეტო ხარჯების ოპტიმიზაციასა და ე.წ. „ქამრების შემოჭერის“ პოლიტიკასაც განიხილავს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ ვარაუდს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას უკავშირებს. კობახიძის თქმით, სახელმწიფო ბიუჯეტში სოციალური ხარჯების წილი 33%-ს აღემატება და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების რეკომენდაციებით განსაზღვრულ ზღვართან არის. მისი განმარტებით, სოციალური ხარჯების კიდევ უფრო გაზრდამ შესაძლოა ინფლაცია გამოიწვიოს და ეკონომიკური ზრდა შეანელოს.

ორგანიზაციის შეფასებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება სახელმწიფოს სოციალური დანახარჯების შემცირებასაც გამოიწვევდა.

კიდევ ერთ შესაძლო მიზეზად სოციალური სამართლიანობის ცენტრი სიღარიბისა და საარსებო შემწეობის სტატისტიკურ მაჩვენებლებს შორის თანხვედრის უზრუნველყოფას ასახელებს.

ორგანიზაციის შეფასებით, მაშინ, როდესაც ხელისუფლება ეკონომიკურ ზრდასა და სიღარიბის შემცირებაზე საუბრობს, საარსებო შემწეობის მიმღებთა დიდი რაოდენობა ქვეყნის მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას წარმოაჩენს და მთავრობის სოციალური პოლიტიკის კრიტიკის საფუძველია.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ამ გარემოებებს შესაძლო ახსნად განიხილავს და მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ უნდა განმარტოს, რა კრიტერიუმებით გადაწყდა გადამოწმების დაწყება სწორედ 2026 წელს და რა გარემოებებმა განაპირობა მისი მასშტაბი.

ორგანიზაცია სოციალური უფლებების შესაძლო დარღვევაზე მიუთითებს

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირების შედეგების შეფასებისას ორი განსხვავებული გარემოება უნდა გაიმიჯნოს.

ერთი მხრივ, თუ სოციალურად დაუცველ ოჯახებს დახმარება მათი რეალური საჭიროების მიუხედავად შეუწყდათ, მათ შორის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზების გამო, ეს სახელმწიფოს სოციალური უფლებების დაცვის ვალდებულებასთან წინააღმდეგობაში მოდის.

მეორე მხრივ, თუ დახმარების მიმღებთა სიიდან მხოლოდ ის ოჯახები ამოირიცხნენ, რომლებსაც რეალურად ჰქონდათ საკმარისი შემოსავალი და დახმარება აღარ სჭირდებოდათ, ჩნდება კითხვა, რატომ იღებდნენ ისინი მანამდე სახელმწიფო დახმარებას და რამდენად მიზნობრივად იხარჯებოდა საბიუჯეტო თანხები.

ორგანიზაციის შეფასებით, ორივე შემთხვევაში სახელმწიფომ საზოგადოებას დეტალური განმარტებები უნდა წარუდგინოს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხაზს უსვამს, რომ საარსებო შემწეობა საქართველოში სოციალური დაცვის ერთ-ერთი უმსხვილესი ფულადი მხარდაჭერის მექანიზმია. მიუხედავად იმისა, რომ პროგრამა ოჯახებს სიღარიბის დაძლევაში არსებითად ვერ ეხმარება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ათიათასობით ადამიანისთვის გადარჩენის მნიშვნელოვანი საშუალებაა.

ამასთან, სოციალურად დაუცველის სტატუსი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიღებას არ უკავშირდება. ის სხვა სოციალური შეღავათების წინაპირობაც შეიძლება იყოს, მათ შორის უფასო ტრანსპორტის, უფასო სასადილოსა და ერთჯერადი ფულადი დახმარებების მისაღებად.

შესაბამისად, ორგანიზაციის შეფასებით, სისტემიდან ამორიცხვამ შესაძლოა ოჯახებს არა მხოლოდ ყოველთვიური ფულადი დახმარება შეუწყვიტოს, არამედ სხვა სოციალური სერვისებით სარგებლობის შესაძლებლობაც შეუზღუდოს.

„ფორმალურად სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მცირდებოდეს, თუმცა მოსახლეობაში რეალური სოციალური ფონი უფრო მეტად მძიმდებოდეს“, – აღნიშნავს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

რას ითხოვს სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებისგან

სოციალური სამართლიანობის ცენტრი სახელმწიფოს მოუწოდებს, საზოგადოებას საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირების მიზეზებისა და შედეგების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს.

კერძოდ, ორგანიზაცია ითხოვს:

  • გასაჯაროვდეს მონაცემები იმ ოჯახების რაოდენობის, შემადგენლობისა და სოციალურ-ეკონომიკური მახასიათებლების შესახებ, რომლებსაც გადამოწმების შედეგად საარსებო შემწეობა შეუწყდათ;
  • შეფასდეს მიმდინარე ცვლილებების გავლენა სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებსა და განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფებზე, მათ შორის ბავშვიან ოჯახებზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებზე;
  • შეფასების შედეგების საფუძველზე განისაზღვროს იმ ოჯახების მხარდაჭერისა და დაცვის ღონისძიებები, რომლებიც შესაძლოა დახმარების სისტემიდან შეცდომით გამოირიცხნენ;
  • წარმოდგენილი იყოს საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების ქვეპროგრამის ყოფილი მონაწილეების სოციალური და ეკონომიკური მხარდაჭერის კონკრეტული გეგმა, რომელიც ღირსეული დასაქმების ხელშეწყობას, პროფესიულ გადამზადებასა და დასაქმების ბარიერების შემცირებას მოიცავს;
  • გადაიხედოს საარსებო შემწეობის დანიშვნის მეთოდოლოგია და სოციალური დაცვის არსებული მექანიზმები ადამიანის უფლებების სტანდარტების შესაბამისად.

ორგანიზაცია ასევე მოითხოვს, ხელისუფლებამ განმარტოს, თუ ჰქონდა ეჭვი, რომ საარსებო შემწეობას ისეთი ოჯახებიც იღებდნენ, რომლებსაც ამის საჭიროება აღარ ჰქონდათ, რატომ არ დაიწყო მათი გადამოწმება უფრო ადრე და რატომ გადაწყდა პროცესის მასშტაბურად განხორციელება სწორედ 2026 წელს.

სოციალური სამართლიანობის ცენტრის შეფასებით, ადამიანების მასობრივი ამორიცხვა მოკლე პერიოდში ბლანკეტური მიდგომის რისკს ქმნის და ზრდის შეცდომების ალბათობას. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ სოციალური პოლიტიკის წარმატება დახმარების მიმღებთა რაოდენობის შემცირებით კი არა, ადამიანების რეალური სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებით უნდა შეფასდეს.

Პ
წყარო პუბლიკა · publika.ge ავტორი: პუბლიკა · გამოქვეყნდა 30.10.2026, 12:51. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ