ავსტრიელი ევროპარლამენტარები პაატა ბურჭულაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ
პუბლიკა - ინფორმირებული არჩევანისათვის
ხუთი ავსტრიელი ევროპარლამენტარი ქართველი საოპერო მომღერლის, პაატა ბურჭულაძის, დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას მოითხოვს.
განცხადების ხელმომწერები არიან ჰელმუტ ბრანდშტეტერი, ანა შტურგხი, რაინჰოლდ ლოპატკა, ლუკას მანდლი და ანდრეას შიდერი.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ ბურჭულაძე, რომელიც მსოფლიოში ცნობილი ქართველი ბანი და გაეროს კეთილი ნების ყოფილი ელჩია, პოლიტიკურად მოტივირებული ბრალდებებით დააპატიმრეს.
„პაატა ბურჭულაძე არა მხოლოდ გამორჩეული მომღერალი, არამედ პატრიოტი და დემოკრატიისთვის მებრძოლი ადამიანია, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დასაცავად გამოვიდა. სწორედ ამიტომ ჩასვა ივანიშვილის რეჟიმმა ის ციხეში და პოლიტპატიმრად აქცია“, — ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარების შეფასებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, პუტინისა და ლუკაშენკოს მაგალითის მიბაძვით, საქართველოში მშვიდობიან დემონსტრანტებს სასტიკად უსწორდება, ჟურნალისტებს სცემს და ოპოზიციური პარტიების აკრძალვას გეგმავს.
ხელმომწერები მოითხოვენ არა მხოლოდ ბურჭულაძის, არამედ საქართველოში ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ და უპირობო გათავისუფლებას. ისინი ასევე მოუწოდებენ ხელისუფლებას, შეწყვიტოს ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და დამოუკიდებელი მედიის დევნა და საქართველო დემოკრატიულ და ევროპულ გზას დაუბრუნოს.
„ევროპარლამენტი კვლავაც მხარს დაუჭერს ქართველ ხალხს, რომელმაც დემოკრატიის დასაცავად განსაკუთრებული სიმამაცე გამოავლინა“, – აცხადებენ ევროპარლამენტარები.
SAY.GE · ავსტრიელი (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე


