პარასკევი, 6 ნოემბერი15 წყარო · ახლდება ყოველ 5 წუთში

სატყეო რეფორმა: შედეგები, გეგმები, ტყის დაცვის გაძლიერება და ეკოტურიზმის განვითარება

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა ბესიკ ამირანაშვილმა სატყეო რეფორმის მიღწევები და 2027 წლის გეგმები წარადგინა. გაძლიერებული ტყის დაცვა, გაორმაგებული ხელფასები, ეკოტურიზმი და ტყის აღდგენა.

სატყეო რეფორმა: შედეგები, გეგმები, ტყის დაცვის გაძლიერება და ეკოტურიზმის განვითარება
ფოტო: ლიბერალი

ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბესიკ ამირანაშვილმა, საკანონმდებლო ორგანოში 2026 წლის ანგარიში წარადგინა, სადაც სატყეო რეფორმის ფარგლებში განხორციელებული პროექტები და სამომავლო გეგმები განიხილა. რეფორმა, რომელიც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით 2026 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს ტყის დაცვისა და რაციონალური ტყითსარგებლობის გაუმჯობესებას, ასევე მონიტორინგისა და კონტროლის გაძლიერებას.

ამირანაშვილის განცხადებით, რეფორმის შედეგად მნიშვნელოვნად გაძლიერდა ტყის დაცვისა და მონიტორინგის სისტემები. უკანონო ჭრების პრევენციისა და ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტერიტორია 903 სამცველოდ დაიყო და ტყის მცველებს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცათ. სისტემას 499 ახალი თანამშრომელი, მათ შორის 401 ტყის მცველი შეემატა. ამ ცვლილებების ფონზე, ერთ ტყის მცველზე დასაცავი ფართობი 10-15 ათასი ჰექტრიდან საშუალოდ 2 000 ჰექტრამდე შემცირდა, ხოლო მიმდინარე წლის იანვრიდან ტყის მცველთა ხელფასი გაორმაგდა.

ტყის დაცვისა და მონიტორინგის თანამედროვე მოდელის ფარგლებში, მონიტორინგი სრულად გაციფრულდა. სახელმწიფო კონტროლის განსახორციელებლად აქტიურად გამოიყენება პლანშეტები, სამხრე კამერები, რაციები და ფოტოხაფანგები, რაც ტყის ფიზიკური დაცვისა და კონტროლის ეფექტიანობას მნიშვნელოვნად ზრდის. ტექნოლოგიური გადაიარაღება ინსტიტუციურ გაძლიერებასთან ერთად განხორციელდა: აშენდა სატყეო სამსახურის 2 ახალი ოფისი, რეაბილიტირდა 9 არსებული, ასევე მოეწყო 68 საქმიანი ეზო. შეძენილია 110 ერთეული სპეციალური ტექნიკა სატყეო სამუშაოებისთვის და 215 მაღალი გამავლობის ავტომანქანა.

სააგენტოს ხელმძღვანელმა კანონმდებლებს 2027 წლისთვის დაგეგმილი პროექტებიც გააცნო. მრავალმიზნობრივი ტყითსარგებლობის ხელშეწყობის ფარგლებში, საქართველოს 17 მუნიციპალიტეტისთვის ეკოტურიზმის განვითარების გეგმებია მომზადებული, იდენტიფიცირებულია 40 საინვესტიციო ობიექტი. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ტყის აღდგენის გრძელვადიან პერსპექტივაზე. ათწლიანი სტრატეგიით, დეგრადირებული ტყის აღდგენის ღონისძიებები ქვეყნის მასშტაბით, ჯამში 51 000 ჰა ფართობზე განხორციელდება. 2027 წელს შეიქმნება ძირითადი და დროებითი სანერგეები, რაც ამ მასშტაბური პროექტების განხორციელებას ხელს შეუწყობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს მთავარ მიზნებად რჩება ტყეების სანიტარული მდგომარეობის გაუმჯობესება, ტყის ინვენტარიზაცია და მართვის გეგმების მომზადება. 2014-2026 წლებში სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 59%-ზე ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულად განხორციელდა. 2027-2028 წლებში კი ინფორმაცია 100%-ით განახლდება, რაც ტყის რესურსების ეფექტური მართვისთვის აუცილებელ საფუძველს შექმნის.

Ლ
წყარო ლიბერალი · liberali.ge გამოქვეყნდა 06.11.2026, 12:00. მასალა გადმოტანილია წყაროსთან შეთანხმებით.
ორიგინალი სტატია

ასევე წაიკითხეთ