M&S-ის საშობაო რეკლამაში წვერგაპარსული სანტა დღესასწაულს ინკოგნიტოდ აღნიშნავს | Marketer
სანტას შობის სხვებივით აღნიშვნა სურს, თუმცა თეთრი წვერით შეუმჩნეველი სად უნდა დარჩეს? M&S-ის ახალ რეკლამაში გამოსავალს მისის კლაუსი პოულობს: მეუღლეს
სანტას შობის სხვებივით აღნიშვნა სურს, თუმცა თეთრი წვერით შეუმჩნეველი სად უნდა დარჩეს? M&S-ის ახალ რეკლამაში გამოსავალს მისის კლაუსი პოულობს: მეუღლეს წვერის გაპარსვას ურჩევს. ჯეიმს ნორტონის სანტას ამის შემდეგ ვეღარავინ ცნობს და ის თავისუფლად ერთვება იმ დღესასწაულში, რომლის სამზადისშიც აქამდე თავად იყო მთავარი მონაწილე.
სააგენტო Mother-ის შექმნილ კამპანიაში „The Home of Christmas“ მისის კლაუსს ლუსი პანჩი ასრულებს. ფილმი წყვილის იუმორისტული დიალოგით იწყება, შემდეგ კი სანტას მიჰყვება, რომელიც საშობაო სუფრის, სადღესასწაულო სვიტერებისა და მოულოდნელად გულღია უცნობების გარემოცვაში აღმოჩნდება.
წვერის გარეშე დარჩენილი სანტა ბრენდს საშუალებას აძლევს, ნაცნობი საშობაო სცენები პერსონაჟის ახალი გამოცდილების ნაწილად აქციოს. ნორტონის გმირი ყველაფერს სტუმრის თვალით უყურებს და სიამოვნებით ეცნობა იმ ტრადიციებს, რომლებშიც M&S-ის პროდუქტებსაც თავიანთი ადგილი აქვს. მათ შორისაა საშობაო ტკბილი ღვეზელები, ე.წ. mince pie: ბრენდის ინფორმაციით, სადღესასწაულო სეზონზე წამში თითქმის სამი ასეთი ღვეზელი იყიდება.
M&S-ისთვის კამპანია სტრატეგიულ ცვლილებასაც აღნიშნავს. თითქმის ათწლიანი შუალედის შემდეგ ბრენდმა ტანსაცმელი, სახლისთვის განკუთვნილი პროდუქცია, სილამაზის პროდუქტები და საკვები ერთ საშობაო კამპანიაში გააერთიანა. „The Home of Christmas“ ამ მრავალფეროვნებას საერთო ამბავში აქცევს და აჩვენებს, როგორ შეუძლია მომხმარებელს დღესასწაულისთვის სხვადასხვა საჭიროების ერთ სივრცეში დაკმაყოფილება.
რეკლამის საწყის ნაწილში იუმორს პანჩისა და ნორტონის ურთიერთობა ქმნის. სანტას დამოუკიდებელი თავგადასავლის დაწყების შემდეგ კი ფილმი უფრო ტრადიციულ საშობაო განწყობაზე გადადის, უხვი სუფრით, სადღესასწაულო სამოსითა და თბილი შეხვედრებით.
ამ განწყობას ბელინდა კარლაილის 1980-იანი წლების ჰიტის, „Heaven Is a Place on Earth“-ის ახალი ვერსიაც აძლიერებს, რომელსაც კეტრინ ჯენკინსი ასრულებს. კომპოზიცია რეკლამასთან ერთად მუსიკალურ სტრიმინგპლატფორმებზეც გამოვიდა.
SAY.GE · ინკოგნიტო (სიტყვა) — დეტალები SAY.GE-ზე

